„ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ შეგიძლია ჩემპიონი გახდე“ - სპორტსმენი, რომელმაც რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა

13:36 11-14-2019
7780

ბექა ლომთაძეს პირველი წარმატება 23 წლის ასაკში ეწვია, როცა 2015 წელს ოლიმპიური თამაშების ვიცე ჩემპიონი გახდა. როგორც თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ბექა ლომთაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, სპორტი უკვე მისი ცხოვრებაა. თუმცა, თავდაპირველად უბრალოდ ჰობი იყო, რომელიც მამამ ურჩია.

2015 წლის ევროპის ოლიმპიური თამაშების ვიცე ჩემპიონი; 2016 მსოფლიო ვიცე ჩემპიონი; 2018 ევროპის ვიცე ჩემპიონი; 2019 ევროპის ვიცე ჩემპიონი და ყველაზე მთავარი, მიმდინარე წლის სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონი დიდებს შორის - ეს „გამარჯვებები“ ირიცხება 27 წლის ბექა ლომთაძის ანგარიშზე.

ბექა ლომთაძე: „სპორტი არის ჩვენი ოჯახური ტრადიცია, რადგან მამაც და ძმაც ორივე სპორტსმენია. მახსოვს 13 წლის, რომ ვიყავი მამამ მირჩია, სპორტში შესვლა და ეს მოწონება უკვე ჩემი ცხოვრების მიზანი გახდა“.

სპორტსმენი ამბობს, რომ მან არა მხოლოდ საკუთარი ოცნება, არამედ მთელი ოჯახის დიდი სურვილიც შეასრულა, რადგან მამას და ძმას მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობა ერგოთ, ხოლო თავად 2019 წლის სექტემბერში რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სპორტსმენი გვიყვება, რომ ეს სიხარულთან ერთად პასუხისმგებლობაცაა, რადგან, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უკეთესი შედეგი დადოს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ისევე როგორც გამარჯვება, დამარცხებაც აძლიერებს.

„ჭიდაობა ისეთი სპორტის სახეობაა, ყოველთვის ვერ მოიგებ, წაგებაც აძლიერებს ადამიანს. აქედან გამომდინარე მეც ბევრი წაგება მქონდა, 4-ჯერ დავმარცხდი ფინალში, მაგრამ თავი არასდროს დამინებებია, პირიქით უფრო მეტს ვვარჯიშობდი, უფრო ვინდომებდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ შეგიძლია ჩემპიონი გახდე თუ მოინდომებ-თქო“, - გვეუბნება ბექა ლომთაძე.

ბექა ლომთაძე გვიყვება, რომ მისი მთავარი საფიქრალი ოჯახია, რადგან ვარჯიშების გამო აქტიურად ვერ ახერხებს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ყოფნას.

„მთელი ოჯახი ხელს მიწყობს, იციან რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე ჩემთვის. თუმცა, შეხვედრაზე გასვლის წინ ჩემს ოჯახზე მეფიქრება“, - ამბობს სპორტსმენი.

width=600