„მე მთავარ როლში ვარ. ენტონი ჰოპკინსთან ერთად ერთ სცენაში ვთამაშობ" - ირაკლი კვირიკაშვილი ჰოლივუდში

17:33 11-07-2019
109

ინტერნეტსივრცეში რიკარდო სპინოტის ფილმის, Now is Everything ტრეილერი გამოქვეყნდა, სადაც ქართველი მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე ჰოლივუდის ლეგენდარულ ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს.

ფილმი ახალგაზრდა ფოტოგრაფ ნიკოლას იარნაზე მოგვითხრობს. ის უმცროსი ძმის გარდაცვალების გამო განადგურებულია. მისი შეყვარებულის, მატილდას იდუმალი გაუჩინარების შემდეგ კი მოგზაურობას იწყებს და საინტერესო თავგადასავალიც აქედან იწყება.

ფილმის გადაღებები 2018 წელს დაიწყო. მასში ასევე თამაშობენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები და ალენ დელონის შვილიშვილი. ფილმში ეპიზოდურ როლში ასევე თამაშობს ირაკლის ცოლი მოდელი ელენე მახარაშვილი. კოსტუმების დიზაინზე კი ოსკარის ორგზის გამარჯვებულმა, კოლინ ეტვუდმა იმუშავა.

ცნობისთვის, ფილმზე ქართველმა მხატვარმა, ლაშა ზამბახიძემაც იმუშავა.

width=600

ირაკლი კვირიკაძე არქიტექტორ კახა ქორიძის (თემური, „ღიმილის ბიჭები“) შვილიშვილი და მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი ვაჟია. 

ირაკლი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კვირიკაძე: - ვთამაშობ ახალგაზრდა წარმატებულ ფოტოგრაფს, კარიერისტსა და საკუთარ თავზე შეყვარებულ ტიპს, გარშემო ადამიანებს რომ არაფრად აგდებს. ფილმი არის მის გამოსწორებაზე. მე მთავარ როლში ვარ. ენტონი ჰოპკინსთან ერთად ერთ სცენაში ვთამაშობ. როლზე დამტკიცებიდან ორ დღეში მქონდა მასთან სცენა. ძალიან კარგ ურთიერთობაში შევედით ერთმანეთთან. რჩევები მომცა და მომიყვა, ადრე „ზოროს“ გადაღებების დროს, ანტონიო ბანდერასს როგორ დაეხმარა რჩევებით. მე ვუთხარი, რომ მგონი, ბოლომდე არ ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო-მეთქი და სწორედ ამასთან დაკავშირებით ახსენა ანტონიო ბანდერასი, რომელმაც უთხრა, რომ ზოროს ვერ ასრულებდა და ალბათ, ჰოპკინსმა რაღაც გაკვეთილები მისცა… ენტონი ჰოპკინსისგან ის ვისწავლე, რომ არაფერს ძალა არ უნდა დაატანო, თავად ძალიან თავისუფალია და ზედმეტს არაფერს აკეთებს.

ირაკლი ჟურნალისტ მანჩო გიორგობიანის ვაჟის, სანდრო ქოიავას მეგობარი ყოფილა. ჟურნალისტი შვილის მეგობრის წარმატებამ ძალიან გაახარა და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ის ამ სიხარულს ყველას უზიარებს. 

„სანდრომ ზუსტად იცოდა, ირაკლი რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევდა. ხშირად ვლაპარაკობდით ბავშვებზე, ვის რა პერპექტივა აქვს ამერიკაში და საერთოდ, ცხოვრებაშიც. მეც არ მეპარებოდა ეჭვი, ვთვლიდი, კინო-სამყარო უნდა აღფრთოვანებულიყო ქართველი ამომავალი ვარსკვლავით და აჰა, აგვიხდა ! ჯერ სად ხართ, გადარევს“ - წერს მანჩო.

რაც შეეხება რეჟისორს, რიკარდო სპინოტის, წარმოშობით იტალიელი კინემატოგრაფი გახლავთ, რომელიც ჰოლივუდში მოღვაწეობს. სპინოტი ორჯერ იყო „ოსკარზე“ ნომინირებული. მას ისეთ ცნობილ ფილმებზე უმუშავია, როგორებიცაა The Last of the Mohicans (1992), Heat (1995), The Insider (1999) Wonder Boys (2000) და სხვა.

ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე კი რეზო გიგინეიშვილის ფილმში მძევლები შესრულებული როლით გახდა ცნობილი. 2018 წელს ის 10 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობს შორის მოხვდა, რომლებსაც European Shooting Stars Award გადაეცათ.

ფილმის Now is Everything პრემიერა 22 ნოემბერს ტალინში იგეგმება.

 

ავტორი: თამარ გონგაძე