„ბებიაჩემს სრული დალტონიზმი ჰქონდა“ - 28 წლის მსახიობი, რომელიც მწვანეს, ლურჯს და ცისფერს ვერ ხედავს

12:53 11-13-2019
3067

სამყაროს სილამაზეს თვალების მეშვეობით ვხედავთ. ფერებსაც თვალებით ვარჩევთ. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ზოგიერთ ფერს ვერ არჩევენ. ამას დალტონიზმი ჰქვია. დალტონიკს წითელი, მწვანე, ყვითელი, თუ ლურჯი ფერების გარჩევა არ შეუძლია. ზოგი კი ფერებს მხოლოდ შავ–თეთრად ხედავს. 

 „პრაიმტაიმის“ მკითხველს მინდა გავაცნო ახალგაზრდა, რომელიც ვერ აღიქვამს 3 ფერს: მწვანეს, ლურჯს და ცისფერს. 

28 წლის გიორგი არველაძე პროფესიით დრამისა და კინოს მსახიობია, ის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ჰყავს მეუღლე და შვილი. გიორგი ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. თითქოს არაფრით განსხვავდებოდა სხვა ბავშვებისგან, მაგრამ როცა პირველ კლასში ფერების შესწავლა დაიწყეს, მიხვდა, რომ მასწავლებლის შეკითხვას არასწორად პასუხობდა...

width=600

– სკოლაში ფერების აღქმის გაკვეთილს გვიტარებდნენ, მახსოვს მასწავლებელმა (მწვანე ფერზე) მკითხა – ეს რა ფერიაო, ნაცრისფერი–მეთქი ვუპასუხე. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა ალბათ ფიქრობდა – მეხუმრება თუ რას შვებაო? შემდეგ დედამ თვალის ექიმთან მიმიყვანა, გამოკვლევა ჩამიტარეს, თუმცა ექიმები ვერაფერს ხედავდნენ, მათი თქმით დარღვევა არ მქონია. დროთა განმავლობაში ასე თუ ისე ფერების გრადაციის მიხედვით ერთმანეთისგან გარჩევა ვისწავლე, თუმცა ხშირ შემთხვევაში მეშლებოდა და მეგობრებში ხუმრობის, ან დაცინვის საგანიც გავმხდარვარ. 

ერთი–ერთი ჩემი მეგობარი თედო ერთხელაც მეუბნება: მწვანე სამარშუტო ტაქსი გამოივლის და დახვდიო... კი, რა პრობლემაა–მეთქი. ვდგავარ გზაზე, ჩამიარა სამმა, ოთხმა... ისევ ვდგავარ. შემდეგ მირეკავს და სიცილით მეუბნება ერთმა კი არა ლამის 9 მწვანე სამარშუტო ტაქსმა ჩაგიარაო. თურმე გამიზნულად „მაშაყირებდა“.  ვერავინ მეუბნება საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ ჩამომიყალიბდა, თუმცა ის დაზუსტებით ვიცი, რომ ბებიაჩემს სრული დალტონიზმი ჰქონდა. ის მხოლოდ შავ–თეთრად ხედავდა სამყაროს და შესაძლებელია ეს გენეტიკურად მაქვს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მხოლოდ ნაწილობრივ. სხვა ფერებს ჩვეულებრივად აღვიქვამ, ზუსტად ისეთს, როგორიც არის. 

– როგორია, იცხოვრო ისეთ სამყაროში სადაც არ იცი, რეალურად რა ფერისაა ცა?...

– სიმართლე გითხრათ თავიდან დისკომფორტს მიქმნიდა თვითონ ფაქტი, რატომ ვერ ვხედავ ამა თუ იმ საგანს ისეთს, როგორიც არის. როცა ვიღაც ხუმრობით შემეკითხებოდა და ფიქრს ვიწყებდი... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ  განსაკუთრებული გრძნობაა, განსხვავებული თვალით რომ ვიხედები. რეალურად, რახან არ ვიცი როგორი ფერია ცა, თუ ფოთოლი, დიდ პრობლემას არც წარმოადგენს, რადგან არასოდეს მინახავს ეს ფერები იმ აღქმით, როგორც ჩვეულებრივი 100%–იანი მხედველობის ადამიანი ხედავს. უხერხული მომენტები ნამდვილად ბევრი მქონია, ახლა კი ამ ყველაფერს პოზიტიური თვალით ვუყურებ და პირიქით, როცა მეკითხებიან ხოლმე მეც კარგად ვხალისობ.
width=600

– კურიოზული შემთხვევებიც ბევრი გექნება...

– თედოზე უკვე გიამბეთ... კიდევ მქონია უხერხული მომენტი, როცა ჩემი მეუღლისთვის (მაშინ შეყვარებულები ვიყავით) ლამაზი კაბის შეძენა გადავწყვიტე. საყიდლებზე ვიყავით, ერთი კაბა მომეწონა, ძალიან ლამაზი ნაცრისფერი კაბაა–მეთქი ვუთხარი და როცა შეხედა, ალბათ მეხუმრებაო – იფიქრა (პროფესიით დიზაინერია, თანაც მაშინ არ იცოდა ჩემი მდგომარეობის შესახებ). ერთხელ, ორჯერ, სამჯერ რომ გავუმეორე გამიბრაზდა. (კაბა ხასხასა მწვანე ფერის ყოფილა)... დღემდე ახსოვს ეს მომენტი და მეც კარგად მახსოვს, რადგან იმ დღეს ბევრი ვიკამათეთ. მსაყვედურობდა, რატომ არ ვიცოდი, შენი პრობლემების შესახებო. 


width=600

– პრობლემა ხომ არ შეგქმნია სადმე, შენი სხვანაირი ხედვის გამო?
– პრობლემა არასოდეს შემქმნია, არც მართვის მოწმობის აღების დროს. როცა შუქნიშანზე მწვანე ინთება ვერ აღვიქვამ, მაგრამ დაზეპირებული მაქვს პირველი რომელი ფერი ინთება, მეორე რომელი და ა.შ. თანმიმდევრობა დავიმახსოვრე და მოწმობაც უპრობლემოდ ავიღე. ამ მხრივ არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის. არც ჩემს პროფესიაში შეუქმნია პრობლემა, რადგან ფერების აღქმას სცენაზე დიდ ყურადღებას არ აქცევენ. განათების დროს, 3 ფერს ვერ აღვიქვამ, მაგრამ თამაშში ხელს ეს არ მიშლის. 

width=600

– ტანსაცმლის ყიდვისას როგორ არჩევ ფერებს?

– ძირითადად თეთრი, ან შავი ფერის მაისურები მიყვარს და ამ ფერებს ვყიდულბ. სიმართლე გითხრათ, მაღაზიებში კონსულტანტების სიცილ–ხარხარი რომ არ გამოვიწვიო, ხშირ შემთხვევაში ვერიდები ნაცრისფერი ფერის ტანსაცმლის ყიდვას, რადგან, შეიძლება სულ სხვა ფერი აღმოჩნდეს. რაც მეუღლე შევირთე, ის აკეთებს არჩევანს ჩემს მაისურებზე და ზოგადად ტანსაცმელზე. მაქვს მწვანე მაისურებიც, ლურჯიც თურმე... (იცინის). 

– არსებობს სპეციალური სათვალე, რომლის გაკეთებისას ზუსტად ისე აღიქვამ ფერებს , როგორიც რეალურად არის. არ დაინტერესებულხარ ამ ნივთის შეძენით?

– სიმართლე გითხრათ არა. ერთხელ, შემთხვევით ვნახე სოციალურ ქსელში, ასაკიანი ამერიკელი კაცი როგორ იკეთებს ასეთ სათვალეს. ვიდეოში ნათლად ჩანს როგორი განცდა ეუფლება იმ წამს. იქიდან გამომდინარე, რომ მე ეს ყველაფერი დისკომფორტს არ მიქმნის, არც კი მიფიქრია ამ სათვალის შეძენა. თუმცა, ნამდვილად საინტერესოა ზუსტად როგორი ფერია მწვანე, ან ლურჯი... 

– ბავშვს ვინ აცმევს?

- ხშირ შემთხვევაში მე ვაცმევ და მგონი, ცუდად არ გამომდის. აქვს ლურჯი და მწვანე ფერის ტანსაცმელიც (დამახსოვრებული მაქვს რომელი რომელია), მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ გოგოა, უფრო ვარდისფერებს ვაცმევ. 

width=600

რაღაც ფერს რომ  შევხედავ ოდნავ ღიაა, რომელიღაცა უფრო მუქია. ბევრი გარდამავალი ფერია ალბათ. განსხვავებებს ვხედავ, მაგრამ რომელი – რომელია არ ვიცი. ჩემი მეუღლე ფერების დამახსოვრებაში მეხმარება. მეუბნება, რომ მუქი ნაცრისფერი შეიძლება ლურჯი ან მწვანე იყოს, შეიძლება ჭაობისფერიც. უფრო ღია კი ცისფერი, ან ღია მწვანე... ვცდილობ დავიმახსოვრო. 

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი