ქუთაისის სკოლაში მეხუთეკლასელმა გოგონებმა იჩხუბეს - ერთ-ერთი საავადმყოფოში მოხვდა

20:11 11-06-2019
2

ქუთაისში, მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა იჩხუბეს. ერთი ვერსიით, გოგონებმა ბიჭის გამო იჩხუბეს, ხოლო სხვა ვერსიით, მეხუთე კლასელმა გოგონამ მეორეს შემთხვევით მხარი გაჰკრა, რასაც შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

width=600

სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი ადასტურებს, რომ ინციდენტი ნამდვილად მოხდა. 

„ჩემი ინფორმაციით, ორი გოგონა შეეჯახა ერთმანეთს, ერთმა კიბის საფეხურს ჩამოკრა ფეხი და გადმოვარდა. იმის მიუხედავად, რომ გოგონას გარეგანი დაზიანება არ აღენიშნებოდა, სკოლის ექიმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

მას სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარეს, თუმცა, არც გარეგანი და არც შინაგანი დაზიანებები არ აღენიშნება“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ მურად ჯიშკარიანმა.

დირექტორის თქმით, დაზარალებული გოგონას ოჯახს პრეტენზიები არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით პატრულისთვის არ მიუმართავთ და პოლიცია სკოლაში მედიით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მივიდა.

„ადგილზე მისვლის შემდეგ ფაქტი არ დადასტურდა, შესაბამისად, გამოძიებაც არ დაწყებულა“, - განმარტავენ შსს-ში.

 

ავტორი: თეონა აბესაძე