სად გადააქვთ კომაროვის სკოლა

17:39 11-04-2019
516

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა იხურება.

გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„კომაროვის სკოლის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში დამატებით ორ ფილიალს - თბილისსა და ბათუმში აშენებს.

თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე, „განათლებისა და მეცნიერების ქალაქში“ კომაროვის სკოლის ფილიალის მშენებლობა 1 კვირაში დაიწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება. 350 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე ტიპის შენობა ადაპტირებული იქნება სსსმ მოსწავლეებისთვის. მოეწყობა  საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები და მოედნები. სკოლა თანამედროვე სასკოლო ინვენტარით აღიჭურვება.

ბათუმში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კომპლექსის ფარგლებში კი კომაროვის სკოლის მეორე ფილიალის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დაახლოებით 1 თვეში დაიწყება და 2020 წლის სექტემბრამდე დასრულდება. კომაროვის სკოლის ეს ფილიალი  250 მოსწავლეზეა გათვლილი. 3-სართულიან თანამედროვე ტიპის შენობაში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ასევე ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სპორტული მოედნები.

სკოლების მშენებლობა თანამედროვე სტანდარტებით, მათ შორის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალით განხორციელდება.

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თბილისში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა 2019 წლის იანვარში დააანონსა. შესაბამისი სატენდერო პროცედურების შემდგომ, კომპლექსის მშენებლობა 2019 წლის მაისში დაიწყო, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა კი უახლოეს 10 დღეში დასრულდება“, - ნათქვამია განცხადებაში.