„ხარობენ ქაჯნი და ქოფაკები, და ზარბაზნებიც ყეფენ როხროხით...“ - კოკო გამსახურდია 1917 წლის 7 ნოემბრის რევოლუციას ეხმიანება

18:38 11-07-2019

1917 წლის 7 ნოემბერს, რუსეთში, ვლადიმირ ლენინმა და მისმა კომუნისტმა რევოლუციონერებმა, ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში და 1922 წელს საბჭოთა კავშირი დააარსეს. კავშირი 1991 წელს დაინგრა, მაგრამ ბოლშევიკური რევოლუციის იუბილეს, ზოგიერთი ჯგუფი კვლავაც ზეიმობს. 1917 წლის 7 ნოემბრის რევოლუციასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსი და მეცნიერი კონსტანტინე(კოკო) გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს და ამ დღისადმი, რუსი პოეტის მიერ მიძღვნილი ლექსს აქვეყნებს, რომელიც თავად თარგმნა:

„დღეს 7 ნოემბერია, (მაშინდელი 25 ოქტომბერი) რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალების თარიღი, რომელსაც საბჭოთა საქართველოში ხალხს დიდის ამბით აზეიმებდნენ. მის ნეგატიურ მნიშვნელობაზე აღარ შევჩერდები.

ეს ლექსი კი რუსმა პოეტმა ქალმა, ზინაიდა გიპიუსმა (1869-1945) დაწერა, კულტურფილოსოფოსი დიმიტრი მერეჟკოვსკის მეუღლემ. საინტერესოა თარიღიც. ახლახანს ქართულად ვთარგმნე.

ВЕСЕЛЬЕ

Блевотина войны — октябрьское веселье!

От этого зловонного вина

Как было омерзительно твое похмелье,

О бедная, о грешная страна!

 

Какому дьяволу, какому псу в угоду,

Каким кошмарным обуянный сном,

Народ, безумствуя, убил свою свободу,

И даже не убил — засек кнутом?

 

Смеются дьяволы и псы над рабьей свалкой,

Смеются пушки, разевая рты...

И скоро в старый хлев ты будешь загнан палкой,

Народ, не уважающий святынь!

                       29 октября 1917

 მხიარულება

ომის ნარწყევი, შვება ოქტომბრის,

ამ უსაძაგლეს ბრალით მბორგავო,

რა ლირწი იყავ ნაბახუსევზე

მრუდე ქვეყანავ, შე საცოდავო.

რომელ ეშმაკებს, რომელ ქოფაკებს,

რომელ ზმანებას კოშმარულ სახით,

აჰყვა ხალხი და თავისუფლება

კი არ მოსპო და ჩაკლა მათრახით.

ხარობენ ქაჯნი და ქოფაკები,

და ზარბაზნებიც ყეფენ როხროხით,

და სიწმინდეებს პატივს რომ არ სცემ,

კვლავ ძველ ბოსელში შეგრეკენ ჯოხით.

   29 ოქტომბერი, 1917“ - წერს გამსახურდია. 

შეგახსენებთ, რომ 1917 წლის 7 ნოემბერს, რუსეთში ხელისუფლება ბოლშევიკების ხელში გადავიდა. ამ დღეს, ლენინის ლიდერობით, ბოლშევიკებმა რუსეთში ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთში სიღარიბე და შიმშილი დაიწყო. ამის გამო, მუშათა კლასის და გლეხთა მიერ, მეფის რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული რევოლუციის შედეგად, რუსეთის ხელისუფლებაში პირველად, სოციალისტური რეჟიმი დაიწყო.

ლენინგრადში დაწყებული აჯანყებით, ხელისუფლების ხელში ჩამგდები ბოლშევიკების ლიდერმა - ლენინმა, ქვეყნის მიწები სახელმწიფოს საკუთრება გახადა, მუშათა და გლეხთა კლასის უფლებების თაობაზე რიგი გადაწყვეტილებები გამოსცა და წითელი არმია შექმნა.

გერმანიასთან, 1918 წელს ბრესტ ლიტოვსკის სამშვიდობო ხელშეკრულება დადო. ბოლშევიკური რევოლუციის შედეგად, 1922 წელს შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი.

ავტორი: რუსა ღვანიძე