სანამ შვილს მოასვენებდნენ, ქმარი ფანჯრიდან გადახტა - ქართველი მსახიობის მძიმე ტრაგედია

12:22 11-08-2019
111003

ლორინა პაპუაშვილი სოხუმის თეატრის მსახიობია. უამრავი როლის ავტორს ყველაზე ტრაგიკული როლი ცხოვრებაში ერგო...

„ომარმა ჩაიმუხლა, მუხლებზე მომეხვია და მითხრა: შე საცოდავო ლორინაო. მე ვუთხარი: რატომ მე, შენ საცოდავი არა ხარ-მეთქი? არაო, მითხრა... საპირფარეშოში შევიდა, გამოიცვალა, თავი მოიწესრიგა, შემომხედა და აჩქარებული ნაბიჯით აივანზე გავიდა... მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე. მეზობლებს ვუთხარი, ცუდად არის, გაყევითმეთქი. მაგრამ ხელის მოვლებაც ვერ მოასწრეს, მეცხრე სართულიდან გადახტა. სანამ ჩვენი შვილის ცხედარს მოასვენებდნენ, მოასწრო და გადახტა – პროცესია რომ არ ენახა...“

23 წლის ვახო ელერდაშვილი 5 წუთში მოასვენეს... ტანკი, რომელშიც ის იჯდა, აფეთქდა. ლორინა პაპუაშვილი ორ მიცვალებულთან მარტო დარჩა.

„მახსენდება ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონი“, ბატონი გოგი ქავთარაძე ბაჩანას თამაშობდა, მე – მარიამს, ჩემი მეუღლე – ბულიკას, ჩემი შვილი ვახო კი – ბაჩანას ბავშვობას. ეს გიზო ჟორდანიას დადგმული სპექტაკლია, ძალიან მაწვალა ბატონმა გიზომ ერთ სცენაზე. მახსოვს, საფინალო სცენა იყო, მარიამი ამბობს: მე ხუთჯერ გარდავიცვალე და ხუთჯერ დავბრუნდი ამ ქვეყანაზეო. ეს ფრაზა ლიტერატურული მეგონა და არა ცხოვრებისეული, ამიტომაც გამიჭირდა, არ გამომდიოდა მისი გაცნობიერება. ალბათ, ესეც ბედის ირონია იყო, იმიტომ მეგონა ასე, რომ მერე კარგად მეგრძნო მთელი ამ ფრაზის სიმძიმე ცხოვრებაში...“

„ვახტანგი დედისერთა იყო. ვეცადე, კარგი ვაჟკაცი გამეზარდა. უხერხულია შვილის ქება, მაგრამ სულიერად ხომ იყო ძალიან კარგი, ყველას უყვარდა... ფიზიკურადაც ულამაზესი ბიჭი იყო... ჯარის დამთავრების შემდეგ, ოპერატორობა უნდოდა. თეატრს არ ეკარებოდა, მთელი ბავშვობა კულისებში გაატარა ჩვენთან ერთად და ეტყობა, ამან დაღალა. ამასობაში ეს უბედური ომი დაიწყო აფხაზეთში. ვახო რაღაცნაირად თბილისში გადმოვიყვანეთ. სოხუმში გაურკვევლობა და არეულობა იყო. გვეგონა, მალე ჩაწყნარდებოდა ყველაფერი. სოხუმში სიტუაციას ქართველები აკონტროლებდნენ, ამიტომ ჩვენს სახლში მცხოვრები აფხაზები ჩემს ბინაში იყვნენ. ჩვენთან 8 ბიჭი ათენებდა ღამეს. იცოდნენ, რომ ჩვენ ღობე ვიყავით მათთვის და მათ არავინ შეეხებოდა. დაცულად გრძნობდნენ თავს. მართლაც ასე იყო, ვინც არ უნდა მოსულიყო, იმ ბავშვებს არავის დავუთმობდი...  ფოთიდან ბორანს გამოჰყვნენ ვახტანგი თბილისში ვერ გაჩერდა ვერაფრით. ყოველდღე რეკავდა, უნდა ჩამოვიდეო. მამამისიც თბილისში იყო. ერთ დღესაც ვუთხარი, დამალაპარაკე მამაშენი და ცოტა ხნით გაჩერდით მანდ-მეთქი. მეორე დღესაც დავრეკე თბილისში და მითხრეს, წამოვიდნენ სოხუმშიო. ფოთამდე ჩავიდნენ, ფოთიდან კი ბორანს გამოჰყვნენ. საღამოს ფანჯრიდან გადავიხედე და ორივე დავინახე... ერთხელ მითხრა: მამაჩემის გამო არ მივდივარ, მე რომ წავიდე, ვიცი, ეგ მოკვდებაო. მერე საბუთები მაინც შეიტანა. ვიცოდი, ვეღარ გავაჩერებდი სახლში. ამიტომ არაფერი მითქვამს. ჩვენ გვერდით ცხოვრობდა ორმეტრიანი ბიჭი მურთაზი. ერთად გადაწყვიტეს წასვლა. წასვლის წინ ჩემთან სამზარეულოში ისხდნენ, ორი წიწილა შევუწვი, ჩაი დავალევინე. მანქანას ელოდებოდნენ. იყვნენ თავჩაღუნულები და განწირულები...“

23 წლის იყო ორივე უთენია გავიდნენ, მანამდე კი მოვიდა და თქვა: ერთი ტანკი გაფუჭებულია, არადა 9 ნომერია, ხომ იცი, დედა, 9 რიცხვი მიყვარს, ის ტანკი უნდა აღვადგინოთო. გაარემონტეს, ამას ელოდებოდა. როცა მიდიოდა, ბიბლიაც წაიღო. ალბათ, მაინც ფიქრობდა, არ გამწირავს ღმერთიო. ბუკინისტებში იყიდა თბილისში. წასვლისას ფული მომთხოვა: დედა, ისინი აქ ასეთ საქციელს იმიტომ სჩადიან, რაიონიდან არიან და ფული არა აქვთ. მინდა, საშუალება მქონდეს, თუ მოშივდებათ, რაღაც ვუყიდოო. რაც მქონდა, ყველაფერი მივეცი, წამლებიც გავატანე, გაცივებული იყო. დილის 5 საათზე გავაცილე ბიჭები. 23 წლის იყო ორივე. წავიდა თუ არა, მაშინვე ცუდად გავხდი, ცხოვრებაში ასე ცუდად არ ვყოფილვარ. დამეწვა ყველაფერი. მამამისი კი იმ წუთიდანვე კომისარიატთან ტრიალებდა. მეორე დღეს, გამთენიისას, ომარს უთხრეს: შვილი უნდა ამოიცნოო... მე არაფერი ვიცოდი. სახლში შემოსულს სახეზე შევხედე თუ არა, ღონე წამერთვა: ვახო დაიღუპაო, მითხრა. ყვირილი დავიწყე: ვახო თუ დაიღუპა, ასე ვიზამ, ისე ვიზამ-მეთქი, ვღრიალებდი, მოვთქვამდი, მაგრამ ვფიქრობ, ესეც სპექტაკლი იყო, არ გაქვს გაცნობიერებული, რა მოხდა, არ არის მისული ტვინამდე, და ისვრი ამ მშრალ ფრაზებს... წამით გავიფიქრე, რადგან რესპუბლიკურშია, დაჭრილია და არა დაღუპული-მეთქი. მანამდე რესპუბლიკურში მეზობელთან ერთად რამდენიმეჯერმე ვიყავი, დაჭრილ ბიჭებს ჩვენი შვილების ტანსაცმელი წავუღეთ. რესპუბლიკურში მე წავედი, ვახო მთლიანად დამწვარი იყო. კბილი აკლდა და ამით ამოვიცანი. მხოლოდ ერთი წინადადება ვთქვი: გამატანეთ ჩემი შვილი სახლში-მეთქი. 9 სართული უხმოდ ავიარე... იცით, რაზე მწყდება გული? ყოველთვის ჩემს თავში ვეძებ დამნაშავეს. ომარს ვუთხარი: რად დამღუპე, რად ჩამომიყვანე ბიჭი სასაკლაოზე-მეთქი. ესეც იმიტომ ვუთხარი, რომ ზედმეტად ყურადღებიანი მამა იყო. სახლში დანისწვერი წატეხილი ჰქონდა ყველა დანას. დანაზე არ წამოეგოს ბიჭიო. ასეთი ფრთხილი იყო. როდესაც გაჩნდა, სახლში მოვიყვანეთ და შემოგვესივნენ მეზობლები, სტაცა ბავშვს ხელი და მეორე ოთახში გაიყვანა, თვალი არ ეცესო. სულ შიშში იყო... ტანკი 9 ნომერი იყო, მეცხრე სართული და 49 წლის ჩემი მეუღლე...“

„ჯერ სოხუმის თეატრში დავასვენე, მერე თბილისში გადმოვასვენე. სოხუმიდან როცა მოვდიოდი, თვითმფრინავში15 წუთით ჩამეძინა. აი, მაშინ შევიგრძენი რეალურად, რომ ქმარ-შვილი აღარ მყავდა. გაღვიძებისთანავე დამეუფლა გაუსაძლისი ტკივილი და სიმარტოვის შეგრძნება. იყო ფიქრი, არ უნდა შევშინდე, მათ მე ვჭირდები, ისინი უნდა გადავასვენო, მერე ორმოცზე ვფიქრობდი, მერე სასაფლაო იყო გასაკეთებელი... მივხვდი, რომ მე ვარ ამ მიცვალებულების პატრონი და არ მაქვს გულზე ხელების დაკრეფის უფლება... რომ არ მემოძრავა და არ მებრძოლა, ვერ გადავრჩებოდი. თავიდან დავიწყე ცხოვრება და დავამტკიცე, რომ ვერაფერი მომერეოდა...

„პრაიმტაიმი“ (2011)