„ამას შეგნებულად შევუწყე ხელი“ - მაია ჯაბუა თავის ეპატაჟურ ქალიშვილზე

13:31 11-08-2019
2315

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მაია ჯაბუა სოლო კონცერტისთვის ემზადება. მომღერალი ახლა ძველი სიმღერების არანჟირებებზე მუშაობს. „რაღაც ახალიც მექნება, თუმცა კონცერტზე ბევრი ახალი სიმღერა არ ისმინება. ცოტა ახალი უნდა შეურიო და ბევრი ძველი იმღერო, მსმენელისთვის ნაცნობი“ – „პრაიმტაიმთან“ ამბობს ჯაბუა.

ჯერჯერობით არ გადაუწყვიტავს, კონცერტზე მომღერალ ქალიშვილს - ლიზა ყენიას გამოიყვანს თუ - არა. ლიზას სხვადასხვა მუსიკალური შოუებიდან კარგად იცნობს მაყურებელი. თამამი იმიჯის გოგონა ხშირად თავისი პირადი ცხოვრებით და სასიყვარულო ურთიერთობებით იქცევს ყურადღებას. 

მაია ჯაბუა: - ლიზა მსახიობია. მასში დიდი დოზითაა არტისტიზმი. აქვს კარგი პლასტიკა და ვოკალი. ამ სამივე მონაცემს კარგად იყენებს. ლიზა ისეთივე სტატიურად მდგომ მომღერლად, როგორც მე და ჩემი თაობა ვართ, ვერ წარმომიდგენია.

- სტატიურად მდგომი ვერც იქნება, თამამი და ეპატაჟურია.

- დიახ, სრულიად განსხვავებულია და მე ამას შეგნებულად შევუწყე ხელი. არასდროს არ მდომებია, რომ ჩემსავით ემღერა, ჩაეცვა და მე მგვანებოდა. მოვახერხე ის, რომ ყოფილიყო არა მაია ჯაბუას შვილი, არამედ ლიზა ყენია. ყველა ახალგაზრდა მომღერალს ვურჩევ, მოდი შენი სიმღერის მანერით, შენი ხმით და დაიკავე შენი ადგილი-მეთქი. სურვილი რომ ვიღაცას ბაძავ, აპრიორი ნიშნავს იმას, რომ ეს შენ არ ხარ. 

- ლიზა იმიჯის გარდა თავისი პირადი ცხოვრებითაც იქცევს ყურადღებას. 

- არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. თუმცა პირადი ცხოვრება ყველას აქვს, ესეც ნორმალურია. თავისი გეგმები აქვს, იმიჯთან და ცხოვრებასთან დაკავშირებით.

- ახლა არის შეყვარებული?

- არა. ახლა სიმღერაზეა გადართული. თავის ინგლისურენოვან სიმღერაზე კლიპი გადაიღო, რეჟისორი ლაშა ცერიაშვილია.

 

ავტორი: თამარ გონგაძე