„სააკაშვილს 4,5 მილიარდი დოლარი გადმოურიცხეს... იმ ფულს დღემდე ვერ პოულობენ“ - კვიციანი კოდორის „ჩაბარებაზე“

18:26 11-05-2019

„იმათ სარდალს ვუთხარი, ჯერ ლტოლვილების დაბრუნება დაიწყეთ და მეც შემოგიშვებთ-მეთქი. კი, ბატონო, შევეკითხებიო და ორი კვირა მთხოვა, მაგრამ ოთხ დღეში დამირეკა, პრეზიდენტთან შევახვედრე და ახალი შეთანხმება მომზადდა, სადაც ეწერა, რომ ლტოლვილებს მთლიანად დააბრუნებდნენ, სოხუმის ჩათვლით, ჩვენ კი ვიღებდით ვალდებულებას, რომ სამშვიდობო ძალებს კოდორში შემოვუშვებდით“, - დეპუტატი ემზარ კვიციანი კოდორთან დაკავშირებულ თემებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას იხსენებს.

- ბატონო ემზარ, კოდორის ცნობილი ამბების უცნობი დეტალები გავიხსენოთ. არაერთ მოლაპარაკებაში მიგიღიათ მონაწილეობა და ბევრი რამ იცით, რაც, შესაძლოა, მაშინ გასაჯაროვებული არ ყოფილიყო, ამ გადასახედიდან კი სხვა თვალით შეიძლება შეფასება...

- მე პოლკოვნიკი, მიმართულების სარდალი ვიყავი. ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო და იქიდან მოყოლებული მომყვება უშიშროება, კახა თარგამაძის დროინდელი შსს... მათ დავალება ჰქონდათ, რომ კოდორის ხეობა უნდა ჩაებარებინათ და ჩემ გამო, ამას ვერ ასრულებდნენ. ამიტომ, ბევრი მინისტრიც დაითხოვეს, მათ კი მოსკოვი ნიშნავდა, მოჰყავდა და მიჰყავდა. მერე უკვე, ამერიკელებთან მოილაპარაკეს და მას მერე, ყველაფერი მათი გადაწყვეტილებით ხდება. ამიტომაცაა, რომ ამ ქვეყანაში ხალხი და არჩევნები ვერაფერს წყვეტს...

გახსოვთ, ალბათ, როგორ გაილაშქრა კოდორში მიხეილ სააკაშვილმა, კონსტიტუცია დაარღვია, პირდაპირ ჩასაბარებლად მოდიოდა. წლების განმავლობაში ვიცავდი ხეობას თბილისისგან, ჩვენივე ხელისუფლებისგან, მოსკოვის ოთხმხრივი შეთანხმების გაუქმებას ვითხოვდი, რომელსაც ხელს აწერდნენ რუსები, აფხაზები, ქართველები და გაერო. ამ შეთანხმების თანახმად, შენ არ გაქვს უფლება იქ შეიარაღებული ძალები გყავდეს და სააკაშვილმა მაინც შემოიყვანა. რისთვის? იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია მიეცა. მათ იცოდნენ, რომ მე შეტევაზე არ წავიდოდი, მაგრამ არც არავის შემოვუშვებდი. სამშვიდობოების დავალება იყო, რომ რეგიონში მშვიდობა ყოფილიყო. ესენი კი შუაში ჩადგნენ.

ერთხელ, შეხვედრაზე იმათმა სამშვიდობო ძალების სარდალმა მითხრა, ვალდებულება გვაქვს, ხელშეკრულებით, რომ კოდორში შემოვიდეთო. მე კი ვუთხარი, ჯერ ლტოლვილების დაბრუნება დაიწყეთ და მეც შემოგიშვებთ-მეთქი. კი, ბატონო, შევეკითხებიო, მიპასუხა და ორი კვირა მთხოვა, მაგრამ ოთხ დღეში დამირეკა, პრეზიდენტთან შევახვედრე და ახალი შეთანხმება მომზადდა, სადაც ეწერა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის მოლაპარაკება შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ რუსები, გაერო, ამერიკელებიც. რუსებმა პასუხისმგებლობა აიღეს, რომ ამ მოლაპარაკებაზე  მოიყვანდნენ აფხაზებს და შევთანხმდებოდით, რომ ლტოლვილებს მთლიანად დააბრუნებდნენ, სოხუმის ჩათვლით, ჩვენ კი ვიღებდით ვალდებულებას, რომ სამშვიდობო ძალებს კოდორში შემოვუშვებდით.

თუმცა, ამის მერე, რუსებმა ქართველების ხელით, იცით, რა გააკეთეს? როცა ამ შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მივდიოდით, პარტიზანებმა გზა გადაგვიკეტეს. ჟურნალისტები დამხვდნენ და მკითხეს, მოღალატეობრივ შეთანხმებას აწერთ ხელს და რა კომენტარს გააკეთებთო?... დევნილების დაბრუნება, სოხუმის ჩათვლით, მოღალატეობრივი იყო?! სინამდვილეში, ჩვენმა უშიშროებამ მისცა ტყუილი ინფორმაცია პარტიზანებს! და ნადარეიშვილმა. მე მაინც მივედი, დაველაპარაკე და გადაირივნენ, ჩვენ ეს არ ვიცოდით და თუ გინდათ, ბოლომდე გამოგყვებითო. ამის პარალელურად, კოდორის ხეობაში გაეროს ოფიცრები გაიტაცეს, არადა, იმ დროს ისინი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. წარმოიდგინეთ, ამხელა საქმე მქონდა გაკეთებული და ეს რაში მაწყობდა? ესეც უშიშროებამ მოაწყო ყველაფერი. მაშინ, აფხაზეთისა და კოდორის მიმართულებას ირაკლი ალასანია კურირებდა უშიშროებიდან, მინისტრის მოადგილე იყო. ყველგან ჩუმად იყო, სინამდვილეში კი მოღალატეობრივად მუშაობდა. ამიტომაც იყო, რომ ის ყველაფერში გამოვააშკარავე!

გივი თარგამაძემ, გიგა ბოკერიამ და იგორ გიორგაძის მთელმა „სასტავმა“, კივილ-წივილი დაიწყეს, კვიციანმა იქ მილიონი აიღოო. ეგენი გიორგაძის შექმნილები არიან ყველა და თავის დროზე, მხედრიონს შეუგზავნეს. ახლაც თქვენი მეშვეობით მინდა ვკითხო, ვინ მომცა მილიონი? ვინ გადამიხადა? იქნებ მითხრათ! თქვენ კი გეტყვით, რა საჩუქარი მიიღო კვიციანმა - გატაცებული ოფიცრის ტანზე ნაცვამი, ორი კვირის გაურეცხავი მაისური, რომელზეც ლათინურად ეწერა - „მივედი, ვნახე, გავიმარჯვე!“ ეს თუ მილიონი ღირდა, კი, ბატონო. თუმცა, როცა გამძარცვეს, ესეც წაიღეს და მთელი ქონება. ასეთნაირად მუშაობს ჩვენი უშიშროება ამდენი წელია და კიდევ როგორ გვიდგას სული, მიკვირს. სიტუაცია უნდა გამოსწორდეს და ლილუაშვილი ბოლო იმედია, რომ რამეს შეცვლის, ქართველი კაცია. იმედია, ისეთსავე სახელს არ დატოვებს, როგორიც მისმა წინამორბედებმა...

- ამ ამბებს თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ყოველთვის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდით და როგორ მოხდა, რომ თქვენი პოლიტიკური გეგმები იმ პარტიას დაუკავშირეთ, რომელიც საზოგადოების უმეტეს ნაწილში პრორუსულად მოიაზრება?

- მოგახსენებთ. ხედავთ, რომ საქართველოში მთლიანი ბრძოლა ეროვნულად ქართველების და პატრიოტების წინააღმდეგ მიდის. თუ რაიმე პატრიოტული წამოგცდება, ქართულ განცხადებას გააკეთებ, პირდაპირ პრორუსულობას მოგაწერენ, ნებისმიერ ადამიანს. ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ქართველებისთვის და საქართველოსთვის ვიბრძვით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომგებიანი პოზიციები ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას. ინიციატივები ავიღოთ ხელში. რუსეთს ჩვენი ვალი აქვს და მევალესთან თუ არ მიხვედი და არ მოსთხოვე ის, რაც მართებს, დაგიბრუნებს რამეს? შენ უნდა წახვიდე და იმას მოელაპარაკო, რომელთანაც თვითონ რუსია მოლაპარაკებული და ერთმანეთში ფულიც ნაშოვნი აქვთ მათ, სააკაშვილს 4,5 მილიარდი დოლარი გადმოურიცხეს, როცა კოდორი ჩააბარა. იმ ფულს დღემდე ვერ პოულობენ. სწორედ ესენი მუშაობენ იმაზე, რომ პატრიოტული ძალები წინ არ გაგვიშვან და იარლიყები მოგვაწებონ.

რუსებს ისეთი მესიჯები უნდა გავუგზავნოთ, რომ გონს მოეგონ. რუსეთმა ქართველების ხელით ჩამიგდო ხელში და გაიქცაო, რომ ამბობდნენ, პირიქით, ჩამიტყუეს, იქ სპეცრაზმი დამახვედრეს, დამიჭირეს და ისე წამიყვანეს. რატომ მოიქცნენ ასე, თუ რუსები მათი მტრები იყვნენ? ეს ერთი და იგივე „კამანდა“ იყო სააკაშვილისა და რუსეთის მხრიდან. ამიტომაც დაეხმარნენ.

სანამ, სააკაშვილსა და ოქრუაშვილს კონსტიტუციის ორი მუხლის დარღვევით ჯარი მოჰყავდათ კოდორისკენ, რუსული ორი საგუშაგო გაიარეს, რომლებსაც ევალებოდათ, რომ იქ შეიარაღებული ხალხი არ გაეშვათ და არ გიჩნდებათ კითხვა, რატომ გამოატარეს? თუ ის რუსები ჩემკენ იყვნენ, რატომ გამოატარეს? სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილი და მისი ბანდა ასრულებდა რუსულ დავალებას. ამიტომაც გაუხსნა გზა და ჩემ საწინააღმდეგოდ გამოუშვა. კიდევ რამე ამოცანაა ამოსახსნელი აქ?

- დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბევრს ადებენ ხელს, რუსეთის აგენტიაო...

- ეს ამ ხელისუფლების სისუსტეა, სუსში თუ რეფორმები არ განხორციელდა, თუ მოღალატეებისგან არ გაიწმინდა, თუ უშუალოდ ქართული არ გახდა და არა - მოსკოვსა და ვაშინგტონზე დამოკიდებული, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.

- თუკი, თქვენი თქმით, ჩვენი უშიშროება ყოველთვის რუსეთსა და აშშ-ზე იყო დამოკიდებული, ეს ხომ ნებისმიერი მინისტრის პირობებში ასე გაგრძელდება? დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია ამ გიგანტი ქვეყნების ფონზე?

- როგორ არა, ძალიან კარგად შეუძლია, თანაც უშიშროებას ბევრი სპეციალური საშუალება აქვს, რომ მოწინააღმდეგესთან ითანამშრომლოს, მას ეგონოს, რომ თანამშრომლობ და სინამდვილეში, შენ შენი ქვეყნის საქმეს აკეთებდე. თუმცა, ვერ ვხედავ, ვინმე ამ ქვეყნის საქმეს აკეთებდეს.

მთელი საქართველომ იცის, რომ ოსებმა რუსეთს ცხინვალის რუსეთთან შეერთების მოთხოვნით მიმართეს. ეს ამბავი ხელისუფლებამაც იცის და „ევრონაცებმაც“, მაგრამ გაყუჩულები არიან. ესენი ვითომ რუსებს ებრძვიან და როცა გადაეცემა, მერე იტყვიან, აი, ჩვენ ხომ ვამბობდითო... სინამდვილეში, რუსები „ნაციონალებს“ გაძლიერების საშუალებას აძლევენ. ეს მათი აგენტურაა.

აგენტი რას ნიშნავს? აგენტი ისაა, ვინც მაგალითად, თვითმფრინავით ბრიუსელში ჩაფრინდება და იქ მოსკოვიდან ჩასულ ვინმეს შეხვდება, ჩუმად რაღაცას გადაწყვეტენ და მერე, ქვეყნის საზიანოდ მოქმედებენ. ის, რომ ადა მარშანია, გიორგი ლომია ადგებიან და ღიად ჩაფრინდებიან მოსკოვში, რომ საქართველოს სასარგებლო მოლაპარაკება აწარმოონ, ეს არანაირად არ ჯდება აგენტურულ ქსელში. ამას ვთავაზობთ ხელისუფლებასაც, ნუ გეშინიათ, ნუ უსმენთ და ნუ იმართლებთ თავს ბოკერიას წინაშე. ადექი, შეხვდი და იმუშავე შენი ქვეყნის სასარგებლოდ! მიდი, თქვი შენი სათქმელი და იქიდან 20%–იც რომ წამოიღო შენთვის სასიკეთო, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.

– სააკაშვილის დროს, არაერთხელ გაგვიგია მსგავსი ფაქტი, როგორ ხვდებოდა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი რუსეთის წარმომადგენელს ევროპის რომელიმე ქვეყანაში...

– დიახ, 2007 წელს, აქ ძალიან რომ გაუჭირდათ, ხალხში ქუჩაში გამოვიდა და დაარბიეს, ქალაქ მინსკში გივი თარგამაძე იყო ჩასული, მას ჩემთვის ნაცნობი ერთი პიროვნება ახლდა და იგორ გიორგაძის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სასაუბრო თემა იყო თუ როგორ გადაერჩინათ სააკაშვილი და შეენარჩუნებინათ ხელისუფლება. ამისთვის დახმარება იყო საჭირო. აფხაზეთში სპეციალური საწყობი იყო, სადაც ქართული ფორმები ეწყოთ, შავი ფერის და 2007 წელს, მასში გადაცმული რუსული სპეცრაზმი ჰყავდათ შემოყვანილი, დამზღვევად, ე.წ. „სტრახოვკის“ ამბავში და თუ დამატებითი ძალა დასჭირდებოდათ, მიიხმარდნენ.

 ომის დროს, მე რუსებს უამრავი ზარალი მივაყენე, რამდენი „ვერტალიოტი“ ჩამოვუგდეთ, რამდენი ტექნიკა ავუფეთქეთ, ხალხი დავუხოცეთ. პარტიზანული ომი არასდროს გვიწარმოებია დაკარგულ ტერიტორიებზე, მაგრამ ჩვენ გარკვეულ ტერიტორიებს კბილებით ვიცავდით. 30% ხელში გვეჭირა და მეტის პრეტენზია არ გვქონდა, ამისი შენარჩუნება გვინდოდა და 15 წელი ვიცავდით. სააკაშვილმა კი ბანდიტებად გამოგვაცხადა. ათას რამეს გვაბრალებდნენ, ხალხის მოტაცებას. ბოლოს მე ვიყავი გუბერნატორი და რომელ ჭკუათმყოფელ გუბერნატორს უნდა, რომ მასთან ასეთი ფაქტები დაფიქსირდეს?

კიდევ უფრო ადრე, ხალხს ერთმანეთს აბეზღებინებდნენ და ახოცინებდნენ, იქ თავიანთი აგენტები ჰყავდათ და ვინღა დარჩებოდა ხეობისთვის მებრძოლად? მე აქაც აღარ დამაყენეს და უკრაინაში წავედი, მაგრამ ჩამოვედი თუ არა, ყრილობა გამოვაცხადე  და მთელი ხეობიდან 40 კაცი შეიკრიბა, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, უკვე განადგურებული იყო ხეობა... მერე, მინისტრად დათო თევზაძე მოვიდა და ერთობლივად დავიწყეთ მუშაობა, მან მაგარი საქმეები გააკეთა, მიმართულება შექმნა, ეს ყველაფერი ხელახლა შემოვატრიალეთ, გავაძლიერეთ და ყველაფერი ისევ კარგად წავიდა.

თუმცა, პრობლემები ამით არ დასრულებულა, ამის მერე იყო, ჩვენმა უშიშროებამ ჩეჩნები რომ შემომიყვანა, მერე, დესანტი. ჩეჩნებმა კი დაგვბომბეს, მაგრამ გელაევი გამოვიყვანეთ  და თავის ადგილზე მივიყვანეთ. ერთ-ერთმა გამოცემამ კი დაწერა, კვიციანმა, კობალაძემ და თამაზაშვილმა გელაევს უღალატესო. თუ ვუღალატე, მაშინ როგორ გადავარჩინე და როგორ შეეძინა მერე ტყუპი ბიჭი? ვუღალატე კი არა, მე და გელაევმა ერთმანეთს ძმობა შევფიცეთ, იმდენ ადგილას გადავარჩინე.

ჩემზე სტატია რომ დაწერეს, უკვე მივხვდი, რასაც მიპირებდნენ. დათო თევზაძესთან მივიდა ერთი ბიჭი და უთხრა, ემზარს ხმა მიაწვდინეთ, ორი ადამიანია, ვისაც მისი ლიკვიდაცია აქვს დავალებულიო. დათომ მაშინ ეს ვერ მომაწვდინა, მაგრამ მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემთვის უნდა ეღალატათ...

შევარდნაძემ პირდაპირ მითხრა... როცა გავდიოდი, კარიდან დამიძახა – ემზარ, მოდი აქ. იცოდე, ემზარ, განწირული ხარ, მაგრამ ერთი კაცი არაფერს ნიშნავს სახელმწიფოსთვის, არც შენ და არც – მე. ასე მითხრა, სიტყვა–სიტყვით და მისი ეს სიტყვები, თავისი ჩვეული ინტონაციით, ყურებიდან არასდროს ამომივა. გადავეხვიე და ვაკოცე, ვუთხარი, მადლობელი ვარ, რომ გამაფრთხილე, მე ეს ვიცი, მაგრამ სხვებმა არ მითხრეს, მარტო შენ მითხარი, მაგრამ მე დავბრუნდები–მეთქი! რისი იმედი მქონდა არ ვიცი, „კრუგომ–ბეგომ“ გაყიდული ვიყავი, მაგრამ მე დავბრუნდი! უფლის ძალა სხვა რამაა!

მოკლედ, ამ თემაზე ბევრი რამ შეიძლება გავიხსენო, მაგრამ ამჯერად აქ დავასრულებ საუბარს...

 

ავტორი: თამთა დადეშელი