მაკო გომურს უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი - არჩილ თალაკვაძე

21:19 11-07-2019
66

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისის აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

„იმედით ველოდები, რომ ის მიიღებს დაზარალებულის სტატუსს“,- განაცხადა თალაკვაძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე დასძინა, რომ აქამდე მას სახელმწიფოს დახმარება უნდა მიეღო.

ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 16 პირის, მათ შორის 8 ჟურნალისტის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პროკურორის იმ დადგენილების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც 20-21 ივნისს დაზარალებულ პირებს სტატუსი არ მიენიჭათ.

დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საიამ გენერალურ პროკურატურას 2019 წლის 19 სექტემბერს მიმართა. ორგანიზაციის განმარტებით, მოთხოვნა პროკურორმა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომმა პროკურორმა, ასევე, არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

მონაცემების მიხედვით, დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქეა ცნობილი. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.