Exclusive - ანდალუსიური ფლამენკო და საბა იბეროს ესპანური წარმატება

14:27 11-06-2019
423

ესპანეთში მოღვაწე ქართველმა გიტარისტმა საბა იბერომ, რამდენიმე თვის წინ პირველი ალბომი გამოუშვა, რომელშიც ათი საავტორო ნამუშევარია შესული. ესპანელმა პროფესიონალებმა დისკს, მაღალი შეფასება მისცეს და „წლის საუკეთესო საავტორო ნამუშევრის“ სტატუსი მიანიჭეს. მიუხედავად იმისა, რომ საბას ესპანეთში საკმაოდ დიდი წარმატებები აქვს, საქართველოში მისი სახელი ნაკლებად ცნობილია.

width=600

„პრაიმტაიმი“, ქართველ მუსიკოსს ესპანეთში დაუკავშირდა და ანდალუსიურ ფლამენკოს და ესპანური წარმატებების შესახებ, ცნობილ მუსიკოსთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გავაზობთ:

ბავშვობა და გიტარის მიმართ ვნება

თუ ბავშვობაზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ ბავშვობა არ მქონია, ვიცი რთულად ჟღერს, მაგრამ ასეა. ძალიან მორცხვი ბავშვი ვიყავი, მძულდა უსამართლობა, მიყვარდა შრომა, საკუთარ თავთან მუშაობა და თვითგანვითარებას, დიდ დროს ვუთმობდი. არასდროს მიყვარდა დროის ფუჭად კარგვა - დროს დიდი მნიშვნელობა  აქვს ჩემთვის. 13 წლიდან ვმუშაობ. საქართველოში ყოფნის, ბოლო ექვსი წელი სხვადასხვა ტელევიზიაში ვიმუშავე.

ესპანეთში წასვლამდე, ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ ათწლედში, კლასიკური გიტარის განხრით, მაგრამ საქართველო მალევე დავტოვე და 23 წლის ასაკში დავიწყე ახალი, ესპანური ცხოვრება. ბავშვობიდან მიყვარდა ეს ინსტრუმენტი, მაშინდელი უფროსი თაობიდან და საახლობლო წრიდან, ვინმესთან თუ მოვისმენდი გიტარის ხმას, იმ ადგილს არ ვშორდებოდი (იღიმის). ბავშვობიდან ვიცოდი, რომ დადგებოდა დრო და ახალ სიტყვას ვიტყოდი ამ სფეროში, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო  მასშტაბით. ეს დროც დადგა და ჩემი სიტყვა ვთქვი გიტარით, ჩემი  საავტორო ნაწარმოებებით. 

width=600

პირველი  სირთულე  ესპანეთში

„ჩემი ესპანური ცხოვრების პირველი ეტაპი დაიწყო ბარსელონაში და რამდენიმე თვე ვიცხოვრე იქ. უცხო ქვეყანაში ცხოვრების ნულიდან დაწყება და საარსებო წყაროს შოვნა არაა ადვილი. ამისთვის არ ვთაკილობდი არანაირ სამუშაოს, რაც ჩემი პროფილის არ იყო და ამ სირთულეებთან გამკლავება მიწევდა, მაგრამ იმდენად დიდი რწმენით წავედი საქართველოდან, რომ არასდროს მიუტოვებივარ უფალს . ბარსელონადან, კიდევ უფრო დიდი, ანდალუსიური გზა მქონდა გასავლელი სამხრეთ ესპანეთში, სადაც ის საოცარი კულტურა დაიბადა, რომელსაც ფლამენკო ჰქვია. ეს უკვე დიდი და რთული მისია იყო ჩემთვის. მიყვარს, სირთულეების გადალახვა.“

გზა ფლამენკომდე

„ჩემი პირველი ოცნება და მიზანი იყო, მესწავლა ყველაზე პრესტიჟულ ფლამენკოს აკადემიაში, სადაც ვეზიარებოდი მთლიან ანდალუსიურ ფოლკულტურას და შემდეგ, კვალიფიკაციას ავიმაღლებდი პროფესიონალ გიტარისტობამდე. რაც, ძალიან ძვირი სიამოვნება იყო. ბევრი ფიზიკური შრომა დამჭირდა ფინანსების მოსაგროვებლად,  მაგრამ, მე ეს შევძელი - ოთხი წელი ვისწავლე ამ აკადემიაში და შემდგომ მაგისტრატურაში.“

width=600

შეხვედრები ცნობილ  გიტარისტებთან

ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მომიწია ჩემთვის დაუვიწყარი და საოცნებო მომენტების გაზიარება, ამ დიდ ფლამენკურ ელიტასთან, ლეგენდარულ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან - Vicente amigo,Tomatito, Juan manuel cañizares-თან და ა.შ.

ჩემთვის ყველაზე დიდი ოცნება ფლამენკოს ლეგენდასთან და გიტარის ფუძემდებელთან, პაკო დე ლუსიასთან (paco de lucia) შეხვედრა იყო. ეს იმდენად დიდი ოცნება და მესიჯი იყო, ჩემი სამომავლო კარიერისთვის, რომელიც სამომავლოდ, ჩემი ადგილის დამკვიდრებას ნიშნავდა, როგორც სოლო გიტარისტის ფლამენკოს შოუ-ბიზნესში.

width=600

მე ეს შევძელი! მათ მიმიღეს, როგორც ყველაზე კონკურენტუნარიანი, 21-ე საუკუნის გიტარისტი საქართველოდან, ეს უკვე დიდი ჯილდო იყო ჩემთვის. ახლა, ჩემი თოთხმეტწლიანი ესპანური ცხოვრების გადმოსახედიდან, ჩვენ უკვე კოლეგები ვართ  და ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, როგორც მუსიკოსებს. პაკო დე ლუსიას გარდაცვალება, ფლამენკოს კულტურისთვის დიდი დანაკლისია.

width=600

 - რატომ გიწოდეს ბოშებმა „აჩრდილი დასავლეთიდან“?

ეს იყო, ძალიან ტემპერამენტიანი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. გრანადაში, ჩემი ერთ-ერთი ვიზიტის დროს, დიდი ბოშური კარმონების დინასტიის შეკრება იყო, სადაც მთელი არტისტების ბოშური ელიტა იყრიდა თავს, ერთ-ერთმა ცნობილმა გიტარისტმა მკითხა, თუ რას წარმოვადგენდი და ვუთხარი, რომ გიტარისტი ვარ, ამ გიტარისტმა გადასძახა მეორეს - გიტარისტია უცხოელიო. მეორემ, დაუყოვნებლივ გადმოაწოდა ინსტრუმენტი და დასძინა - შეამოწმეო, ანუ დუელში გამომიწვია და დუეტიც შედგა. სრული სიჩუმე რომ ჩამოვარდა, ბოშამ დაკვრა დაიწყო, შემდეგ მეც ავყევი. გაკვირვებული სახეებიც მიყურებდნენ, დამთავრების შემდეგ, ადგა ბოშა და გადამეხვია, მკითხა საიდან  ვიყავი, საქართველო რომ გაიგო ხალხის წინ დასძინა sombra del este(აჩრდილი დასავლეთიდან). ბოშებს უყვართ გამოწვევები, როდესაც იგებენ რომ მათ წინ ვინმე გიტარისტი, მოცეკვავე , ან მომღერალი დგას უცხოელი, მაშინვე მახეს გიგებენ(კარგი გაგებით), აინტერესებთ, როგორი გიტარისტი ხარ. თუ შეატყვეს რომ ვერ დგახარ მათ დონეზე, იქვე ხალხის წინ გაგრძნობინებენ, რომ მათ დონეზე ვერ ხარ - ბოშური, შინაგანი სიამაყე აქვთ!“   

ქართული საკრავი პაკო დე ლუსიას ინსტრუმენტების კოლექციაში

„ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი, ენით აღუწერელი მომენტი იყო, პირველი ჩემი შეხვედრა პაკო დე ლუსიასთან, დასამახსოვრებელი მოვლენა იყო. ვიცოდი, რომ ის მსოფლიოს ქვეყნების ინსტრუმენტების კოლექციას აგროვებდა და მეც გადავწყვიტე, ქართული საკრავი- ჩონგური მეჩუქებინა. ჩონგურის გადაცემის მომენტში დავძინე, რომ ბალალაიკის გვერდით არ დადოთ, იჩხუბებენ-მეთქი (იცინის). რა თქმა უნდა, ხუმრობას ვერ მიმიხვდა, როგორც ჩანს გვიან ჩაწვდა ჩემს იუმორს. გარდაცვალების შემდეგ, ინტერნეტში შემთხვევით აღმოვაჩინე, ვიდეო მისი სურათებით, სადაც ერთ სურათზე, ის თავის სახლში იმყოფება და მის ზურგს უკან, მკაფიოდ ჩანს მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექცია - მათ შორის, ზუსტად დაშორებული ბალალაიკა და ჩონგური (იცინის). პატარა დეტალია, მაგრამ ძალიან მესიამოვნა, რომ ლეგენდარულმა გიტარისტმა, ჩემი ნათქვამი გაითვალისწინა.“

ესპანური  ცხოვრების  რიტმი და ყოველდღიურობა

„ესპანეთი ძალიან ანარქიული, ამასთანავე მოწესრიგებული და თავისუფალი ქვეყანაა. ცხოვრების ტემპი, ძალიან სწრაფია. თუ ფეხი ვერ აუწყე, ჩამორჩები და მერე ძნელია დაეწიო. ჩემი ყოველი დილა, იწყება ინსტრუმენტით და გრძელდება 8 საათი, გიტარასთან მუშაობით. რა თქმა უნდა, თუ შუაში რაიმე კონცერტი არ მაქვს, ან გადაღება და სტუდიური ჩაწერა დაგეგმილი.“

 - როგორია ზოგადად ესპანელების დამოკიდებულება ქართველების და პირადად თქვენს მიმართ?

„ესპანელებს მოსწონთ ქართველები. განსაკუთრებით, ანდალუსიელებს აქვთ ჩვენს მიმართ ძალიან თბილი დამოკიდებულება. ისინი, ქართველებს ბევრი თვისებით ჰგვანან. ჩვენსავით სტუმართმოყვარე ხალხია - ანდალუსია მეორე პატარა საქართველოა. რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, დიდ  გაკვირვებას ვიწვევ მათში, როგორც ფლამენკოს გიტარისტი, ჩემს კონცერტზე მოსულ ადამიანებს ანდალუსიელი ვგონივარ.

ერთ კურიოზს გავიხსენებ. გრანადაში  ერთ-ერთი ჩემი კონცერტის შემდეგ, სურათის გადასაღებად მოვიდა ერთი გრანადელი კაცი, გვერდზე ჩემი მეგობარი გოგონა მახლდა. მკითხა, ანდალუსიის რომელ ქალაქიდან ვიყავი. ჩემმა მეგობარმა უპასუხა, რომ  საქართველოდან ვიყავი. სენიორმა გაოგნებული სახით შემომხედა და თქვა - „ეს შეუძლებელიაო“. როგორ, მთელი კონცერტი გისმინე და ვერ მივხვდი, რომ უცხოელი იყავიო? მიუბრუნდა  ჩემს მეგობარს და ეუბნება გაუფრთხილდი, არ დაკარგოო (იცინის).“

პირველი სოლო ალბომი 

„სამი თვეა, რაც ჩემი პირველი სოლო ალბომი - Nueva era & Flamenco ანუ (ახალი ერა და ფლამენკო) გამოვიდა, რომელიც უკვე გაყიდვაშია, მსოფლიო მასშტაბით. ასევე ვიდეორგოლი,  რომელსაც ქვია ERRANTE (მოხეტიალე).  რაზეც სამი წლის განმავლობაში ვიმუშავე, ესპანეთის ერთ ერთ საუკეთესო სტუდიასთან მადრიდში, სადაც მსოფლიოს ცნობილ ვარსკვლავებს აქვს ნამუშევარი -  Alejandro sanz, Usher, pitdbull, Malu, tomatito, jose merse,  michel camilo და ა.შ.

ალბომში შესულია ჩემი ათი საავტორო ნაწარმოები. მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და რთული, რადგან არანაირი სინთეზური ინსტრუმენტი არ გაჟღერებულა. ყველაფერი, ცოცხალი შესრულებით იწერებოდა. დისკს, პროფესიონალებმა მაღალი შეფასება მისცეს და „წლის საუკეთესო საავტორო  ნამუშევრის“ სტატუსი მიანიჭეს, რაც ფლამენკოს მუსიკის სტანდარტების დაკმაყოფილებას ნიშნავს. რაც შეეხება ალბომის სახელს, ეს არის მესიჯი, რაც პაკო დე ლუსიას გარდაცვალების შემდეგ, ფლამენკოს გიტარისტებისთვის დაიწყო 21ე საუკუნის ახალი ხანა ამ კულტურაში, იმიტომ, რომ პაკო იყო ჩვენი გენერალი ფლამენკოს გიტარის დამფუძნებელი და ელჩი, და სამწუხაროდ, ჩვენც მის გარეშე დავრჩით. ჩვენი ვალია, ახლა შევქმნათ, უფრო მეტი ახალი ნამუშევრები, რაზეც ამ დარგში შემდეგი თაობები ისწავლიან.“

 სამომავლო გეგმები

„მომავალში, ისევ ვაპირებ მეორე ალბომის გამოშვებას. ამაზე მუშაობას, მალე დავიწყებ. ახლა, ალბომის პრეზენტაციებით ვარ დაკავებული. იგეგმება კონცერტები სხვადასხვა ქვეყნებში - მომავალშიც ვაპირებ იგივე პროცესების გაგრძელებას.“

რა მოგცათ ესპანეთმა?

- ესპანეთმა, დიდი პროფესიული გამოცდილება მომცა - დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოვყალიბდი და ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. მსოფლიო ხელოვნებას მაზიარა და გზა გამიხსნა თითქმის ყველა მიმართულებით.

 - როდის აპირებთ საქართველოში კონცერტის ჩატარებას?

- ალბათ მალე, თარიღი ჯერ არ ვიცი (იღიმის).“ 

  

ავტორი: რუსა ღვანიძე