„მირჩევნია ციხეში ვიჯდე, ვიდრე, პარლამენტში ვიყო“ - გედევან ფოფხაძე თანამოაზრეებს ასახელებს

00:23 11-08-2019
76

დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას გარკვეულ პერსონებთან ერთად მიიღებს, თუ მათი იდეები, პოზიციები და განწყობები ერთმანეთს დაემთხვევა.

ვის ასახელებს ის თანამოაზრეებად და ვის წინააღმდეგ იბრძოლებს, ამის შესახებ ის „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს.

- 2020-ში მათთან ერთად მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ვინც საქართველოს დასაცავად იბრძოლებს, როგორც „ნაცების“ წინააღმდეგ, ისე - ოცნება. ვინც სააკაშვილის რევანშის მიმართ პრინციპული და შეურიგებელი იქნება, ხელისუფლება კი, შესაძლოა, საციხოდაც გავიმეტოთ, გადმობარებაზე არანაირი საუბარი არ იქნება. კორუმპირებული ჩინოვნიკები, ვინც ამ პერიოდში ფული იშოვა, ციხეში უნდა წავიდნენ.
ამიტომ, ვინც ამ განწყობაზე იქნება, ვინც მიშასთან არ იკურკურებს, მათი ქოლგის ქვეშ არ მოხვდება და უშიშროებასთან გარიგებებზე არ წავა, ყველასთან წავალ ალიანსზე, ოღონდ ეს უნდა იყოს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა საქართველოსთვის, უპრინციპო პოლიტიკოსებისთვის პასუხის მოთხოვნის მიზნით.

width=600


- არსებული ოპოზიციური სპექტრიდან, თქვენს თანამოაზრედ ვინ გესახებათ?
- ამ ეტაპზე, პერსონალიების დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის მისაღებია ლევან გოგიჩაიშვილის პიროვნება, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე და კეთილი თვალით ვუყურებ ანა დოლიძეს.

width=600ამათ გარდა, არიან პიროვნებები, რომელთა მიმართაც ჩემი ადამიანური დამოკიდებულება და ურთიერთობები მაქვს, თუ ამ ბრძოლაში ისინი ბოლომდე თანმიმდევრულები იქნებიან. რა თქმა უნდა, ეკა ბესელია იგულისხმება, კახა კუკავაც, ისინი ჩემი მეგობრები არიან, ძალიან დიდი ხანია, ასევე, დათო ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი და სხვები, სპექტრი მცირე არ არის და ბევრი შეიძლება შემოუერთდეს. იგივე, დათო უსუფაშვილისა და კვირიკაშვილის პოზიციაც საინტერესოა, რას გადაწყვეტენ.

width=600

თუ ჩვენ ამ პრინციპებზე ვერ შევთანხმდებით, მირჩევნია, მარტო გავიდე ბრძოლის ველზე - „მთელმა ჯარეგამ მნახოსაო“, ამ განცხადებით. ამ ადამიანების გადასაწყვეტია, ვიბრძოლებთ თუ არა უკომპრომისოდ. პირადად მე, სააკაშვილისა და ივანიშვილის პირობებში მირჩევნია ციხეში ვიჯდე, ვიდრე, პარლამენტში ვიყო. ამას გულწრფელად გეუბნებით. კომპრომისებზე წასვლას არ ვაპირებ.

„ქართულ ოცნებაში“ პოზიციები რადიკალურად იცვლებოდა, შიდა პარტიული ბრძოლის ფონზე.

თვითონ ივანიშვილის 2012-2014 წლის „მოდელთან“, არავითარი პრეტენზია არ მქონდა, კერძო საუბრებშიც იმდენი თანხვედრა გვქონდა, რომ ფაქტობრივად, ვერცერთ მოსაზრებას ვერ ვუსაყვედურებდი, ყველაფერს სწორად ასაბუთებდა, მაგრამ როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვეს, ჩემთან კეკლუცობა აღარ დასჭირდათ, თავისი საქციელითა და მოქმედებით მარტივად მითხრა, რაც უნდოდა - კომკავშირლები მოიყვანეს, რომლებსაც მე „ცხენებს“ ვეძახი, კალიგულას გადაწყვეტილებას ვგულისხმობ, რომ ცხენი შეიყვანა სენატში... ეს 2016 წლის გადაწყვეტილება იყო, რომელშიც წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. თუმცა, ბევრმა გაიბრძოლა, მათ შორის, მეც. 

ავტორი: თამთა დადეშელი