რა მოხდება, თუ პარლამენტი ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებს - გზა ვადამდელი არჩევნებისკენ?!

15:08 11-15-2019
99

პოპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებების ჩაგდებას პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა მოჰყვა. პარლამენტში კი დარჩა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წესით დეკემბრის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. 

პროექტი საკანონმდებლო ორგანოში პირველად 30 სექტემბერს შევიდა. საკომიტეტო განხილვების შემდეგ, ის მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით დაუბრუნდა. ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი კი დეპუტატებს ნოემბრის დასაწყისში წარედგინათ. 

რა ბედის ელის ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს, რომელმაც მთელი ერთი წლის განმავლობაში უნდა განსაზღვროს მოქალაქეების ცხოვრება? უმრავლესობიდან გასული დეპუტატები, ოპოზიციის ბოიკოტი და საპროტესტო აქციები... ამ ფონზე, შეძლებს თუ არა „ქართული ოცნების“ არსებული გუნდი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას? რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა დოკუმენტი ვერ დაამტკიცა და მიგვიყვანს თუ არა ეს პროცესი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე? ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ ექსპერტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

ლევან ალაფიშვილი, ექსპერტი:

- სამართლებრივად ბიუჯეტი არის იგივე კანონი, რომელიც მიიღება განსხვავებული წესით. წლის ბოლომდე ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში ახალი წელი დაიწყება და წარიმართება მთავარი საფინანსო დოკუმენტის გარეშე. მთავრობა იქნება შეზღუდული ხარჯვით ნაწილში, ანუ იმ მოცულობებით უნდა დახარჯოს თანხა, რაც იყო წინა წელს. მაგალითად, თუ 2019 წლის იანვარში მთავრობამ დახარჯა პირობითად 100 მილიონი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ თანხაზე მეტს ვერ დახარჯავს. თეორიულად ეს მოცემულობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, თუ პრემიერი არ დააყენებს მთავრობისთვის ნდობის ხელახლა დადასტურების საკითხს, და თუ პარლამენტი არ დაუდასტურებს ნდობას, უფლებამოსილება წყდება და იწყება ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი.

- რამდენად მოსლოდნელია, რომ მთავრობამ პარლამენტს ნდობის დასადასტურებლად მიმართოს?

- როგორც წესი, საპარლამენტო რესპუბლიკებში, როდესაც საფრთხე ექმნება ბიუჯეტის დამტკიცებას, მთავრობის ხელმძღვანელი პარლამენტში მიაყოლებს ხოლმე ნდობის დადასტურების საკითხსაც. ანუ, გარკვეულწილად პოლიტკური შანტაჟის მცდელობადაც შეგვიძლია განვიხილოთ ეს მეთოდი - თუ ბიუჯეტს არ დამიმტკიცებთ, მაშინ მეც სახლში მივდივარ, შესაბამისად შესაძლოა შეიქმნას საპარლამენტო კრიზისი და პარლმენტიც აღმოჩნდეს დათხოვნილი. თუმცა კიდევ ვიმეორებ, შესაძლოა ნდობის დადასტურების საკითხი პრემიერმა არც წარადგინოს პარლამენტში და 2020 წელს ბიუჯეტი ხარჯოს 2019 წლის პარამეტრებით.

- თუმცა ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ბევრი ისეთი საკითხი, რაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტშია გათვალისიწნებული, მათ შორის სოციალური მიმართულებით, ასევე პენსიების და ხელფასების ზრდის კუთხით...

- გეთანხმებით. მე არ ვიცი, ზუსტად რა სცენარით განვითარდება მოვლენები, თუმცა ამ სცენარის განვითარების თეორიული ალბათობა არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბიუჯეტი თუ ვერ დაამტკიცეს, ან 2019 წლის პროექტით უნდა ხარჯონ თანხა, ან უნდა დააყენონ მთავრობისთვის ნდობის დადასტურების საკითხი. თუ პარლამენტმა უნდობლობა არ გამოუცხადა მთავრობას, მაშინ მომდევნო 6 თვის განმავლობაში ამ საკითხის დასმა აღარ შეეძლებათ. თეორიულად არსებობს სხვა შესაძლებლობაც, რაც გულისხმობს არა პარლამენტისთვის მიმართვას, არამედ პირადპირ მთვრობის გადადგომას, ეს კი შეიძლება გახდეს მთლიანად პარლამენტის დათხოვნის საფუძველი, თუკი საკანონმდებლო ორგანო მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის ვადაში ვერ შეძლებს ახალი მთავრობის დამტკიცებას. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და შესაბამისად ქვეყანა აღმოჩნდება ვადამდელი არჩევნების პირისპირ.

- და ვის ინტერესებშია მოვლენების ამ სცენარით წარმართვა?

- წინარე მოვლენები ამ სცენარის ალბათობას ძალიან საფუძვლიანს ხდის. მე ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვამბობდი, რომ შესაძლოა ვადამდელი არჩევნები იყოს მმართველი პოლიტკური ძალის დღის წესრიგი. სამწუხაროა, რომ ფართო პოლიტკურმა სპექტრმა თავის დროზე ეს ვერ გათვალა, რადგან დღეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები აწყობს მხოლოდ ორ პოლიტკურ სუბიექტს: „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.

- მაშინ გამოდის, რომ ქუჩაში გამოსული ოპოზიციური პარტიები, რეალურად მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების დღის წესრიგით მოქმედებენ, ვინაიდან მათი მთავარი მოთხოვნა სწორედ ვადამდელი არჩევნებია?   

- ერთ საინტერესო ფაქტს გაგახსენებთ 20 ივნისის შემდეგომი პერიოდიდან: როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გააკეთა განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, რომელიც საქართელოს მოქალაქე აღარ არის, ასეთი რამ თქვა - არავითარი პროპორციული სისტემა, ჩვენ უნდა წავიდეთ ვადამდელ არჩევნებზეო. ეს არის მიხეილ სააკაშვილის სიტყვები. მერე, როგორ და რატომ შეიცვალა პოზიცია?! როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ არამომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ქუჩაში იდგნენ და სწორედ პროპორციულ არჩევნებს ითხოვდნენ. ვერ გეტყვით, ახლა ქუჩაში გასული დანარჩენი ოპოზიციის მიზანი რა არის, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რა სურს მოქმედ და ყოფილ ხელისფლებას - ვადამდელი არჩევები და სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში საკუთარი მანდატების გაზრდა. ეს მოცემულობა მომგებიანია სწორედ ამ ორი პოლიტკური ძალისთვის. თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კეთილი ნებით არ მიიერთა სხვა წვრილ-წვრილი პოლიტკური ძალები, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ყოფილი ხელისუფლება პარტიულ გავლენებს უფრო გაიმყარებს პარლამენტში.

- და „ქართული ოცნების“ ინტერესებში, რატომ შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები?

- ხელისუფლების ელექტორალური მხარდაჭერა საკმაოდ შემცირებულია. როგორც წესი, ორი საარჩევნო ვადა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის დაღმასვლის პერიოდი. შესაბამისად 2020 წლის ოქტომბრამდე მმართველი გუნდის პოზიციები შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს, ამიტომაც მათთვის ხელსაყრელია არსებული ნდობის მაჩვენებელი შეინარჩუნონ და ვადამდელ არჩევნებზე დადონ იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე ოქტომბერში დადებდნენ. ანუ მარტში უფრო უკეთესს შედეგს დადებს, ვიდრე ოქტომბერში. რეალურად, ამ სცენარით, პოლიტკურ ძალთა ბალანსი არსებითად არ შეიცვლება.    

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი