გამოიყვანეთ მისი შვილები და ღორებივით დაკალით - რას წერენ სოციალურ ქსელში რეჟისორის შვილებზე

23:55 11-05-2019
8128

Facebook პოსტი სათაურით „გააზიარეთ, რათა თქვენი შვილიც არ მოხვდეს არაბი კაცების მკლავებში“ და თბილისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის,  ნიკოლოზ საბაშვილის ფოტოთი სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

მედიასთან პოსტის მთავარმა გმირმა განმრატება გააკეთა, თუმცა „პრაიმტაიმთან“ დამატებით დეტალებზე ისაუბრა. ნიკოლოზ საბაშვილის ინფორმაციით, მასზე მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა პირველი  შემთხვევა არ არის. მანამდე მას რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში ადანაშაულებდნენ.

„გუშინ ახლობლებმა მაჩვენეს ჩემზე გავრცელებული დეზინფორმაცია. მაშინვე შსს-ს მივმართე იმის დასადგენად, თუ ვის და რატომ დასჭირდა ჩემს წინააღმდეგ მსგავსი რამის გაკეთება. აქამდე ბევრი რამ თქმულა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა წაყრუება არ შემიძლია. ათასობით წყევლა და გინება წავიკითხეთ ჩემი მისამართით, ყველაზე რთული იყო ის, როცა ჩემს შვილებს ეხებოდნენ. წერდნენ, „გამოიყვანეთ მისი შვილები და ღორებივით დაკალითო“.

როცა ოჯახს ეხებიან, ეს ტერორი და ჯოჯოხეთია. ფაქტია, რომ ეს ასე არ უნდა დარჩეს და გამოძიებამ შედეგი უნდა დადოს.

კომენტარებიდან გავარკვიე, რომ მანამდე ჩემზე დეზინფორმაცია კიდევ  ვრცელდებოდა. წერდნენ, რომ ვითომ აგვისტოს დროს რუსეთის სასარგებლოდ „ვშპიონობდი“ და „მოღალატე ვარ“.

დღეს ჩემი სახელით სოციალურ ქსელში ე.წ. ფეიკ ანგარიში შეიქმნა, საიდანაც ჩემს მეუღლეს მისწერეს. თუმცა, მალევე გააუქმეს. ალბათ, კიდევ უნდა ველოდო მსგავს ქმედებებს. ამ გზით შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე მივიდეს, სოციალური ქსელი იარაღი გახდა, სადაც ადამიანი დაცული არ არის.

ცალსახად ვამბობ, რომ არც არაბთან, არც ირანელთან და არც თურქთან არანაირი კავშირი არ მქონია, რა თქმა უნდა, არც რუსულ სპეცსამსახურებთან.

ამ ფაქტს ვერც პოლიტიკურ კუთვნილებას დავაბრალებ, რადგან პოლიტიკური აქტივობით არ გამოვირჩევი. პოლიტიკასთან ჩემი კავშირი მხოლოდ საარჩევნო ყუთთან არჩევნებზე ხმის მიცემით შემოიფარგლება“ - ამბობს ნიკოლოზ საბაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტები ნიკოლოზ საბაშვილის ფოტოთი. მას სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არასრულწლოვანი მოზარდი გოგონების არაბულ ბარებში დასაქმების შეთავაზებასა და არაბი მამაკაცებისთვის სექსუალურ მომსახურებაში ჩაბმაში ადანაშაულებდნენ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური