კაცს მაღალი ძაბვის ხაზზე დენმა დაარტყა - მას თელასმა უჩივლა და დააჯარიმა

19:42 11-07-2019
1249

მამაკაცს, რომელსაც დედაქალაქისთვის სარგებლის მოტანა და ეკოლოგიაზე ზრუნვა უნდოდა, 2 წლის წინ ხის დარგვის მცდელობისას დენის მაღალმა ძაბვამ დაარტყა. საბედნიეროდ გადარჩა. თუმცა, ამ შემთხვევას უცნაური გაგრძელება მოჰყვა. გუშინ აღმოაჩინა, რომ საბანკო ანგარიშებზე ყადაღა ჯარიმის გადაუხდელობის გამო ადევს.

ნუკრი მაღრაძის წინააღმდეგ „თელასმა“ სასამართლოს კომპანიისთვის ზიანის მიყენების ბრალდებით მიმართა, განაჩენის მიხედვით, მას ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ნუკრი მაღრაძე თვლის, რომ მომხდარში დამნაშავე არ არის და ის ჯარიმას არ გადაიხდის.

როგორც მაღრაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, მას თვითნებურად არ შეურჩევია ადგილი, სადაც ხეს დარგავდა. მოასფალტებულ საფეხმავლო ბილიკზე, სპეციალურად გამწვანების ზოლისთვის დატოვებულ ადგილას ცდილობდა ნარგავების გაშენებას.

მხოლოდ ისტორიას რომ დარჩენოდა ეს ტრაგიკომედია, გადავწყვიტეთ მისთვის მზის სინათლე მოგვეფინა.

მაღრაძე „პრაიმტაიმთან“ თავის უცნაურ თავგადასავალზე საუბრობს.

„ორი წლის წინ დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობამ ნერგები დაარიგა. დედაჩემი გახლავთ ამხანაგობის თავმჯდომარე. მან გვითხრა, რომ გამგეობა ნერგებს არიგებსო, ჩვენც ჩავედით. სახლის წინ, როცა ასფალტი დააგეს, დატოვეს ნერგებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ადგილი. ნიჩბით დავიწყე მიწის ამოთხრა, რომლის ზედაპირზეც რაღაც წინააღმდეგობას გადავაწყდი. იქვე მქონდა ე.წ ლომი. ვიფიქრე ქვა ან ფესვია და ლომით ამოვიღებ-მეთქი. არც მიფიქრია იქ სადენი თუ იქნებოდა. ეს რომ მცოდნოდა ლომს როგორ ჩავარტყამდი?!

დარტყმის დროს, უცებ ცეცხლი ამოვარდა მიწიდან და მთელ უბანში ჩაქრა შუქი. კიდევ კარგი რეზინის ხელთათმანი მეკეთა, თორემ ალბათ, „მიმადნობდა“ ძალაყინზე. მერე გავიაზრე რას გადავრჩი. კაბელი არ იყო შეფუთული როგორც წესია, არც აგური ედო ზემოდან. ერთი სიტყვით, დავრეკეთ „თელასის“ ცხელ ხაზზე, მაგრამ ოპერატორმა არ გვიპასუხა. სინდისმა არ მომასვენა და ვიფიქრე, სანამ თელასის წარმომადგენლები დაზიანების კერას მიაგნებენ, ჩავალ თელასის ფილიალში და შევატყობინებ -მეთქი. დამალვა არც მიფიქრია. მივედი თელასში და ვუთხარი ის, რაც მოხდა. ადგილზე მოსულმა კომპანიის წარმომადგენლებმა გამომკითხეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ სახლში მომივიდა წერილი სასამართლოდან, სადაც ეწერა, რომ მე დავაზიანე მთავარი ძაბვის სადენი და  ზიანი კომპანიას მივაყენე. ერთი სიტყვით მიჩივლეს.

სასამართლო გასული წლის ივნისში გაიმართა. იურისტი მედავებოდა, თვითნებურად დაიწყე მიწის თხრაო. ვუხსნიდი, რომ ტროტუარზე ხის დასარგავად განკუთვნილ ადგილზე ვცდილობდი ნერგის დარგვას- მეთქი. ერთი სიტყვით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მე დამნაშავე ვიყავი და დამაკისრეს ათას ლარზე მეტი ჯარიმა, რომელიც არ გადავიხადე. არც ახლა ვაპირებ გადახდას.

საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას და გუშინ გავარკვიე, რომ ანგარიშები დაყადაღებულია. ჯარიმის ამოღება აღსრულების ბიუროს დააკისრეს. განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სანერგე ადგილი დღესაც ისეა დატოვებული, როგორც იმ შემთხვევის დროს. მაშინ თელასის თანამშრომლებმა დაზიანებული ადგილი შეაკეთეს და ისევ იმავე სიმაღლეზე ჩაფლეს სადენი. რომელიმე მეზობელმა რომელმაც არ იცის, რა მოხდა ორი წლის წინ, შეიძლება მოინდომოს იმ ადგილში ხის დარგვა. აქ ჯარიმაზე კი არ არის საუბარი, მე გადავრჩი და შეიძლება სხვა ვერ გადარჩეს. ჩემს ერთადერთ ბრალად იმას ვთლი, რომ სასამართლოზე მივედი მოუმზადებელი და არ მყავდა კარგი ადვოკატი.

- ამბობთ, რომ დედათქვენი ამხანაგობის თავმჯდომარეა. თუ მიმართეთ იგივე ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ან თბილისის მერიას, რათა ის ადგილები ისევ ასფალტის საფარით დაეფარათ, მსგავსი შესაძლო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით?

- დედაჩემი ხანში შესული ქალბატონი გახლავთ. მე არც ჩამითვლია საჭიროდ, რომ სპეციალურად მივსულიყავი მერიაში ან გამგეობაში. ეს ამბავი ყველამ გაიგო, თელასმა თავისთავად და გამგეობამაც. თვითონ უნდა იფიქრონ ამაზე. მე გაბრაზებული ვარ, ქალაქისთვის ხის დარგვა მინდოდა და ჯარიმა დამაკისრეს. თავს არ ვთვლი დამნაშავედ და არც იმ თანხის გადახდას ვაპირებ“. - ამბობს  ნუკრი მაღრაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ თელასს დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სასამართლომ უკვე იმსჯელა ამ ფაქტზე.

„სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე იმსჯელა და განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება სტანდარტებს, ეს საკითხიც დადგა სასამართლოზე“ - აცხადებენ კომპანიაში.

„პრაიმტაიმის“ კითხვას, სტანდარტის მიხედვით, მიწის რა სიმაღლეზე უნდა იყოს სადენი ჩამაგრებული, „თელასში“ პასუხობენ, რომ ამ საკითხზეც იმსჯელებდნენ სასამართლოზე, მაგრამ თუ ოფიციალური წერილით მივმართავთ კომპანიას, მაშინ წერილობითვე გვიპასუხებენ...

თუმცა, საქართველოს მთავრობის დადგენილება №340-ში ვკითხულობთ, რომ: „დამიწებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს არაუმცირეს 0,5 მ-მდე მიწაში ჩაფლული დამამიწებელი ან კაბელის ჯავშანი“...

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი