„პირველად წითელქუდა მოვქარგე“ - ლაგოდეხელი ექიმის პაციენტებისათვის უცნობი პროფილი

18:41 11-08-2019
777

ლაგოდეხელი ბავშვები ალბათ ვერ წარმოიდგენენ, რომ თეთხალათიანი, მუდამ მომღიმარი, მათთვის საყვარელი ია ექიმი, თავისუფალ დროს, უნიკალურ ნაქარგებსა და ხელნაკეთ სამკაულებს ქმნის.

ია ლაცაბიძე ლაგოდეხელია. პირველად, 6 წლის ასაკში, საბავშვო საწოლის თეთრეული შეკერა. თოჯინების ტანსაცმელს კი, ხშირად დედას კაბები ეწირებოდა. 

„ბავშვობიდან ვჭრიდი და ვკერავდი. სკოლაშიც კარგად ვხატავდი, მაგრამ პროფესიული განათლება ამ მიმართულებით, არ მიმიღია.ყოველთვის ექიმობა მინდოდა“, - უყვება ია ლაცაბიძე პრაიმტაიმს.

მოგვიანებით ქარგვამ გაიტაცა და 90-იანებში, სანთლისა და ლამპის შუქზე, ასობით ნაქარგი დაიბადა.

„პირველად წითელქუდა მოვქარგე. ამას ახალი ნამუშევრები მოჰყვა და ასე იბადებოდა, სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული , ახალ-ახალი ნამუშევრები“, - ამბობს ექიმი.

ახალ ტექნოლოგიებს ია ლაცაბიძე თვითონ პოულობს და თავადვე ეუფლება. საოცარი სილამაზის ნაქარგები, ფერადი ძაფებით, ნაირფერი ლენტებითა და იაპონური ტექნოლოგიით დამუშავებული ტყავით იქმნება. სპეციალური ხელსაწყოები ინტერნეტის საშუალებით გამოწერა და თავადვე შეისწავლა.

„სულ ვეძებ ახალ მეთოდებს, ახალ ფორმებს, ვუმეგობრებდი დაინტერესებულ ადამიანებს. ვცდილობ ყველა სიახლე ავითვისო-გვიყვება“,- ექიმი ხელოვანი.

რამდენიმე წლის წინ, ია ლაცაბიძე, თბილისში, ცისფერ გალერეაში, სპეციალურად ექიმებისათვის მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდა, თუმცა საკუთარი ნამუშევარი გასაყიდად ვერ გაიმეტა.

„ჩემი ნაქარგი, საიდუმლო სერობა მოეწონათ და ყიდვა უნდოდათ. ხუთი წელი ვქარგავდი და ვერ გავიმეტე. ჩემი ნამუშევრების უმრავლესობა, გაჩუქებულია, ვერ ვყიდი, ძალიან მიჭირს- ამბობს ია.

წლების წინ, ქარგვით გატაცებას, ახალი, ფერადი ქვებით სამკაულების დამზადების ხელოვნება შეემატა და ლაცაბიძეების ოჯახი ფერად-ფერადი ბროშებითა და ათასგვარი მოელვარე ნივთით აივსო.

„ფერადი ძაფების საყიდლად რომ დავდიოდი, ეს ბრწყინვალე ქვები შემომეფეთნენ და ცხოვრებას ახალი ფერები შემატეს. ცალკე ოთახი არ მაქვს, სახლი მთლიანად მიკავია. ყველგან მე და ჩემი ნამუშევრები ვართ. დავჯდები ტელევიზორთან, ხან დეტალს ვაკლებ, ზოგჯერ ვამატებ, აკრილის საღებავით ვღებავ, ვშრომობ და ვქმნი- გვეუბნება ექიმი, რომელიც ბავშვების გარდა, ლაგოდეხის საავადმყოფოში, რეანიმატოლოგიცაა და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, თითქმის ყოველწუთიერად იბრძვის.

ასობით ნამუშევარი მაქვს. მეტიც მექნებოდა, მაგრამ დრო არ მაქვს, ბავშვებისა და პაციენტის ჯანმრთელობის ღალატი არ შეიძლება. ადამიანის სიცოცხლე-ეს არის მთავარი“, - ასრულებს „პრაიმტაიმთან“ საუბარს ია ლაცაბიძე.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი