„მეეჭვება, ამ ფილმს რამე მხატვრული ღირებულება ჰქონდეს“ - გედევან ფოფხაძე გეიდრამაზე

21:59 11-06-2019
52

როგორც ცნობილია, 8-10 ნოემბერს კინოთეატრებში ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართება, რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა და გარკვეული ძალები, პროტესტის ნიშნად, მის ბლოკირებასაც გეგმავენ.

 გედევან ფოფხაძესთან რელიგიურ თემებზე საუბრისას, აზრის გამოთქმა გეიდრამასთან დაკავშირებითაც ვთხოვეთ:

- ამ ფილმთან დაკავშირებით არც მიყურებია რაიმესთვის და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. გეცონებათ, ფილმი „ფილადელფია“, ტომ ჰენკსისა და ანტონიო ბანდერასის მონაწილეობით და მიმაჩნია, რომ კლასიკა და ძალიან კარგი ფილმია. მასში თუ ორი მამაკაცი ერთმანეთის საყვარელია, ეს არ არის ჩემთვის ამ ფილმის საზომი, მაგრამ როცა ფილმის საზომი მხოლოდ გეი-სიყვარული ხდება, ესე იგი, მას სხვა მხატვრული ღირებულება არ გააჩნია. რატომ არავის გაუჩნდა სურვილი, „ფილადელფიის“ პრემიერაზე მისულიყო და ხალხი დაერბია, ამ ფილმში ტომ ჰენკსს ნუ უყურებთო? მშვენივრად თამაშობს და ოსკარიც მიიღო. არ მიმაჩნია, რომ ასეთ სიუჟეტს კინემატოგრაფში არსებობის უფლება არ აქვს, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა, მაგრამ ვიღაცებს უნდათ, რომ საზოგადოება გადარიონ. მეეჭვება, რომ ამ ფილმს რაიმე მხატვრული ღირებულება ჰქონდეს, მაგრამ არც იმას ვაპირებ, მივიდე და ამის გამო, კინო-თეატრი ჩავკეტო.

- პროტესტის ასეთ ფორმებზე რას იტყვით?

- მე ეს არ მაინტერესებს და ამ პროტესტში არ ვმონაწილეობ, მიმაჩნია, რომ ჩვენი პრობლემა ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენებაა და ასეთი სახელმწიფო ყველა ჯგუფსა და ადამიანს თავის ადგილს, როლსა და ფუნქციას მიუჩენს. იქ ცოდვითაც იცხოვრებ, მადლითაც და ყველა კარგად იქნება. მთავარია, სახელმწიფო იყოს ძლიერი.

 როცა აზრთა შორის კონტრასტი იქმნება, ერთი უკიდურესი განწყობა მეორეს ბადებს. ვიღაცები სპეციალურად საუბრობენ გეი-აღლუმებზე და მსგავს თემებზე იმისთვის, რომ იმ ადამიანების პროტესტი გამოიწვიონ, რომლებიც ასეთ საკითხებთან მიმართებაში ექსტრემისტულად არიან განწყობილნი. ეს ორივე ჯგუფი ექსტრემისტია თავისი ბუნებით. ძლიერ სახელმწიფოში ეს პრობლემა არ არის.

 თუ, პირობითად, ადოლფ ჰიტლერი მოგწონთ და მისი მხარდასაჭერი მარში გინდათ მოაწყოთ, სვასტიკებით, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ სადღაც დაგხვდებიან ადამიანები, რომლებსაც წინაპარი დაეღუპა იმ დროს და შეიძლება, თავ-პირი დაგამტვრიონ. სახელმწიფოს ამოცანაა, რომ მან ეს არ დაუშვას. არც ასეთი გამოხატვის თავისუფლება და არც - მისი ამგვარი აღკვეთა.

 მე ქვეყნის დალაგება მინდა და მერე, ეს აქტუალური იქნება ხუთი კაცისთვის. თუ საშუალება არ გაქვს, შვილს საჭმელი მიუტანო, ზღაპარს მოუყვები, სიმღერით დააძინებ და ყურადღებას გადაატანინებ. სახელმწიფო მოცემულობაში კი ზღაპრები და ოცნებები არ შეიძლება იყოს საპირწონე იმ პროცესის, რასაც ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა ჰქვია. ვინც ამას ხელს უშლის, ექსტრემისტი იქნება, ლიბერალი თუ ინტრიგანი, ყველამ უნდა გამოვუცხადოთ ომი საქართველოს დასაცავად.

 

ავტორი: თამთა დადეშელი