Exclusive - ვინ იყო უშიშროების მაღალჩინოსანი, რომელმაც „გლახის ნაამბობში“ თავადი დათიკოს როლი შეასრულა

18:55 11-13-2019
6570

უშიშროების სამსახურის გენერალ-მაიორი ოთარ ხატიაშვილი, ქართული მხატვრული ფილმების - „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“ და „გლახის ნაამბობის“ ერთ-ერთი მთავარი გმირია. მსახიობი და მაღალჩინოსანი - სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი, სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სამმართველოს უფროსი კამჩატკის ოლქში (1976-1979), აჭარის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე (1979-1981), საქართველოს სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (1991), დაჯილდოებულია 3 ორდენით და 12 მედლით. 

width=600

ოთარ ხატიაშვილის შესახებ „პრაიმტაიმს“მისი ვაჟი, გიორგი ხატიაშვილი ესაუბრა:

- დაიბადა სიღნაღში 1928 წლის 26 აპრილს და აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. მამას მოგონებებიდან მახსოვს, რომ კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე, მისი კლასელი იყო. ოთარი იხსენებდა, რომ ერთხელ მუსიკალური სასწავლებლიდან მათ კლასში შევიდნენ, რომლებიც ნიჭიერ ბავშვებს არჩევდნენ. ამბობდა, ბიძინა დაიწუნეს და მე ამიყვანესო. იცინოდა, ასე მითხრეს, შენ კარგი სმენა გაქვს და ბიძინას - არ აქვსო. იმდენად უყვარდა მშობლიური მხარე, რომ სიღნაღს ლექსიც კი მიუძღვნა: - „შენ ჩემო აკვნის ქალაქო, ჭაღარა ხარ და ლამაზი, ქაჯეთთა ციხის მსგავსი ხარ, მაგრამ ჩემთვის ხარ ალმასი, აღმოსავლეთის დედოფალი ხარ, პატარა, მაგრამ მაინც ქალაქი, ალაზნის ველის სიამაყე ხარ და მისი კუთხის დედქალაქი“...

width=600

სკოლის დამთავრების შემდეგაც, სწავლა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (სპი) მანქანათმშენებლობის სპეციალობით განაგრძო. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ კი - კიროვის ქარხანაში მთავარ ინჟინრად მუშაობდა. მერე გადაიყვანეს გორში, საბჭოთა კავშირის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირქტორის მოადგილედ.

- როგორ და სად დაიწყო ბატონი ოთარის კინოკარიერა?

პირველად, სწორედ გორში მუშაობის დროს შესთავაზეს კინოში გადაღება და აქედან დაიწყო მამას კინონკარიერაც. 

width=600

- რომელი იყო მისი პირველი ფილმი?

- ოთარის პირველი ფილმი „სად არის შენი ბედნიერება მზია“ იყო, რომელის ფირიც ძველი კინოსტუდიის ხანძრის დროს, 90-იანი წლების  დასაწყისში დაიწვა. ამის შესახებ, მამა ძალიან განიცდიდა. როგორც მახსოვს, 2000 წლის დასაწყისში, ბატონმა რეზო ჩხეძემ, ფილმის ორიგინალი, რომელიც სამწუხაროდ რუსულ ენაზეა, მოსკოვის არქივში მოიძია და მამას საჩუქრად ჩამოუტანა, რომელიც აქმდე ჩემს ოჯახში ინახებოდა. მივიღე გადაწყვეტილება, რომ „პრაიმტაიმს“ გადმოგცეთ ეს დისკი, რომელსაც სოციალურ ქსელში თქვენი ლოგოთი გაავრცელებთ (ფილმი იხილეთ „პრაიმტაიმის“ youtube არხზე.)

- ეს ფილმი, მართლა ბ-ნი ოთარის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ აკრძალეს?

- კი, ასე ამბობდნენ, თუმცა მე ასეთი რამ არ მახსოვს. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ ფილმი კინოსტუდიაში მომხდარმა ხანძარმა გაანადგურა და მხოლოდ ეს იყო ფილმის ეკრანებიდან გაქრობის რეალური მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს საკმაოდ პატარა ვიყავი, მახსოვს, რომ ეთერში ხშირად არ უშვედნენ ამ ფილმს. შემდეგ კი დაიწვა და საბოლოოდ, კიდეც დაიკარგა.

width=600

ქართულ ფილმს -„გლახის ნაამბობს“კი, უფრო ხშირად აჩვენებდნენ.

- ამ ფილმების შემდეგ მამათქვენს სხვა ფილმებშიც ჰქონდა შეთავაზება? 

- კი, ჰქონდა... მაგრამ ინჟინრობა არჩია და ამით ამოიწურა მისი კინოკარიერა.

- უშიშროებაში როგორ მოხვდა?

- ერთ-ერთი შვებულების დროს, დაახლოებით 1964-65 წლებში, გაგრაში შემთხვევით გაიცნო მაშინდელი ცეკას მდივანი გიორგი(ჟორა) გეგეშიძე, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა. ერთხელ ნარდი ითამაშეს და ოთარმა მოუგო, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მამამ კარგად არ იცოდა ნარდის თამაში (იცინის).

სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერა. ის ცეკაში გადაიყვანეს ინსტრუქტორად  და ამის შემდეგ, კგბ-ს თანამშრომლობა შესთავაზეს. მამა ამბობდა, მითხრეს, კგბ-ს წესიერი და კარგი თანამშრომლები სჭირდება და უარი არ გვითხრაო. ძალოვან სტრუქტურაში მუშაობაზე, არასდროს უფიქრია. არც იცოდა სად იყო „კგბ“. მალე, ინაურის მოადგილე გახდა. 1976 წელს, კამჩატკაზე შესთავაზეს გადასვლა, რაზეც მამა დათანხმდა, სადაც კგბ-ს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ჩვენ, მთელი ოჯახით გადავედით საცხოვრებლად რამდენიმე წლით. 1979 წელს კი, საქართველოში დავბრუნდით. ოთარი, აჭარის კგბ-ს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1982 წელს ისევ თბილისში დაბრუნდა, ისევ კგბ-ს უფროსის მოადგილედ. ამას მოჰყვა, 1989 წლის 9 აპრილის ამბები, რასაც მისი თანამდებობა შეეწირა. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, მოსკოვის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან დაახლოებით 2-3 კვირაში გათავისუფლეს. ამის შემდეგ, პენსიაზე გაუშვეს. ზვიად გამსახუდიას დროს, ისევ დააბრუნეს თანამდებობაზე, მაგრამ მალე ზვიადმაც გაათავისუფლა იმ მიზეზით, რომ  საპენსიო ასაკის იყო. ზვიადს მოჰყვა შევარდნაძე, რომლის დროსაც თავად არ მოინდომა კარიერის გაგრძელება. 2007 წელს ის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა - 9 დღის შემდეგ, ნერვიულობის ნიდაგზე გარდამეცვალა დედაც - თამარ(გულიკო) ლორთქიფანიძე (ექიმი). ჩემთვის ეს პერიოდი, ძალიან ტრაგიკული იყო. 

- მამათქვენი, გადაღებების დროს, რომელიმე მსახიობს ახსენებდა გამორჩეულად?

- ყველაზე მეტად გოჩა აბაშიძეზე ყვებოდა, რომ ფილმში „სად არის შენი ბედნიერება მზია“, მას ლავიწის ძვალი ჰქონდა მოტეხილი და გადაღებების დროს არ იმჩნევდა გაუსაძლის ტკივილსო. „გლახის ნაამბობიდან“  იხსენებდა, რომ ერთ-ერთი კადრის დროს, როცა თამრო (მედეა ჩახავა) საბანში გახვეული წევს და ვუახლოვდები, რომ მძინარეს ჩავეკონოო, უცებ გოჩას ხმა მომესმა - „ოთარ, რას შვები, არ გაუშვა მომენტიო“.

width=600

ამ ფილმში კადრი გაიპარა - მამას მაჯის საათი უკეთია. როგორც ჩანს, მოხსნა დაავიწყდა.   

ინტერვიუს დასასრულს ბ-მა გიორგიმ „პრაიმტაიმს“ გაუმხილა, რომ მამამ,  მისი მემუარები -„გზა სახელმწიფო უშიშროებისკენ“ დაუტოვა საჩუქრად. გიორგის კი სურვილი აქვს, რომ ის წიგნად გამოსცეს, თუმცა, ამ ეტაპზე თავს იკავებს.

„პრაიმტაიმს“ საშუალება ეძლევა თავის მკითხველს ამ მემუარების ერთი ნაწილი გააცნოს, რომელშიც ოთარ ხატიაშვილი თავად აღწერს, როგორ აღმოჩნდა კინოში:

„გორში მუშაობის პერიოდში, მომიწია ორ ქართულ კინოფილმში მთავარი როლის შესრულება. ეს ასე მოხდა:  

1959 წელს ჩვენი „დინამოს“ ფეხბურთელები, ხვდებოდნენ უცხოეთის ერთ-ერთი ქვეყნის ფეხბურთელებს. თამაშზე დასასწრებად, მეგობრები ჩამოვედით გორიდან და სტადიონისკენ მიმავალს, კინოსტუდიათან შემომეგება ჩემი ძველი მეგობარი, ლეილა აბაშიზე და მითხრა, რომ კარგ ხანია მეძებს და ვერ მპოულობს. საქართველოს ტელევიზია იღებს ფილმს - „სად არის შენი ბედნიერება მზია“ და ეძებენ მამაკაცის მთავრი როლის შემსრულებელს. ამ როლშიც ახალგაზრდა ინჟინერია გამოყვანილი. კარგა ხნის საუბრის შემდეგ, მე მას მოვუყები, რომ ერთხელ უკვე სცადეს, ჩემი კინოში გადაღება, 1947 წელს, როცე მე მივდიოდი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდის ჩასაბარებლად, უშანგი ჩხეიძის ქუჩის კუთხეში გააჩერა კინორეჟისორის თანაშემწემ, გვარი ეხლაც მახსოვს - გრძელიძემ და მთხოვა, წავყოლოდი კინოსტუდიაში. რაღა თქმა უნდა, უარი ვუთხარი იმ მოტივით, რომ ინჟინრობას ვაპირებდი და არა მსახიობობას. ამ ინციდენტის მოყოლის შემდეგ, ჩემმა ახლობლებმა, ვისთანაც ვიყავი ჩამოსული, მაიძულეს მივსულიყავი კინოსტუდიაში.  იქ მელოდებოდნენ და ძალიან კარგად შემხვდნენ, გადამიღეს ბევრი სინჯი, სურათები კინოფილმისთვის „ბედნიერი შეხვედრა“ მთავარ როლში, მაგრამ ეს როლი მაინც შეასრულა პროფესიონალმა მსახიობმა თემო ხელაშვილმა. ისე, რომ ჩემგან მსახიობი ვერ გამოვათქო. ლეილა, მაინც არ მომეშვა და იქვე გამაცნო ფილმის რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი და მისი თანაშემწეც. მეორე დღეს, მაინც მივედი კინოსტუდიაში და დაიწყო მრავალი სინჯების გადაღება, დავამთავრე ეს და გავემგზავრე გორში, ჩემს ინსტიტუტში. 

width=600

გავიდა ორი თუ სამი თვე, მე დავიწყებული მქონდა ეს ამბავი, როცა ოფიციალური შეტყობინება მივიღე, როლზე დამტკიცების შესახებ. 

ამ დროს, მე უკვე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვიყავი და თავისუფალი დრო, არც თუ ისე ბევრი მქონდა, რის გამოც უარი შევუთვალე, მაგრამ კინოსტუდიის დირექციამ, მიმართა პარტიულ ორგანოებს და გამომონახეს თავისუფალი დრო. ასე და ამგვარად დაიწო ჩემი მოღვაწეობა კინოსტუდიაში, რომელიც გაგარძელდა თითქმის ერთი წელი, ამ ხნის განავლობაში, თვეში 10-12 დღე ვიყავი გადაღებებზე, დანარჩენი კი ჩემს სამსახურში. ამას მოჰყვა, მეორე კინოსურათში გადაღება და თითქმის იგივე პროცედურა განმეორდა, ჩემი სამსახურიდან დროებით გათავისუფლებისთვის, რაც პირველი სურათის დროს. 

აქ უკვე, კინოფილმ „გლახის ნაამბობის“ რეჟისორი ბატონი ლეო ესაკია მიცნობდა პირველი ფილმიდან და ამიტომ მიმიწვია თავადი დათიკოს როლის შემსრულებლად, 1960-61 წლებში. ასე და ამგვარად, თითქმის ორი წლის განმავლობაში, მოწყვეტილი ვიყავი ჩემს ძირითად სამასახურს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მადლიერი ვარ ბედისა. 

აქ შევხვდი უკვე სხვა სამყაროს, კულტურის ამ ოაზისს გავეცანი და დავუახლოვდი მწერლებს, პოეტებს, კომპოზიტორებს, დიდ მსახიობებს და საზოგადოების ბრწყინვალე წარმომადგენლებს - პიროვნებებს, რომელთა ცხოვრების ზომიერი წესი, ერის სიყვარული, მისაბაძი იყო, ისინი იყვნენ ნამდვილი საპატიო მოქალაქეები.

width=600 

აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ჟორა შავგულიძე, კაკო კვანტალიანი, შაშო გომელაური, ალე ომიაძე, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გრიგოლ კოსტავა, ლეილა აბაშიძე, დავით ძიგუა, დუდუხანა წეროძე, მედეა ჩახავა, მედეა ანჯაფარიძე, ჩემი საყვარელი გოჩა აბაშიძე და სხვანი. იყო დრო, როდესაც ბევრი მათგანის, შორიდან ცოცხლად დანახვას ვნატრობდი, არამც თუ მათ გაცნობას და ეკრანზე პარტნიორობის გაწევას. ეს მხოლოდ ერთეულთა ხვედრია და ბედნიერი ვარ, რომ ამ ერთეულთა შორის მეც აღმოვჩნდი. შემდგომ, მათი ცხოვრებისეული წესი, ადათი და ჩვეულებები მუდამ თან დამყვება. ამის შემდეგ, იყო კიდევ შემოთავაზება, სხვა სურათებში გადაღებებზე და საერთოდ კინოსტუდიაში დარჩენის შესახებ, მაგრამ ჩემს სპეციალობას ვერ ვუღალატე და დავბრუნდი გორში, სადაც დავყავი 6 წელიწადი“ - წერია ოთარ ხატიაშვილის მემუარებში.

შეგახსენებთ, რომ ქართული მხატვრული ფილმი - „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“(1959), რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი, რომელიც გადაღებულია გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობის - „სიყვარული“ მიხედვით. სადაც მთავარ როლებს ასრულებენ ლეილა აბაშიძე (მზია), ოთარ ხატიაშვილი (ლადო), გოჩა აბაშიძე(ელგუჯა) და სხვები. „გლახის ნაამბობი“(1961) - რომელიც გადაღებულია ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით - რეჟისორი ლეო ესაკია, მთავარ როლებში ოთარ ხატიაშვილი (დათიკო), გოჩა აბაშიძე(გაბრო), მედეა ჩახავა (თამრო), დათო დანელია(დათიკო ბავშვობაში), გრიგოლ კოსტავა(დიტო), როლელიც მედეა ჯაფარიძის ყოფილი მეუღლე იყო.

 

 

 



ავტორი: რუსა ღვანიძე