კინოთეატრიდან გამოსულებს აქტივისტებმა ბოთლები დაუშინეს - ქართული მარშის წევრმა გონება დაკარგა

21:34 11-08-2019
255

ფილმის ჩვენება დასრულდა. მაყურებლები კინოთეატრს უკვე ტოვებენ. ისინი პოლიციის კორდონის გავლით ტოვებენ ტერიტორიას. შენობიდან გამოსულებს ბოთლები დაუშინეს აქციის მონაწილეებმა. აქციაზე დაშავდა ქართული მარშის წევრი, თიკო ჩაჩუა. მან გონება დაკარგა და ტერიტორიიდან საკაცით გაიყვანეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კინოთეატრებთან ვითარება დღეს საღამოს, 16:00 საათიდან დაიძაბა.

კინოთეატრთან მისულ დავით ბერძენიშვილს, რომელიც ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, ერთ-ერთმა აქტივისტმა წიხლი ჩაარტყა. ის ტერიტორიიდან პატრულის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

აქციაზე დაშავდა აქტივისტი ანა სუბელიანი. პოლიციამ ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამდე მიიყვანა.

აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე ისროლეს პიროტექნიკაც.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. 

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს.