"მერი რა შუაშია? შუა თითი დავანახე ყველას, ვისაც..." - ვის აჩვენა ეს ჟესტი კახა გოგიძემ?

12:35 11-15-2019
3183

გუშინ, 14 ნოემბერს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს მანქანაში მჯდომი მერი, კახა კალაძე "ქართული ოცნების" ოფისის დატოვებისას შუა თითს აჩვენებს... ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ჟესტი კალაძემ აქციის მონაწილეების მისამართით გააკეთა. თუმცა თავად მერმა ეს კატეგორიულად უარყო და განაცხადა, "მისი საქმეა თითს ვის აჩვენებს". მეორე ვერსიით კი მან შუა თითი დაცვის თანამშრომელს აჩვენა. 

მოგვიანებით აქციაზე შუა თითის ჟესტი ბევრმა მონაწილემ გამოიყენა.

დღეს სოციალურ ქსელში მსახიობი კახა გოგიძე ("ჩცდ"-ს სულიკო დარდიანიძე) ავრცელებს თავის ფოტოს შუა თითებით. როგორც ის "პრაიმტაიმთან" ამბობს, ეს ჟესტი არ არის მერის მისამართით.

კახა გოგიძე: - მაგ პროტესტით ყველაფერი ნათქვამია. ეს არ არის მერის ჟესტზე პასუხი. მერი რა შუაშია? ამხელა ემოციას ნამდვილად ვერ მივუძღვნი ვერც ერთ თანამდებობას. ხომ იცით, ვინც წყვეტს ყველაფერს. გადაგდების და ამდენი ტყუილების წინააღმდეგ გავაკეთე. ერთ-ერთ ტელევიზიაში მქონდა ინტერვიუ, სადაც მაკო გომურზე იყო საუბარი. მისი სოლიდარობის ნიშნად ეს ჟესტი გავიმეორე და შუა თითი დავანახე ყველას, ვისაც რუსეთი უნდა! ვისთვისაც მზე ჩრდილოეთიდან ამოდის. 20 ივნისის ღამეს, სადაც მაკოს თვალი გამოთხარეს და ჟურნალისტებს ძვლები გადაუმტვრიეს, საპროტესტო აქცია მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯიბესქელი ადამიანის წინააღმდეგ კი არ იყო, არამედ ყველა მის წინააღმდეგ, ვინც ოკუპაციისკენ არის და ვისაც გონია რუსეთთან დიალოგი შეიძლება. აი, ჩემი შუა თითები იმას! 

ავტორი: თამარ გონგაძე