გზის ჩაკეტვის გამო, სოფელ ომალოს მიმართულებით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უფასო ავიარეისებს შეასრულებს

19:28 11-07-2019
11

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის ჩაკეტვის გამო, სოფელ ომალოს მიმართულებით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ყოველკვირეულ, უფასო ავიარეისებს შეასრულებს.

რეისების შესრულება დღეიდან დაიწყო და უფასო მგზავრობით, 15 ადგილობრივმა უკვე ისარგებლა.

თუშეთში გადაფრენის მსურველების სია წინასწარ შედგება, ხოლო მგზავრების ჩასხდომა სოფელ ქვემო ალვანის ტერიტორიაზე განხორციელდება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, სოსო ქარუმაშვილის ინფორმაციით, ზამთარში, თუშეთში,ძირითადად, მესაქონლეები მოძრაობენ.

„ვერტმფრენს მხოლოდ ოცი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ამიტომ ოჯახის წევრები ერთმანეთს ენაცვლებიან და მთას აცოცხლებენ. წინასწარი ჩაწერით, უფასო მგზავრობით სარგებლობა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუმცა, ამ პერიოდში თუშეთისკენ ტურისტების ძალიან მცირე ნაკადი მოძრაობს“, - განაცხადა ქარუმაშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ თუშებს, ვერტმფრენი 2017 წლიდან ემსახურება.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო მაგისტრალი დიდთოვლობის გამო, ყოველწლიურად, მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება. წელს უღელტეხილზე მოძრაობა ოქტომბრის ბოლოს შეწყდა. ამ პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი