ეს ეკლესიაზე ახალი შეტევის მიზეზი გახდება - საპატრიარქო გეიფილმის პრემიერაზე

22:39 11-04-2019
309

„ეს ალბათ, გახდება მიზეზი ეკლესიაზე ახალი შეტევებისა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეკლესიას სულ აქვს საბრძოლველი და სულ დგას ამ ბრძოლის პირობებში“. - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სწორედ ამ ფილმის გამო უახლოეს პერიოდში ეკლესიის წინააღმდეგ ატყდება ისტერია.  

შვედურ - ქართულ - ფრანგული კოპროდუქცია ქართულ კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს გავა. ქართულ პრემიერამდე კი მსახიობები და რეჟისორი ქვეყანას ტოვებენ. ისინი ამერიკაში, წინასაოსკარე პრომოუშენისთვის მიემგზავრებიან. „პრაიმტაიმის“ კითხვაზე, ხომ არ არის ეს იმ ტალღისთვის ერთგვარი თავის არიდება, რომელიც პრემიერამდე და მას შემდეგაა მოსალოდნელი, ფილმის რეჟისორი, ქეთი დანელია პასუხობს: „არავითარ შემთხვევაში. მაისში იყო ეს ყველაფერი გადაწყვეტილი და დღეები დაემთხვა უბრალოდ. სამწუხაროა, საზოგადეობის ნაწილის რეაქციები, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება“.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერის პარალელურად, „ქართული მარში“ აქციებს აანონსებს და ამბობენ, რომ „როგორც გეი აღლუმი ჩაშალეს, ამ ფილმის პრემიერასაც ანალოგიურად ჩაშლიან“.

„ქართული მარშის“ წევრი სანდრო ბრეგაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აკავშირებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფილმის რეჟისორები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები „ნაციონალურ მოძრაობასთან“

„ამ ფილმის რეჟისორები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუ ნახეს ჩემი ინტიმური სცენები, და ნახა ბაჩო ახალაიამ, მე არ მეშინია. იმიტომ, რომ მე ყველანაირი გადახრების გარეშე ვცხოვრობ. მე ჩემი ინტიმური ურთიერთობები მქონდა საპირისპირო სქესთან და ამით მე ვარ ძლიერი“,- ამბობს სანდრო ბრეგაძე.

მისი თქმით, ფილმის ჩვენებას არ დაუშვებენ და კინოთეატრების ბლოკირებას მოახდენენ.