დავა ჭყონდიდის ეპარქიასა და მოქალაქეებს შორის მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით გრძელდება

18:06 11-07-2019

ჭყონდიდის ეპარქიაში ქონების გადაბარების პროცესი მარტვილიდან დაიწყო და აბაშაში გაგრძელდა. ცხრაკაციან კომისიაში, რომელიც ეპარქიის გადაბარებაზე მუშობს, სასულიერო პირები, იურისტები და ეკონომისტები შედიან. ამ ამბების პარალელურად საპატრიარქოს შესაბამისი სამსახური განყენებული მეუფე პეტრე ცაავას მიერ მიწის ნაკვეთების შესაძლო მიტაცების ფაქტებს სწავლობს.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი ლევან მერაბიშვილი მარტვილში სწორედ ამ მიზნით ჩავიდა. მისი თქმით, ის ადგილობრივებს, რომლებსაც მეუფეს მიმართ პრეტენზიები გააჩნიათ, ეპარქიის რეზიდენციაში გუშინვე უნდა შეხვედროდა, თუმცა ეს შეხვედრა ამ დრომდე არ შედგა.

„იმიტომ ვართ აქ, რომ გავარკვიოთ გადაფარვა იყო თუ მიწის ნაკვეთების მიზანმიმართული მიტაცება. ამბობენ, რომ მათ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნიათ“,- ამბობს ლევან მერაბიშვილი.

საპატრიარქოში ზარების გახშირებას და მიწებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს მარტვილის ეპარქიაში ცილისწამებას უწოდებენ. მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ყოფილი იღუმენია თამარ გამყრელიძე ტყუილში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს და მარტვილის მკვიდრს კლიმენტი კეკუტიას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოქალაქეები, რომლებიც მეუფე პეტრეს ედავებოდნენ მისი მოსყიდულია.

„თვითონ განსაჯეთ,როგორც კი წმინდა სინოდმა 31 ოქტომბერს სხდომაზე გადააყენა მეუფე პეტრე,ამის აღსანიშნავად კეკუტიამ, სოფლელებს ხარი დაუკლა“,-აცხადებს იღუმენია თამარი.

სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი მამა დანიელი იხსენებს, რომ ეპარქიას წლების წინ ერთ-ერთ მოქალაქესთან ოთარ ჯიქიასთან დავა ჰქონდა, თუმცა სასმართლომ სადაო მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს მიაკუთვნა.

„ყველაფერი, რაც მეუფე პეტრემ იყიდა საპატრიარქოს ბალანსზე. მაშინ ერთ მხარეს იყო საპატრიარქო და მეორე მხარეს მოქალაქე. ახლა ერთ მხარესაა სიმართლე, მეუფე პეტრე და მეორე მხარეს ინტრიგანები“, - აღნიშნა მამა დანიელმა.

ამჟამად, 70 წელს გადაცილებული ოთარ ჯიქია, რომელიც სალხინოში დაიბადა, მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ჯიქიამ „პრაიმტაიმს“ უთხრა,რომ მას ერთ-ერთი ადგილობრივებისგან ნაყიდი ტერიტორია პეტრე ცაავამ წაართვა. ჯიქიას მტკიცებით, მან აღნიშნული ტერიტორია ვინმე კუხალეიშვილისგან იყიდა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებიც გააჩნია.

„ამ საქმეზე ქალაქის სასამართლოში მაქვს შეტანილი საჩივარი, რაც გადაეგზავნა სენაკის სასამართლოს უკვე მეოთხე თვეა“, - ამბობს ჯიქია.

რაც შეეხება კლიმენტი კეკუტიას იგი ადგილობრივების თქმით, იგი სალხინოში არ იმყოფება.სხვა ადგილობრივებს არც მიწებთან დაკავშირებულ დავებზე სურთ საუბარი და არც საპატრიარქოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე . მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სოფლისთვის მეუფე პეტრე ბევრი კარგი საქმე გააკეთა და სინოდის გადაწყვეტილება მის მიმართ უსამართლოა.

ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ მარტვილის ეპარქია 4 ნოემბერს დატოვა. ის ქონების აღწერისა და გადაბარების პროცესს არ ესწრება. რეზიდენციიდან მან მხოლოდ პირადი ნივთები წაიღო და ერთი ძაღლი წაიყვანა. განყენებული მიტროპოლიტი თბილისში იმყოფება, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გეგემები აქვს ყოფილ მეუფეს. 

ავტორი: თეა შონია