„აღარ ვჭირდებოდი... გოგის წასვლით ზღაპრული რაღაც დამთავრდა“ - ეკა მამალაძე გოგი დოლიძეს იხსენებს

18:25 11-06-2019
796

30 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძის საღამო იმართება. კონცერტისთვის კომპოზიტორმა თავი მოუყარა შემსრულებლებს, რომელთაც მისი სიმღერებით იცნობს საზოგადოება. მაცაცოს შემოქმედება გოგი დოლიძის გარეშე წარმოუდგენელია. გოგის და ეკა მამალაძის ტანდემი მაცაცოს რეპერტუარით შედგა. მსმენელმა ორივე სებისკვერაძის სიმღერით „მინდვრად დაგიკრეფ პეპელას“ შეიყვარა.  ეკამ „პრაიმტაიმთან“ გოგი გაიხსენა.

ეკა მამალაძე: - „სიზმრად გნახე“ მიყვარს ძალიან. საერთოდ მაცაცოს სიმღერებს რა აქვს, იცით? ეს არ არის სიმღერები, რომლებიც იმღერე და იქ ჩარჩი. მასში ვითარდები, გაძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას. წლებთან ერთად პიროვნულად იცვლები, მაცაცოს სიმღერებს სულ სხვანაირად ვიაზრებ ახლა, ამ ასაკში. 

- გოგი გაიხსენეთ...

- მაცაცოს სიმღერებიდან რასაც ვმღერი, სულ გოგისთან ერთად ვღეროდი. ეს ის პერიოდი იყო, როცა მაცაცო სასწაულ სიმღერებს წერდა, ერთი-მეორეზე უკეთესებს. ბედად შევხვდით სამივე ერთმანეთს. მაშინ 25-26 წლის ვიყავი. გოგი ყველასგან განსხვავებული და არანორმალურად მუსიკალური იყო. ისეთი ტემბრი ჰქონდა, გულზე მოგედებოდა. ასეთები ერთეულები იბადებიან. საკმაოდ გრძელი პერიოდი ვითანამშრომლეთ. ეს იყო შემდგარი დუეტი. ყველაფერი ერთად გავაკეთეთ და არ ვიცოდი, ჩვენი ტანდემი როდემდე გაგრძელდებოდა. ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება. უნდა გაგიმხილოთ, გოგის სოლო კონცერტების მოწყობა უნდოდა, აღარ ვჭირდებოდი. მისი წასვლით ზღაპრული რაღაც დამთავრდა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალბათ, ორივეს მოგვენატრებოდა ჩვენი დუეტები... გოგის შემდეგ ის დუეტი, რომელიც ვიღაცის გულშია დარჩენილი, სულ იცოცხლებს... 

ავტორი: თამარ გონგაძე