კორძაძე: ჩვენ არგუმენტებით დავამტკიცებთ, რომ ფული არ გათეთრებულა

13:58 11-08-2019
11

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, შემდეგ სასამართლო პროცესზე შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

მისივე თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ თითქოს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საკუთარი ბანკი მოატყუეს და მერე ფული გაათეთრეს.

„შემდეგ სხდომაზე ორ დეკემბერს, ჩვენ და პროკურორი შესავალ სიტყვას ვიტყვით. დღევანდელი პროცესი მისი ჩანიშნული არ იყო და ამიტომ გადაიდო. რაც შეეხება შესავალ სიტყვას, ჩვენ საუბარი ძირითადი არგუმენტების შესახებ გვექნება. აქ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. რაც დაადასტურეს იმ უცხოელმა მოწმეებმა, რომლებიც ჩვენ გამოვკითხეთ. ეს იქნება ჩვენი ხაზი, ტაქტიკა. არავითარი თაღლითობის დანაშაული არ არსებობს. ეს ცალკე აბსურდია კიდევ, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძემ საკუთარი ბანკი მოატყუეს და ამის შემდეგ ფული გაათეთრეს“, - განაცხადა კორძაძემ.

ცნობისთვის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის განცხადებით, ამის მიზეზი განრიგი გახდა. რადგან გასულ სხდომას სხვა მოსამართლე უძღვებოდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 2 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეებს შესავალი სიტყვები უნდა წარმოეთქვათ. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-700 000- ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.