სად არიან დღეს მომღერლები, რომლებიც 2000-იანი წლების დასაწყისში ძალიან პოპულარულები იყვნენ

19:00 11-12-2019
1554

90-იანი წლების ბოლო და 2000-იანი წლების პირველი ნახევრის პოპულარული მომღერლების ნაწილი დღეს ნაკლებად ჩანს. სად არიან ისინი, რომელთა ჰიტების პირატული ვერსიებიც თავის დროზე  რეკორდული რაოდენობით იყიდებოდა, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდათ და კონცერტებს კონცერტებზე მართავდნენ? როგორც აღმოჩნდა, ზოგი მათგანის კარიერა ოჯახმა შთანთქა, ზოგი ქვეყანას გაეცალა, ზოგიც თავისთვის იხარებს ჭიას. „პრაიმტაიმი“ მკითხველის თხოვნით მაია ყარყარაშვილის, ბუკა მანაგაძის, სოსო თოლორაიას და გიგა მიქაბერიძის ამჟამინდელი ცხოვრებით დაინტერესდა. 

„მე ნოვატორი ვარ”

მაია ყარყარაშვილი 1998 წლის ბოლოდან გამოჩნდა, პირველი ალბომი გამოუშვა და ერთ წელიწადში უკვე ყველა „თბილისოს“ მღეროდა. ალბომი „სიყვარულის მატარებელი“ ჰიტებით იყო სავსე. 21 წლის შემდეგ მომღერალი რესტორან „ბაბილო რივერსაიდში“ არტ-მენეჯერის ფუნქციას ითავსებს და მღერის, რადიოსადგურები კი მის ბოლო პერიოდის სიმღერებს - „ჰარალე“, „გამიფერადე“, „ცხოვრება უდარდელიას“ ატრიალებს.

მაია ყარყარაშვილი: - თბილისობაზე ვმღერი, სხვა კონცერტებზეც. მეტი რა ტარდება, მითხარით. ყოველ საღამოს კონცერტი მაქვს. ვისაც ჩემი მოსმენა უნდა, იცის, სადაც მოვიდეს. ძველ ჰიტებსაც მთხოვენ და გვერდსაც ვერ ვუვლი. ვმღერი ცნობილ სიმღერებს, ქავერებს - როგორც ინგლისურენოვანს, ასევე ბერძნულს, ესპანურს, იტალიურს და რუსულს. ყველაფერს ვმღერი, მხოლოდ საკუთარს - არა. ახლა რუსა მორჩილაძესთან და ცირა ბზიშვილთან ვმუშაობ ახალ პროგრამაზე. 

- ძველი პერიოდი არ გენატრებათ?

- რა გითხრათ, ყველაფერი კონკრეტული დროისთვისაა შესაბამისი. ვერ ვიტყვი, რომ არ მენატრება, მაგრამ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ბევრ ადამიანს გულს ვუხარებ. დიდ სიყვარულს ვიღებ პუბლიკისგან. იმ დროს, როცა მე პოპულარული ვიყავი, აქტიური პერიოდი იყო. კონცერტები ტარდებოდა, ბევრი რამ ხდებოდა. დღეს საინტერესო არაფერ ხდება. 

- ლელა წურწუმიამაც დაახლოებით იგივე პერიოდში დაიწყო კარიერა, მაგრამ არ გაჩერებულა. 4 ოქტომბერს სპორტის სასახლე გაავსო. 

- ძალიან გთხოვთ ნურავის შემადარებთ. აბსოლუტურად არავის ვედრები, მე ვარ მე! მე გავაკეთე ის, რომ ქალაქური სიმღერა პოპმუსიკაში ძალიან კარგ ტონში გავაჟღერე. ამ ყველაფრის ნოვატორი მე ვიყავი. მანამდე ყველა ქალაქურ სიმღერას საქორწილოს ეძახდნენ. მე ვიყავი პირველი, რომელმაც დუდუკი თანამედროვე სიმღერაში გამოვიყენე. დღეს ყველამ დუდუკის და კლარნეტის გამოყენება დაიწყო პოპმუსიკაშიც და ფოლკლორშიც.  ვთვლი, ნოვატორი ვარ. მიღწევა ადვილია, შენარჩუნებაა ძნელი. ეს სტილი რამდენ ხანს გაგრძელდება, ვნახოთ. ეს იმაზეა - ვის როგორი იღბალი აქვს ცხოვრებაში და კარიერა როგორ წაუვა. ჩემთვის პრიორიტეტული ოჯახი გახდა. მყავს 24 წლის ქალიშვილი, სოფი სააკაშვილი, პირველი „იქსფაქტორის“ ფინალისტი იყო. ახლა სტეფანესთან ერთად პროექტებში მონაწილეობს. განათლებული გოგოა. პროფესიით დიპლომატია. 

„ის ბუკა არ მომწონს“

15 წლის თამამმა გოგონამ სრულიად ახალი იმიჯი დაამკვიდრა იმ პერიოდის ქართულ შოუბიზნესში. ცნობილი კომპოზიტორის ქალიშვილმა მალევე დაიპყრო მსმენელის გული. ქერა თმა, დეკოლტე, სითამამე - ბუკა მანაგაძე ძალიან პოპულარული იყო. მოგვიანებით, ნატო დუმბაძის, პროდიუსინგით ჯაბა ქარსელაძესთან ერთად შესრულებულმა დუეტმა რეკორდი მოხსნა. სიმღერას „სახეს ნუ მალავ“ ყველგან მღეროდნენ. „ყვავილები თოვდა თოვდა“, „მენატრება ბავშვობა“, „სახეს ნუ მალავ“ - ბუკას სავიზიტო ბარათებად იქცა. თუმცა ოთხწლიანი პოპულარობის შემდეგ მოულოდნელად ბუკა შოუბიზნესიდან გაუჩინარდა. 19 წლის ასაკში გათხოვდა და ამ გაუჩინარების მიზეზად მაშინ სწორედ მანაგაძის ქმარს ასახელებდნენ. თუმცა ბუკა ასე არ მიიჩნევს.

ბუკა მანაგაძე: - ჩემს გაუჩინარებას, შობიზნესიდან წამოსვლა ნაკლებად ჰქვია. ცხოვრების სხვა ეტაპი დავიწყე. მომღერლობა ჩემი პროფესია არც იყო, უბრალოდ ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა. დღემდე თბილად მომიკითხავენ, მეხუტებიან. სასწაული შეგრძნებაა ეს სითბო. დღეს რომ არ ვმღერი, ამაზე გულისდაწყვეტა არ მაქვს. სხვა ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში, რადიკალურად შევიცვალე ცხოვრების წესი. მთელ დროს საყვარელ შვილებს, საყვარელ მეუღლეს ვუთმობ. 12 წლის ლუკა და რვა წლის ნიკოლოზი მყავს. ვიწრო წრეში ხშირად ვმღერი. დიდ სცენაზე ბოლოს შარშან ვიმღერე, ქუთაისში მამას სოლო კონცერტზე. 

- ბუკა, შენი ქმრის მოთხოვნა იყო, რომ სიმღერისთვის თავი დაგენებებინა?

- არა, ასე არ არის. როცა სცენაზე ვდგავარ, ჩემი მეუღლე ამაყია. თვითონაც მღერის. უყვარს ხელოვანი ადამიანები. ყოველდღიურმა ოჯახურმა რუტინამ თავისით ჩაანაცვლა ჩემი აქტიური შოუბიზნესური ცხოვრება. 

- ახლა რომ შენს კლიპებს უყურებ, რა ემოციას იწვევს შენში?

- გულახდილად რომ გითხრათ, იმ ბუკას იმიჯი არ მომწონს. ქერა თმები და გამომწვევი იმიჯი, ჩემი ხასითისგან რადიკალურად განხვავდება. ჩემს თავს ვერ ვცნობ იმ იმიჯში. დღევანდელი გადმოსახედიდან ისე არ ჩავიცვამდი, ისეთ ვარცხნილობას არ გავიკეთებდი.

- ანუ 16-17 წლის გოგონა ისეთი სექსუალური იმიჯით არ უნდა ყოფილიყავი, თვლი?

- უნდა ვყოფილიყავი, შოუბიზნესია, განსხვავებული უნდა იყო, ვთვლი, იმ პერიოდში განსხვავებული ვიყავი, მაგრამ დღეს, 15 წლის შემდეგ რადიკალურად სხვა შეხედულების ვარ. 

„რატომ უნდა მოაბეზრო თავი?“

გიგა მიქაბერიძეს 14 წელია არ უმღერია. იყო დრო, როდესაც მისი სიმღერები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. „პირამიდები“, „შენთვის ვმღერი მე ამდენს“,  „დამიჯერე“, „გელოდები“ - ჰიტები მალევე გახდა. გიგას ინტერვიუებს ყველა გამოცემაში ვერ ნახავდით, პროდიუსერი წყვეტდა - სად და რა დოზით გამოჩენილიყო. 9 აგვისტოს ბათუმში ჰქონდა კონცერტი. მაშინ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- გიგა, მსმენელი არ მოგენატრა?

- სწორედ მსმენელისადმი ჩემი პატივისცემის და მონატრების ნიშნად მათ ჩემს სოლო კონცერტს ვჩუქნი. მართალი გითხრათ, კონცერტის დიდი სურვილი არ მქონია. დიდი ხანია სტუდიურ მუშაობას ვეწევი, ინტერვიუს არ ვიძლევი. როდესაც არაფერ საინტერესოს არ აკეთებ, მკითხველს თავი რატომ უნდა მოაბეზრო.

„ეკლესიის გარეთ ვერ წარმომიდგენია თავი“

სოსო თოლორაია რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. თიკო სადუნიშვილთან გაწყვეტილი ურთიერთობა გახდა მისი შტატებში გადახვეწის მიზეზი. ნიუ-იორკში ჰყავს მესამე ცოლი და ვაჟი ნოე-ნოდარი. პირველი ქორწინებიდანაც ვაჟი ჰყავს. თოლორაია ბრუკლინის ღვთისმშობლის შობის ტაძარში გალობს. სოსო როგორც ტელესახე და მომღერალი „მაესტროზე“ ამობრწყინდა. გამოირჩეოდა ქავერების საინტერესო ინტერპრეტაციებით.  

„თბილისელებისთვის“ მიცემულ ორი წლის წანანდელ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში რომ დაბრუნდება, საცხოვრებლად თბილისში არ ჩამოვა, თავის მშობლიურ სოფელ ბაღდათში გაეშურება. 

სოსო თოლორია: - ჩამოვშორდი კლუბურ ცხოვრებას, არეულ ხალხთან ურთიერთობას. განსხვავებული ბანაკიდან ეკლესიური ცხოვრების ბანაკში გადავედი. პიროვნულად დავეცი, ცუდად ვიყავი. იმდენად  წამხდარი იყო ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი, ხალხიც კი გამირბოდა. ბევრჯერ გავაბრაზე ღმერთი და ჩემი ქცევით ხელი ვკარი. ყველაფერი შეიცვალა, ეკლესიის გარეთ ვეღარ წარმომიდგენია თავი. იმდენი საჩუქარი გამიკეთა ღმერთმა, ბევრი სასწაული მოხდა ჩემ თვალწინ. ამერიკაში რომ არ წამოვსულიყავი, ჭურჭლის მრეცხაობა და ათასი სირთულე არ გამომევლო, შეიძლება, ისევ ის, ცხვირაბზუებული სოსო თოლორაია ვყოფილიყავი. ბრუკლინის ღვთისმშობლის შობის ტაძარში ვგალობ. ზოგჯერ მეგობრები გამირბიან, შენ სულ ღმერთზე ლაპარაკობო...

ავტორი: თამარ გონგაძე