არასოდეს უნახავს დედა... მამა ბუნდოვნად ახსოვს - გზა ბავშვთა სახლიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე

12:40 11-05-2019
45918

მერე რა, რომ ცხოვრებამ ლანგარზე მორთმეული არაფერი გარგუნა, მერე რა, რომ არასოდეს გიგრძვნია მშობლების სითბო, სიყვარული... შეუძლებელი არაფერია... უნდა ადგე და ბედისწერას მკლავი გადაუწიო! ამაში უფრო ღრმად დავრწმუნდი, როცა ბათუმელი მკლავჭიდელი გოგონას ისტორია მოვისმინე.  

მარინე ფუტკარაძე ურეხის ბავშთა სახლში  გაიზარდა. როგორც ის ამბობს, არასოდეს უნახავს დედა...  მამა ბუნდოვნად ახსოვს, რადგან 8 წლის იყო, როცა ბავშთა სახლში მიიყვანა და მას მერე არც გამოჩენილა... დედის  გარდაცვალების შესახებ ბავშთა სახლში აცნობეს, თუმცა არც ის ახსოვს, რა განიცადა მაშინ... იცის, რომ ყავს მამა და ორი და. 

როგორც მარინე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ბავშვთა სახლში ბევრი რამ შეიძინა. პირველ რიგში, ადამიანები, რომლებიც გვერდით დაუდგნენ და ცხოვრების ურთულესი პერიოდი გაუადვილეს. აღმზრდელ-მასწავლებლები და მეგობრები, რომლებთან ერთადაც იზრდებოდა, ყველაფრის გააზრებასა და გადატანაში დაეხმარნენ. პარალელურად მე–20 სკოლაში სწავლობდა.

width=600

მარინეს ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა. სხვებისგან განსხვავებული ბავშვი იყო. როცა ბავშვთა სახლში მიიყვანეს, საერთოდ არ ესმოდა. დროთა განმავლობაში ცალ ყურში შუილის ხმა გაუჩნდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ყურთასმენა ნაწილობრივ ჰქონდა.

მარინე ფუტკარაძე: „მახსოვს, ჩემმა აღმზრდელმა გიული თავბერიძემ ექიმთან მიმიყვანა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყურის აპარატი მქონოდა. როცა აპარტს ყურზე ვირგებდი საშინელი ხმაური გავიგონე და თავდაპირველად ძალიან შემეშინდა. უჩვეულო იყო ყველაფრის გაგონება, რაც აქამდე ძალიან ყრუდ მესმოდა, ისიც ცალ ყურში. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან შანსი მომეცა ლაპარაკიც მესწავლა. დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ გიულის ამ ყველაფრისთვის და ექიმს,  რომელმაც ეს აპარატი სრულიად უსასყიდლოდ გადმომცა... საოცრებაა გესმოდეს ყველაფერი, რაც გინდა. როცა აპარატს ვიხსნი, სრული სიჩუმე ისადგურებს“. 

როგორც თავად ამბობს, ბედნიერია, რომ ისეთ დიდ და თბილ ოჯახში გაიზარდა, როგორიც ურეხის ბავშვთა სახლია.  მისი დირექტორი გია ვერძაძე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებმა კარგი განათლება და აღზრდა მიიღონ.

მარინე ფუტკარაძე: „ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს სახლს ბათუმის მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი გოჩა შავაძე ესტუმრა. მკლავჭიდი ჩაატარეს და მომინდა მეც მომესინჯა ძალები. ჩემდა  გასაოცრად ყველას გადავუწიე მკლავი, მაშინ დაახლოებით 16 წლის ვიქნებოდი. როგორც ჩანს, დავამახსოვრდი და შემდეგ მოსვლაზე დირექტორისთვის უთქვამს – ეს გოგო გვჭირდებაო. წამიყვანა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში და გამაცნო ჩემი დღევანდელი მწვრთნელი თემურ ლიპარტაშვილი. აქედან დაიწყო ჩემი წარმატების ისტორია... მახსოვს, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და ვშრომობდი, რომ დიდი წარმატებისთვის მიმეღწია. ვიცოდი, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვას ვერაფერს შევძლებდი და ამიტომ ავირჩიე ის, რაც ყველაზე კარგად გამომდიოდა“.

width=600

ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მარჯვენა და მარცხენა მკლავით შეჯიბრში მარინეს რვა მედალი აქვს აღებული. შარშან, აჭარისა და საქართველოს ჩემპიონატში ერთდროულად ორი მედლის მფლობელი გახდა.

მარინე ფუტკარაძე: „პირველი წარმატება იყო ანტალიაში, სადაც მეორე ადგილზე გავედი. ევროპის ჩემპიონატში 55 კილომდე კატეგორიაში 16 წლამდე ასაკის გოგონების ნაკრებში 24 ქვეყნის მკლავჭიდელი იღებდა მონაწილეობას. ეს გამარჯვება იყო ჩემთვის ისეთი ბედნიერება, რომელსაც სიტყვებით ვერასდროს აღვწერ. იმ მომენტში განცდილ ბედნიერებასა და ემოციას ვერაფერს შევადარებ. ეს იყო ჩემთვის სტიმული, რომელმაც მომავალში მეტის კეთების სურვილი და შესაძლებლობა გამიჩინა. 2019 წლის 13 მაისს საბერძნეთში, პარალიმპიადაზეც გავედი, საიდანაც  ასევე მედლები ჩამოვიტანე. ბათუმის სპორტის დეპარტამენტს, მკლავჭიდის ფედერაციის წევრებსა და პირადად ჩემს მწვრთნელს თემურ ლიპარტაშვილს მადლობას ვუხდი გაწეული შრომისთვის... როცა 18 წლის გავხდი, როგორც წესია, ბავშვთა სახლიდან სხვა თანატოლებთან ერთად მეც მიშვებდნენ თუმცა წასასვლელი არსად მქონდა და დირექტორს ვთხოვე, რომ კიდევ 2–3 წლით დავრჩენილიყავი. მინდოდა სკოლაც დამემთავრებინა. მერჩივნა, იმათთან ვყოფილიყავი ვისაც მივეჩვიე... ისინი იყვნენ  ჩემი ოჯახის წევრები. ძალიან   მადლობელი ვარ ასევე ჩემი ერთ–ერთი აღმზრდელის ნატალია გლადიშევასი. ეს არის ადამიანი, რომლემაც უამრავი რამ მასწავლა: ქსოვით დაწყებული სწორი მეტყველებით დამთავრებული. მესაუბრებოდა ყველაფერზე, რა როგორ უნდა გამეკეთებინა, რისთვის უნდა მიმექცია ყურადღება... მეც ვუჯერებდი. უზომოდ მადლიერი ვარ მისი“.

width=600

ბავშთა სახლის შემდეგ ახალგაზრდა ჩემპიონი ბატონმა თემურ ლიპარტაშვილმა თავის სახლში შეიფარა. მარინე პარალელურად ვარჯიშობდა, გადიოდა მკლავჭიდის სხვადასხვა ჩემპიონატებზე... 

„ძალიან შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა, ვთვლი, რომ ქალს სხეული ყოველთვის ტონუსში უნდა ჰქონდეს. ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრეობდეს და რაც მთავარია იყოს წარმატებული“ - ამბობს მარინე.

 

როგორც მარინემ გაგვიმხილა შეყვარებული არასოდეს ჰყოლია. ყოფილა პერიოდები, როცა მოსწონებია ბიჭი, მაგრამ პირველი ნაბიჯი მას არასოდეს გადაუდგამს. თვლის, რომ ბიჭმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და ეს გოგოს საქმე არ არის. ზრდილობიანი და პატიოსანი ბიჭები მოსწონს. ისინი ძირითადად მკლავის გადასაწევად და თავიანთი ძალების მოსასინჯათ მიდიან მარინესთან, თუმცა უკან გაწბილებულები ბრუნდებიან. როგორც მარინე ამბობს, თუ კი ვინმე შეჰბედავს და სხვა კუთხით მიუდგება – მაშინ სიყვარულზეც დაფიქრდება.

ამჟამად  მარინე შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს მკლავჭიდში ავარჯიშებს. თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს. თავად დღეში 4–5 საათი ვარჯიშობს.

width=600

მარინე ფუტკარაძე: „მთელი ცხოვრება ვარჯიშს და სპორტს მივუძღვენი, მეგობრებთან ერთად ძალიან იშვიათად ვარ. არც ზღვაზე დავდივარ, ყველა მეუბნება, რომ პირად ცხოვრებასაც უნდა მივხედო, მაგრამ რატომღაც არ მაქვს ამის ინტერესი. სავარჯიშო დარბაზში აბონიმენტი ნახევარ ფასად მაქვს და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი მის მენეჯერს ბატონ ზაზა ზაქარიაძეს. მიყვარს იქაურობა და ყოველ დღე დავდივარ. ვარჯიში თავდაჯერებულობას მმატებს. მაგრამ ჩემთვის ხალხის სიყვარული და ემოციები უფრო მეტს ნიშნავს. მიყვარს, როცა გამარჯვების შემდეგ ბათუმის ქუჩაში უცნობი ადამიანები მხვდებიან, მაჩერებენ და მიღიმიან. ყველაფერი აინტერესებთ ჩემზე, მეკითხებიან, როგორი შეჯიბრი იყო, როგორ მოვიგე. ხალხის ასეთი ინტერესი და თანადგომა მამხნევებს და გულს მითბობა“.

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი