საქართველოში 23 ათასზე მეტ ადამიანს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს - რას ცვლის ახალი კანონპროექტი

11:59 11-06-2019
604

პარლამენტში მინიმალური ხელფასის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა.

კანონპროექტის მიზანია საქართველოში კანონით დადგინდეს მინიმალური ანაზღაურების ის ოდენობა, რომელიც დასაქმებული პირის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილების გარანტი იქნება. კანონპროექტის ავტორი ბექა ნაცვლიშვილია. 

მისი თქმით, მინიმალური ხელფასი 500 ლარით უნდა განისაზღვროს.

ასევე კანონპროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი სრულ განაკვეთზე დასაქმებულისთვის - 320 ლარის ოდენობით, ხოლო არასრულ განაკვეთზე საათში 2 ლარის ოდენობით უნდა განისაზღვროს.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

„ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა სიღარიბეა. 2018 წლის ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში სიღარიბის დონე 22,3%-ია, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და საარსებო შემწეობას იღებს მოსახლეობის 11,6%-ი. 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა - 23 526 ადამიანს; 200 ლარზე ნაკლები - 63 356-ს; 300 -ზე ნაკლები - 114 000 პირს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი 126 665 ადამიანს ჰქონდა.

126 6654 დასაქმებული დაქირავებით დასაქმებულთა 14.7%-ს შეადგენს, მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც ამ ადამიანების სიღარიბის ზღვარს მიღმა და საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის მოხვედრის შანსს ზრდის. მინიმალური ხელფასის არ არსებობის პირობებში ქვეყანას ჰყავს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დაქირავებით დასაქმებულები,“-აღნიშნულია კანონპროექტში.