ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს კაკლის პლანტაცია გაშენდება

16:26 11-08-2019
11

ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრისპირა სოფელ ფახულანის მეორე საჯარო სკოლაში ამერიკელი ხალხის დახმარებით, ჩანდლერის ჯიშის ნიგვზის 250 ნერგი დაირგვება.

სკოლამ, ორგანიზაცია „Spirit of America“-ს დახმარებით მებაღეობის პროგრამის განხორციელება დაიწყო. სკოლის ტერიტორიაზე კი ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგი დარგო. პროექტის ფარგლებში სულ 250 ძირი ხე დაირგვება. ფახულანის სკოლის დირექტორის, ვახტანგ გოგოხიას თქმით, ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენლები მათ ერთი წლის წინ დაუკავშირდნენ და დახმარება შესთავაზეს. გოგოხია ამბობს, რომ სკოლის ტერიტორიაზე ჩანდლერის ჯიშის ნერგების დარგვა ორგანიზაციას თავად შესთავაზა. მიაჩნია,რომ აღნიშნული კულტურა საქართველოში ჯერ არაა დანერგილი და ამ კუთხით სკოლა ფლაგმანი იქნება.

„ერთი წლის წინ დამიკავშირდნენ ამერიკის საელჩოდან. ვფიქრობ, იმიტომ, რომ სკოლა გამყოფ ზოლთანაა.ამ სკოლაში ბავშვები აფხაზეთიდანაც სწავლობენ. ამან გამოიწვია დაინტერესება. მოვიდნენ, შემხვდნენ და მერე მითხრეს, რომ დახმარება სურდათ. რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ, მაგრამ ბოლოს შევჯერდით ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგების დარგვაზე. ეს სკოლისთვის დამატებითი შემოსავალი იქნება და მოსწავლეებისთვისაც კარგი იქნება, რადგან ეს კულტურა საქართველოში ჯერ არ დანერგილა. სკოლა ამ შემთხვევაში როგორც ფლაგმანი ისე გამოდის“, - აღნიშნა მან.

ორგანიზაცია Spirit of America აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ჰეიკის თქმით, მათი აქ ყოფნის მთავარი მიზანია მხარი დაუჭირონ იმ ადამიანებს, ვინც თემის ცხოვრების გაუმჯობესებას ცდილობს.

„მთელმა საქართველომ იცოდეს, რომ ჩვენ ვართ მეგობრები და გვინდა რომ, მათ ჰქონდეთ თავისუფალი და უკეთესი ცხოვრება. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო,ვახტანგ გოგოხია. აქ ფახულანში ის ძალიან ბევრს შრომობს ადგილობრივი თემის მხარდასაჭერად. ეს არის ის, რასაც ამერიკელები განსაკუთრებულ პატივს სცემენ“, - ამბობს ჯიმ ჰეიკი.

 

ავტორი: თეა შონია