„ღმერთს სიკვდილს ვეხვეწებოდი. ახლა აღარ მინდა სიკვდილი“ - დედის წერილი, რომელმაც შვილი 40 წლის შემდეგ იპოვა

15:29 11-15-2019
21549

ეს ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა, მისი მონაწილე რამდენიმე წლის წინ გავხდი. საბერძნეთიდან მესიჯი მივიღე: მარი, დიდი ხანია, ვიცი, რომ ნაშვილები ვარ, მაგრამ ახლა გადავწყვიტე ნამდვილი მშობლების მოძებნა. გთხოვ, დამეხმარო. სამაჩაბლოს ტერიტორიაზე დავიბადე, დაბადების მოწმობაში სახელი - ინგა მიწერია, გამზრდელმა მშობლებმა ნატო დამარქვეს და ახალ დაბადების მოწმობაში შესაბამისად, სხვა გვარით ვარ დაფიქსირებული. წლინახევრის ვყოფილვარ, რომ გამაშვილეს. ჩემი ბიოლოგიური დედა თინა ბიწოევაა.

დავიწყე ძებნა. კარგა ხნის მერე ნატოს დეიდაშვილი შემეხმიანა. ქალბატონ თინას ყველანაირი იმედი გადაწურული ჰქონდა, რომ ოდესმე შვილს მიაგნებდა, მაგრამ განგებამ მათი სამუდამოდ განშორება არ ინება და 40 წლის შემდეგ დედა-შვილმა ერთმანეთი იპოვა. თუმცა, არსებობდა ხელის შემშლელი პირობა - მანძილი, რის გამოც, 3 წლის განმავლობაში, ნატოსა და თინას ერთმანეთთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი ჰქონდათ. ნატო საბერძნეთიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, რომ დედა ენახა. როდესაც ნატო სამშობლოს დაუბრუნდა, მათი შეხვედრა შედგა... თბილისში ჩამოსულ ნატოს, სადგურზე ახალშეძენილი, ჯერ კიდევ უცნობი დეიდაშვილები დახვდნენ და სახლამდე მიაცილეს, 2 დღის შემდეგ კი ერგნეთში, დეიდის სახლში, დედასაც შეხვდა.

 

- უკვე იმდენი ხნის განმავლობაში ვკონტაქტობდი დედასთან შორი მანძილიდან, რომ ჩვენი შეხვედრა სრულიად ჩვეულებრივად მოხდა. არაფერი იმის მსგავსი არ ყოფილა, ფილმებში რომ გინახავთ: ერთი მხრიდან დედა რომ გარბის, მეორე მხრიდან - შვილი და ერთმანეთს რომ ეხუტებიან. დედა საწოლზე იჯდა. რომ დამინახა, წამოდგა. მივედი, გადავკოცნე და ეგ იყო... ერთი, რაც დამამახსოვრდა, ის იყო, რომ ერთმანეთი შორიდან, თვალით გავზომეთ და შევათვალიერეთ. ბუნებრივია, მისი სურათები ნანახი მქონდა - საბერძნეთში გამომიგზავნა, მაგრამ ასე, ცოცხლად ნახვა მაინც სულ სხვაა, - აღნიშნა ნატომ ჩემთან საუბრისას.

შეხვედრამდე ქალბატონმა თინამ ნატოს წერილი გაუგზავნა  და საკუთარი თავგადასავალი უამბო; გაშვილების მიზეზი აუხსნა და წლების განმავლობაში დაგროვილი ტკივილი გაუზიარა (სტილი დაცულია):

ჩემო საყვარელო, ყველაფერს ჩავწერ ახლა სიმართლეს და დაე, ჩემმა შვილმა განაჩენი თვითონ გამომიტანოს უბედურ დედას....

მამაშენმა მომიტაცა. ორსულად ვიყავი, როცა გამომიცხადა, - თინა, რუსეთში მივდივარ; ბინას, სამუშაოს ვიშოვი, ჩამოვალ და წაგიყვანო. ელდა მეცა.

წავიდა ნოდარი. უკანასკნელად მომეხვია, ჩამკოცნა და ტირილით გაიხურა კარი. ჩემს ძმასთან ვიყავი ხოლმე, მაგრამ ვაი იმ ყოფნას. სულ მეჩხუბებოდნენ, - შენ უნდა გარჩინოთ თუ შენი შვილიო?! ყველაფერს ვიტანდი, მაგრამ ერთ დღესაც, ვეღარ მოვითმინე და შევკადრე რაღაცები. ძმამ არ დამინდო, ფეხმძიმე ქალი მცემა. მშობლებს გავაგებინე, ჩამოვიდნენ და წამომიყვანეს. დავრჩი სოფელში.

ნოდარისგან არაფერი ისმოდა. როგორც იქნა, წერილი მივიღე, ტაშკენტში ვარ და ჩამოდიო. დედა ლამის გაგიჟდა, რუსული არ იცი, სად უნდა წახვიდე, დღე-დღეზე ხარ მოსალოგინებელიო.

1966 წლის 31 დეკემბერს, დილის 3 საათზე, ხუთდღიანი ტკივილების შემდეგ მუცლიდან ბავშვი ამომიყვანეს.

ნარკოზიდან რომ გამოვედი, პატარა მომიყვანეს და მითხრეს, - თინიკო, ნახე, რა კარგი გოგო გყავს, 5 კილო და 500 გრამიაო. მე ვუპასუხე, - მომაშორეთ თავიდან, ნახვაც არ მინდა, ეგეც ჩემნაირი უბედური იქნება-მეთქი. ახლოს არ მიგიკარე. დედა მეჩხუბებოდა, ძუძუ მოაწოვე, მოკვდებაო. მოკვდეს-მეთქი. დამიყვავეს, ბავშვი მომიგდეს და სუყველამ დამტოვა. ატირდი... რაღა უნდა მექნა? მოგაწოვე ძუძუ და მერე ჩემში დედობრივმა გრძნობამაც გაიღვიძა...

იზრდებოდი ჩემი პატარა, შავტუხა გოგო... ჩემი საბრალო დედა ავად იყო... ცალკე დედას ვუვლიდი, ცალკე - ჩემს მამით ობოლ ბავშვს, ცალკე - პატარა ძმას. 2 თვის იყავი, როცა ძმამ რაღაცაზე გამაბრაზა და ჩექმა ვესროლე. ბიჭი წაიქცა და მამამ საყვედური მითხრა, - რა იყო, შვილო, რამ გაგაბოროტა, შენც გინახავ, შენს შვილსაც და გაზრდილ ბიჭს მიკლავო? მეწყინა. თურმე, სამადლო პურს ვჭამდი. გაგახვიე და ერგნეთში წავედი. ჩემს დას ფული ვთხოვე. 300 მანეთი მომცა. ნოდარს დეპეშა გავუგზავნე, მოვდივარ-მეთქი. გადავფრინდი ტაშკენტში. არავინ დამხვდა. ბინაზე მივედი ტაქსით. იქ მითხრეს, აქ იყო და დეპეშა მიიღო თუ არა, გადავიდაო.

სამხედრო კომისარიატში მივედი და იქ მომცეს მისამართი, - ჩიმკენტში არისო. იქაც ჩავედი. ვეძებე და ვიპოვე, მაგრამ ნოდარი დაიმალა. სხვა ქალი ჰყავდა. ფეხმძიმედ იყო ისიც.

იქიდან რომ დავბრუნდით, შენ უკვე 6 თვის იყავი. დედამთილს შევეხვეწე, შემინახე ცოტა ხნით ბავშვი, წავალ რუსთავში, ვიმუშავებ, ბინას ვიშოვი და წავიყვან-მეთქი. უარი არ უთქვამს. დაგიტოვა და მე რუსთავში, ქარხანაში ამიყვანეს პრაქტიკანტად. 60 მანეთი მქონდა ხელფასი, ისევ ძმასთან ვცხოვრობდი. თებერვლის ცივი საღამო იყო, თოვდა, ჩემმა მულმა ბავშვი ჩამომიყვანა. ჩემი ძმა ღამის 1-ელ საათზე მოვიდა. რძალმა მაშინვე მიახარა, - შენი და არ მყოფნიდა, ახლა ამისი ნაბუშარიც ვზარდოო? ატეხეს ჩხუბი და ძმამ მომახალა, - თქვენი გულისთვის ოჯახი მენგრევა, წადი და მოშორდი აქაურობასო. ღამის 1-ელ საათზე სად უნდა წავსულიყავით?

აგიყვანე და გარეთ გამოვედი. პარკს გავცდი და დაბლა, მტკვრისკენ დავეშვი. დავიღალე. მძიმე იყო ჩემი უიღბლო გოგონა. მტკვართან ჩამოვჯექი. გეძინა, მე ჩაგჩურჩულებდი - შვილო, კარგია, რომ გძინავს, ვერ გაიგებ, დედა როგორ გადაგაგდებს წყალში-მეთქი. თან, ვტიროდი და გკოცნიდი. ვიღაცების ხმა გავიგონე. გოგო და ბიჭი იყვნენ. ნეტავ, ადამიანია თუ ქაჯიო? ვუპასუხე, - ქაჯი რადა ვარ, ადამიანი ვარ-მეთქი. - ბავშვიანად ამ შუაღამისას აქ რას აკეთებო? - ძმამ გამომაგდო და სად წავიდე? ჯერ ბავშვს გადავაგდებ წყალში და მერე თან მე გადავყვები-მეთქი. ქალმა ბავშვი გამომართვა, წავედითო. სახლში მიმიყვანეს. იმათთან 2 კვირა ვიყავი - ახალბედა ცოლ-ქმარი იყო. მერე პადვალში ბინა ვიქირავე და სმენებში სამუშაოდ გადავედი. მარტო ჩაგკეტავდი ხოლმე ოთახში, ხან ხმელა პურს დაგიდებდი ლოგინზე, ხანაც უპუროდ გტოვებდი და მივდიოდი სმენაში. შენ ხან ჩამოცოცდებოდი დაბლა, ხან კი ცემენტზე დაეცემოდი, იტირებდი და ჩაგეძინებოდა.

ღამის ცვლაში ვიყავი, როცა ძლიერი ტკივილებით საავადმყოფოში მიმიყვანეს. ტუბდისპანსერში გადამიყვანეს. დილით შენც იქ მოგიყვანეს, მაგრამ კარიდან მაჩვენებდნენ ხოლმე შენს თავს. ხან ექთანი გივლიდა ცალკე პალატაში, ხან - დამლაგებელი. ჩემი მეზობელი ქალი იყო, მარო. ხშირად მოდიოდა ჩემთან, ერთ ქალთან ერთად. ერთ დღეს მარო შემოვიდა და მითხრა, - ექიმთან ვიყავი და მითხრა, შენი მორჩენა არ შეიძლება, ბავშვი მაინც მოგიკვდება და გააშვილეო. არა-მეთქი. რა ქრთამი გაიღო, დღესაც არ ვიცი. ერთ დღეს ექიმმა მითხრა, - რას გაჯიქდი, ხომ იცი, მძიმე ავადმყოფი ხარ, მიეცი ბავშვი, ის მაინც გადარჩესო. დავფიქრდი, - მე სიკვდილი მიწერია და დაე, იმან იცოცხლოს, დაე, ჩემს უბედურებაზე ვიღაცამ იბედნიეროს-მეთქი. გავიმეტე ჩემი ობოლი გოგო და გაშვილებას დავთანხმდი. უკანასკნელად მოგიყვანეს... ხელიდან წავგლიჯე ბავშვი და გულში ჩავიკარი. ბავშვმა ყელზე ხელები შემომაჭდო და - და-და-და, იძახდა. ძლივს მომაშორეს გულიდან ბავშვი. თითქოს გრძნობდა, რომ დედას სამუდამოდ ემშვიდობებოდა. არ ვყოფილვარ განწირული - სველი პლევრიტი მქონდა. 4 წლის განმავლობაში ბორჯომში, აბასთუმანში, ყირიმში მატარეს და განვიკურნე. მაროსთან მივედი რამდენჯერმე და ვკითხე შენი ასავალ-დასავალი. არ მითხრა, - არ ვიციო. შემძულდა რუსთავი. რუბეროიდის ქარხანაში მოვეწყვე ბრიგადირად. იქ დანადგარის მოტორმა ჩემი ქურთუკის ცალი გვერდი ჩაიხვია... სანამ შემეძლო, ვყვიროდი, მერე აღარაფერი მახსოვს... ხელი მქონდა მოწყვეტილი, ფეხი - მოტეხილი, ნეკნები - ჩამტვრეული. 1 წელი და 9 თვე ვიწექი. შემდეგ სოფელში დავბრუნდი, გაუმართავ სახლში. 2 ოთახი როგორღაც შევაკოწიწე და ვარ ახლა აქ, სოფელში. ზოგმა სიმინდი და ლობიო მომცა, ზოგმა მწვანილის თესლი. შევეჭიდე 30 წლის დაუმუშავებელ მიწას.

ჩემო ინგა... შენ ახლა ნატო გქვია, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ინგა იყავი, წლების განმავლობაში. ნატოს კი არა, ინგას ვეძებდი, ინგას ვეჩურჩულებოდი - სად ხარ, შე დედამკვდარო? ვინ ხარობს, დედიკო, შენით ან როგორ ხარ, დედი? აი, ასე გეჩურჩულებოდი, ჩემო შვილო. მეზობლები მეტყოდნენ ხოლმე, ნუ დარდობ, თუ ის ცოცხალია და შეგნებული, აუცილებლად მოგძებნისო. ვეტყოდი ხოლმე, რად მინდა მისი მოძებნა, რა ვუთხრა? რითი ვიმართლო თავი ჩემს თაფლისფერთვალება გოგოსთან? მე რა დედა ვარ-მეთქი, მაგრამ ახლა ნიშნს მიგებენ, - ხომ ნახე, მოგძებნა შვილმაო.

აი, ასე იყო, ჩემი გოგო, ყველაფერი. მე თუ ცოცხალს ვერ მნახავ, ყველაფერი გეცოდინება.

ვიცი, რომ ბევრი ცრემლიც წამოგცვივა მაგ თაფლისფერი თვალებიდან. მარტო რომ იქნები, შენთვის ჩაიკვნესებ, - დედი, რად მიმატოვე? დედი, სხვისი გასაზრდელი რად გამხადე? სხვას რატომ ვეძახდი დედას? მამას? გულს ლახვარი მეცემა ხოლმე...

თავს გაუფრთხილდი, დედიკო. ამ ბოლო ფურცლებს ცრემლით ვწერ. დაე, დედის ცრემლებმა შენც აგატიროს, მაგრამ ამ ცრემლებმა შენი და შენი ქმარ-შვილისთვის განკუთვნილი დარდი და ვარამი თან წაიყოლოს, ჩემო დედითაც და მამითაც ობოლო შვილო. მითხარი, - ბალახს მოვძოვდი და ისე გავზრდიდი შვილსო... მეც ასე ვიზამდი, დედიკო, საავადმყოფოს 4 კედელშუა რომ არ ვყოფილიყავი, მაგრამ ზეციერმა ყველანაირად გამწირა. ტანჯვად მექცა წუთისოფელი. ღმერთს სიკვდილს ვეხვეწებოდი. ახლა აღარ მინდა სიკვდილი, სანამ არ გნახავ. მე ხომ გულის ტკივილი 22 წლის შემდეგ მაქვს... პენსია სულ წამლებში მიმდის... ახლა ჩემთვის წამალს ფასი აღარ აქვს... ახლა მხოლოდ მონობარათები მინდა, რომ დაგირეკო და ჩემი ტანჯული გოგოს ხმა გავიგონო. დედის ალალი გული დაგყოლია, შვილო... გინდა, დედა დაარწმუნო, რომ ყველაფერი გადახარშე. არა, დედი, არა, დედას ვერ მოატყუებ, ასეთ რამეს არ ივიწყებს არავინ. შენს გულსაც შეჰპარვია დედიკო, ტკივილი... გულს გაუფრთხილდი, დედი, გულს! ასე მგონია, ისევ გარიყული ხარ, ჩემო გოგოვ.

დედას რომ დაიძახებენ, მივიხედავ ხოლმე. მე ხომ მოკლებული ვარ ამ ბედნიერებას, მაგრამ არ გამტყუნებ, დედი, ღმერთმა დასასჯელი დასაჯა, არც მე დამტოვა დაუსჯელი. ასე მგონია, ჩემთან ხარ და გეფერები... დედა მოგიკვდეს, ჩემო გოგოვ... გკოცნი მრავალს, დედისგან და მამისგან გარიყულო შვილო. გემშვიდობები.

შენ მითხარი, მე 40 წელი სხვას ვეძახდი დედასო... მეც 40 წელი ნატოს არ ვიძახდი, ინგას ვუხმობდი და მეც მიჭირს, შენ შემოგევლოს დედის სიცოცხლე. შენ არაფერი გეტკინოს, ისევ შენმა დედამ ატაროს შენი ტკივილები... რა ვქნა? როგორ მოვიქცე? სულ მინდა, გელაპარაკო, მინდა, შენი ხმა მესმოდეს. ამის შემდეგ დედა მხოლოდ კაი წერილებს მოგწერს. ეს ყველაფერი კი უნდა გცოდნოდა შენ. მე დასამალი არაფერი მაქვს. მიჯავრდები, ნუ იმუშავებო. მე რომ არ ვიმუშაო, ხომ ინფარქტიც დამარტყამს. არ ვარ ჩვეული კრაოტზე კოტრიალს. თანაც, მუშაობაში დრო მალე გადის. ჩემო ნატო, რაღა დავწერო? რითი გაგიხარო დაჩაგრული გული? კარგად მეყოლე, ჩემო ლამაზო გოგონავ... რამდენი წლისაც უნდა იყო, მაინც პატარა ხარ ჩემთვის. გკოცნი მრავალს. დედა.

ნატო:

- თიანეთში გავიზარდე. თურმე წლინახევრის ვყოფილვარ, როცა მიშვილეს და სიარული არც კი მცოდნია. როგორც ჩემი ბიოლოგიური დედა ამბობს, თურმე 7-8 თვის ბავშვს შინ საათობით მარტო მტოვებდა და თავად სამსახურში მიდიოდა, რომ ჩემი გამოკვება შესძლებოდა. - საწოლზე დაგსვამდი და ხან ხმელა პურს მოგიგდებდი, ხან - ისიც არ მქონდაო, თვითონვე მიყვებოდა. შესაძლოა, ის პურის ნაჭერი ისე მეკარგებოდა, რომ ვერც კი ვპოულობდი და მშიერიც კი ვრჩებოდი; შემდეგ საწოლიდან გადმოვვარდებოდი, ვიტირებდი და სარდაფის (როგორც დედამ მითხრა, ნაქირავებ სარდაფში ვცხოვრობდით) იატაკზე ჩამეძინებოდა ხოლმე. აბა, სიარულს ჩემით როგორ ვისწავლიდი?! ამ სიტუაციას რომ წარმოვიდგენ, საკუთარი თავი მეცოდება. როდესაც უცხო ოჯახში მოვხვდი, მამას შვებულება აუღია, რომ ჩემთვის სიარული ესწავლებინა. თურმე 2 კვირაში გამართულად დავდიოდი. კარგ ოჯახში მოვხვდი. მშობლიური სითბო და მზრუნველობა არასოდეს მაკლდა. შეძენილი მშობლები თან მყვებოდნენ. ცოტა რომ წამოვიზარდე და ჭკუაში ჩავვარდი, მიკვირდა, რომ ყველა ჩემს მეგობარს ახალგაზრდა მშობლები ჰყავდა, მე კი - ასაკოვანი. თანაც, დედაცა და მამაც ქერა, ცისფერთვალება იყვნენ, მე კი - შავგვრემანი, შავთვალება და შავთმიანი. ამ ყველაფერმა ეჭვი გამიჩინა, - ნეტავ, ნაშვილები ხომ არ ვარ-მეთქი? - მაგრამ ამაზე ფიქრისაც კი მეშინოდა. ერთ დღეს, კარადაში რაღაცას ვეძებდი და შემთხვევით, მომცრო ზომის კონვერტს წავაწყდი. შიგ რომ ჩავიჭვრიტე, მივხვდი, საბუთები იდო. ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა და კონვერტში შენახული საბუთები წავიკითხე. იქ იყო დაბადების მოწმობა, სადაც სულ სხვა ბავშვის სახელი და გვარი ეწერა და ხელწერილი, რომლითაც დედამ გამაშვილა. ყველაფერი ცხადი გახდა. კონვერტი ადგილზე დავაბრუნე და არავისთვის მითქვამს იმის შესახებ, რომ სიმართლე გამჟღავნდა. 12-13 წლის ბავშვმა ამხელა ტვირთის ტარება გადავწყვიტე. არ მინდოდა, დედას სცოდნოდა, რომ სიმართლე გავიგე, რადგან ვხვდებოდი, ინერვიულებდა... 30 წლის ვიყავი, როდესაც დედა გარდაიცვალა. სიკვდილამდე გარკვეული პერიოდის მანძილზე ლოგინად იყო ჩავარდნილი. ისე მიდიოდა ამ ქვეყნიდან, რომ ჩემთვის საიდუმლოს გამხელას არ აპირებდა. როდესაც მასთან მარტო დავრჩი, თვითონ ჩამოვუგდე ლაპარაკი - დედა, ვიცი, რომ ნაშვილები ვარ, მაგრამ ამის გამხელა გიჭირს. ეს ამბავი წლების წინ გავიგე და ნუ ინერვიულებ, შეგიძლია, მშვიდად შეხვდე სიკვდილს, რადგან საიდუმლო თან არ მიგაქვს-მეთქი... მამა 2 წლის წინ ისე გარდაიცვალა, რომ   აზრზე არ იყო, ჩემი გაშვილების ამბავი რომ ვიცოდი, ბიოლოგიური დედა რომ ვიპოვე - მით უმეტეს.

- თინას დედას ეძახი?

- სამწუხაროდ, ვერ ვეძახი. 30 წლის განმავლობაში სხვას ვეძახდი დედას, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მის საფლავზე ასული, დედას ვტიროდი და ახლა მიჭირს თინასთვის დედის დაძახება. ერთადერთხელ დავუძახე და თვალზე ცრემლი მოადგა.

- ალბათ სწყინს...

- იცით, ძნელია ჩემთვის სხვისთვის დედის დაძახება. მართალია, მან მშობა და წლინახევრის ასაკამდეც გამზარდა, მაგრამ დედად სხვა მიმაჩნდა. ერთხელ თინამ საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ დედას ვერ ვეძახი. თან ვთქვი, - დედის საფლავზე აღდგომას უნდა გავიდე-მეთქი, - და უკმაყოფილება გამოხატა. შესაძლოა, გული ვატკინე, მაგრამ პირდაპირ ვუთხარი: დედის საფლავი ქვეყნიერებას მირჩევნია და თუ შენ იმის გამო პრეტენზია გექნება, რომ მიცვალებული არ მივატოვე, იცოდე, რომ ისევ დაგკარგავ, ყველაფერს ძველ კალაპოტში დავაბრუნებ, მის საფლავს კი არ დავივიწყებ-მეთქი. თინა ძალიან მეცოდება. ნატანჯი ქალია და მთელი ცხოვრება მძიმე ტვირთს ატარებს. დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მის სიყვარულს ახლა ვსწავლობ... არც ჩემთვის იყო იოლი მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრი, ვინ იყვნენ ჩემი ნამდვილი მშობლები და რატომ მომიშორეს თავიდან. ეს კითხვა გამუდმებით მტანჯავდა. ყოველთვის, ყველაზე მეტად მიზეზი მაინტერესებდა - წლინახევრის ბავშვი რატომ უნდა გაეშვილებინათ?

- აპატიე?

- კი, ვაპატიე. მისი ძებნა რომ დავიწყე, ფაქტობრივად, უკვე ნაპატიები მქონდა. თუმცა ამ ყველაფრის დავიწყება ძნელია და ჭრილობების მოშუშებას, ტკივილების დაამებას დრო სჭირდება.