შსს-მ „ამირანის“ ტერიტორიაზე 11 პირი დააკავა

21:01 11-08-2019
24

პოლიციამ კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

„თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს. სეანსების პარალელურად, კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით რჩებიან ადგილებზე.

პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.