ოზურგეთში 108 წლის ქალს ოპერაცია გაუკეთეს - „პრაიმტაიმმა“ დეტალები გაარკვია

15:40 11-06-2019
3655

31 ოქტომბერს ოზურგეთში, კლინიკა „მედალფაში“ განსაკუთრებული სამზადისი იყო. მედპერსონალი, ერთი შეხედვით, რიგითი ოპერაციისთვის ემზადებოდა, თუმცა პაციენტი, რომელიც საოპერაციო მაგიდაზე იწვა, არც მეტი არ ნაკლები, საუკუნეს გადაცილებული ქალბატონი იყო.

108 წლის ჟენია ცეცხლაძემ კლინიკას მუცლის არეში ძლიერი ტკივილებით მიმართა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ას წელს გადაცილებული პაციენტისთვის, ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო. ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაცია, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. როგორც კლინიკის დირექტორმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, პაციენტი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

„პაციენტი მუცლის არეში ძლიერი ტკივილებით კლინიკაში 31 ოქტომბერს შემოვიდა. გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ნაღვლის ბუშტის მთლიანობა დარღვეული იყო. იმ დღესვე გაკეთდა ქირურგიული ოპერაცია და ამოვკვეთეთ ნაღვლის ბუშტი. “- აცხადებს კლინიკა „მედალფას“ დირექტორი დავით მდინარაძე.

ექიმის თმით, ოპერაცია ნარკოზით გაკეთდა. პაციენტი კი დაძინებამდე მედიკოსებს დახმარებას სთხოვდა.

„სანამ ნარკოზს გავუკეთებდით, ქალბატონი ჟენია გვეუბნებოდა, ცუდად ვარ, ძალიან მტკივა და მიშველეთო.“ - ამბობს დავით მდინარაძე.

საუკუნის ქალბატონის სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო

„პრაიმტაიმი“ 108 წლის ქალბატონის ოჯახს დაუკავშირდა. ჟენია ცეცხლაძის შვილიშვილის თქმით, ბებია, რომელსაც კარგი მეხსიერება და მეტყველება აქვს, დიაბეტი და წნევები აწუხებს.

„ბებიაჩემს ახლაც კარგი მეხსიერება აქვს. რაც უნდა ჰკითხოთ, ყველაფერი ახსოვს და გვიყვება ხოლმე. მას სამი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი ჰყავს. სამწუხაროდ, ერთადერთი შვილი 58 წლის ასაკში გარდაეცვალა. მეუღლე 33 წლის წინ დაეღუპა. ბოლო რამდენიმე წელია, თავად ლოგინს მიეჯაჭვა, უბრალოდ დიდხანს დგომა აღარ შეუძლია“, - ამბობს ზვიად ცეცხლაძე.

ხანდაზმული ქალბატონი პროფესიით მკერავია. მისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო კი, როგორც შვილიშვილი ამხელს, ნატურალური და ჯანსაღი საკვებია.

„ბებია წარმოშობით ნატანებიდან არის, მერე სოფელ ცხემლისხიდში გათხოვდა. ყოველთვის ნატურალურ საკვებს მიირთმევდა და ამბობს, რომ მისი სიცოცხლის საიდუმლოც სწორედ ეს არის. 100 წლის იუბილე გადავუხადეთ, სტუმრებს შორის სოფლის გამგეობის თანამშრომლებიც იყვნენ, რომლებმაც საიუბილეო საჩუქრები გადასცეს.“ - აცხადებს ზვიად ცეცხლაძე.

108 წლის ქალბატონი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. მას მალე გაწერენ.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი