თამარ ჩუგოშვილის წერილს სახელწოდებით „რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“ ამერიკული გამოცემა Washington Examiner აქვეყნებს

12:51 11-08-2019
56

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, „ქართული ოცნების“ წევრის თამარ ჩუგოშვილის წერილს სახელწოდებით „რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“ ამერიკული გამოცემა Washington Examiner აქვეყნებს.

წერილში, ქართველი დეპუტატი ვრცლად საუბრობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტს ძლიერი, რეფორმებზე ორიენტირებული და მზარდი საქართველო დახვდება.

„რასაც ტრამპი აღმოაჩენდა საქართველოში არის ძლიერი, რეფორმებზე ორიენტირებული, მზარდი ქვეყანა. ის შეხვდებოდა გაბედულ ჯარისკაცებს, რომლებიც ამერიკელებთან მხარდამხარ იბრძოდნენ და იბრძვიან ერაყსა და ავღანეთში. ის სიამოვნებით დააკვირდებოდა საქართველოს მზარდ ინვესტიციურ კლიმატს, ქვეყნის უმაღლეს ნიშნულებს თითქმის ყველა გლობალურ ინდექსზე, რომელიც ბიზნესის მიმართ მეგობრულ ქვეყნებს და დემოკრატიულ ღიაობას ზომავს. და, რა თქმა უნდა, იხილავდა ჩვენი ქვეყნის სილამაზეს და სტუმართმოყვარეობას, რომელსაც დღესდღეობით ბევრი მნიშვნელოვანი სამოგზაურო პუბლიკაცია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და აუცილებლად მოსანახულებელ ადგილად ერთხმად აღიარებს. საქართველოს მთავრობამ მსოფლიოს მასშტაბით გააფორმა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები. საქართველო ატარებს NATO-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს და ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ევროკავშირთან. ოპოზიციის დამოკიდებულება (რომელიც, სხვათაშორის, არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ძალაუფლება დაკარგეს) თითქოს რუსეთი, ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოში რაიმე მოგებას ნახულობს ფაქტობრივადაც და ლოგიკურადაც აბსურდულია. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და ამ ტერიტორიის უდიდესი ნაწილის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა, როდესაც ოპოზიცია იყო ხელისუფლებაში. ჩვენ ამ საკითხს ყოველთვის აქტიურად განვიხილავთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. საქართველოს მთავრობამ უდიდესი შრომა და ენერგია ჩადო ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის აქტის მიღებაზე, რომელსაც გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა. აქტი პრიორიტეტს ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სექტორში. ის ასევე მოუწოდებს ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ მსჯელობის დაწყებას და საქართველოს სუვერენიტეტის საფრთხეების, მათ შორის კონკრეტულად რუსეთის, შეფასებას. ჩვენ ღრმად ვაფასებთ კონგრესის ორპარტიულ და ტრამპის ადმინისტრაციის ძლიერ თანადგომას ჩვენი ქვეყნის მიმართ და მოუთმენლად ველით სენატის მიერ აქტის მხარდაჭერას. ქართველებს გვესმის, რომ ერთადერთი პოლიტიკა, რომელსაც წარმატების მოტანა შეუძლია არის პრაგმატული და გულისხმობს დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოებას და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიან დაბრუნებას. ამერიკის შეერთებული შტატები ამ სტრატეგიის მტკიცე მხარდაჭერია, რის გამოც ჩვენ ძლიერ მადლიერნი ვართ“,- ნათქვამია წერილში.

ჩუგოშვილი ჟურნალისტ თომ როგანის მოსაზრებას აკრიტიკებს, რომ საქართველოში რუსეთს „ახალი შესაძლებლობები აქვს“ და აცხადებს, რომ „ტრამპი საქართველოში იმ ჯარისკაცებს შეხვდება, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ ამერიკელებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში“. ამასთან, ჩუგოშვილი იზიარებს როგანის რჩევას პრეზიდენტისადმი, რომ ის საქართველოში უნდა ჩამოვიდეს.

„ტომ როგანი მართალია, როდესაც ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი უნდა ესტუმროს საქართველოს, სადაც მას ნამდვილად თბილად დახვდებიან. თუმცა, როგორც როგანი იჩემებს, ტრამპი ვერ ნახავს რუსეთისთვის ხელსაყრელ „ახალ შესაძლებლობებს,“ რომლებიც განაპირობებდა საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული აღსანიშნავი პროგრესის ძირის გამოთხრას. ეს დაშვება უბრალოდ მტკნარი სიცრუეა, რომელიც ეფუძნება როგანის საუბარს ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან, რომლის პოლიტიკურმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა 2012 წლის არჩევნებში, მათ მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და თავისუფლების და დემოკრატიის ღირებულებების შელახვის გამო. იგივე ოპოზიციურ ძალას 2016 წელს ხელმეორედ ეთქვა უარი“,- წერს თამარ ჩუგოშვილი.