რატომ არ დაუწესა მეუფე პეტრეს სინოდმა უფრო მკაცრი სასჯელი - ხშირად დასმულ შეკითხვებს საპატრიარქოს წარმომადგენელი პასუხობს

15:26 11-04-2019
17

საპატრიარქოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, კანონიკური სამართლის კათედრის გამგემ, დეკანოზმა ლონგინოზ სუარიშვილმა ისაუბრა.

ლონგიზ სუარიშვილმა საზოგადოებაში ბოლო პერიოდში გაჩენილ კითხვებს უპასუხა. „პრაიმტაიმმა“ მნიშვნელოვანი აქცენტები გააერთიანა.

რატომ არ დაუწესა მეუფე პეტრეს სინოდმა უფრო მკაცრი სასჯელი?

სინოდის სასჯელი იყო მღვდელმსახურების შეწყვეტა, რასაც მეუფე პეტრე დაემორჩილა და მოხდა ეპარქიის გადაბარება. ამას რომ არ დამორჩილებოდა, მაშინ სინოდი უფრო მკაცრ სასჯელს დააკისრებდა.

ჩატარდება თუ არა წმინდა სინოდის სხდომა უახლოეს მომავალში?

ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი, რადგან ჩვენ ვითვალისწინებთ ადამიანის მდგომარეობას, რომ ის ახლა შესაძლოა გაღიზიანებულია, ბოლომდე ვერ აცნობიერებს. ეკლესია მოწიწებით ეკიდება თითოეული ადამიანის სინანულის დონეს, დავაკვირდებით მის ქმედებებს და გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ.

საკმარისია თუ არა სინოდის სხდომის წელიწადში ორჯერ ჩატარება?

საეკლესიო კანონების მიხედვით, უკიდურეს მდგომარეობაში, სინოდის სხდომის ჩატარება წელიწადში ერთხელაც კი საკმარისია. თუმცაღა, ეს არ ზღუდავს იმ ფაქტს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სინოდი შესაძლოა წელიწადში ათჯერაც იყოს მოწვეული. ვფიქრობ, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეც არის ის, რომ ერთი წელი ისე გავიდა, რომ სინოდის სხდომა არ ჩატარებულა და მხოლოდ წელს მოხერხდა.

მაგრამ ეს არ გახლავთ ისეთი ხარისხის კანონიკური დარღვევა, რისთვისაც შეიძლება ეკლესია სერიოზულ დანაშაულში დავადანაშაულოთ. პატრიარქმა სინოდზე აღნიშნა, რომ ამის მერე კარგი იქნება კიდეც, რომ  სინოდის სხდომები ხშირად გაიმართოს.

რამდენად მისაღებია და რას ნიშნავს სინოდის სხდომა ლაივში?

არ არის აპრიორი, რომ სინოდის სხდომა ლაივში ჩატარდეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისგან სინოდის სხდომა დაფარულია. ოქმი იწერება და ხდება საჯარო. ამიტომ ღირს თუ არა რომელიმე სინოდის სხდომის ლაივში ჩატარება, პატრიარქისა და სინოდის წევრების გადასაწყვეტია.

ზოგადად არცერთ ეკლესიაში ამის პრაქტიკა არ არსებობს. თუ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა და ისეთი საკითხის განხილვა ხდება, რაც ფართო საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს, მაშინ, შესაძლოა, გამონაკლისის სახით რაიმე პრეცედენტი მოხდეს. 

თუ მეუფე პეტრე არ მოინანიებს - როგორი იქნება მისი სასჯელი?

როცა ადამიანი გარკვეული კანონიკური სანქციების მერეც არ ნანობს თავის ქმედებას. ამის შემდეგ მასზე უფრო მძიმე სასჯელის დაწესება ხდება. სასულიერო პირის შემთხვევაში ეს შესაძლოა განკვეთით დასრულდეს და მისი დაყვანა ერის კაცის დონეზე მოხდეს.

შეიძლება თუ არა, რომ იმ სასულიერო პირებსაც შეუჩერდეთ სტატუსი, რომლებმაც მეუფე პეტრეს ღიად დაუჭირეს მხარი?

იღუმენია თამარმა და კიდევ რამდენიმემ მხარი დაუჭირა მეუფე პეტრეს და ზოგიერთმა მათგანმა ეპარქიაში მსახურებაზე უარიც კი განაცხადა.

თუ მათ გაიზიარეს მისი შეხედულებები და პიროვნულად მხარი დაუჭირეს - ეს არ არის ისეთი სახის  დანაშაული, რის გამოც შესაძლოა ადამიანი დასაჯო და ა.შ.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეპარქიაში მსახურებაზე უარი განაცხადეს, ეს უკვე არის ახალი ეპისკოპოსის მიმართ ურჩობის გამოვლენა. რაც ბუნებრივია, კანონიკური დარღვევაა. თუმცა, შეიძლება რომ ამას ეკლესია გაგებით მოეკიდოს და არანაირი რეაგირება არ მოახდინოს.

რატომ არ მიიღო სინოდმა მეუფე იაკობთან დაკავშირებით უფრო მკაცრი ზომები?

მისი დანაშაული იყო არა ფაქტის გახმაურება, არამედ გამოხატვის ფორმა და ამ ფორმაზე მან ბოდიში მოიხადა. როგორც თვითონ თქვა, ის ბერია და ამ განცხადებებით განთავისუფლდა იმისგან, რასაც აქამდე საიდუმლოდ ინახავდა. სინოდის დაწყებამდე მეუფე იაკობმა ფორეპისკოპოსის მოვალეობა და საფინანსო სამსახურის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

ამის შემდეგ სინოდმა მკაცრი ზომების მიღება საჭიროდ აღარ ჩათვალა. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რაზეც მეუფე იაკობმა ისაუბრა, ამით უკვე შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს  სინოდის სხდომა საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და სკანდალური ინფორმაციით დასრულდა.

სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.

ამასთან ერთად გაირკვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.

სკანდალუმა განცხადებამ სრულიად ერი აალაპარაკა: პოლიტიკოსები, სასულიერო პირები,ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები მეუფე პეტრეს აკრიტიკებენ.