მე არ ვიცნობ პიროვნება მეუფე პეტრეს, მე ვიცნობ მოქალაქე პაატა ცაავას - საპატრიარქოს იურისტი

16:29 11-02-2019

„მე არ ვიცნობ პიროვნება მეუფე პეტრეს, მე ვიცნობ მოქალაქე პაატა ცაავას"- ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეს გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

„ვიღაც თვითმარქვია, თუ ვიღაც თეოლოგების სულელურ განცხადებეზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ეს არის სისულელე. მე იმ ადამიანებზე ვსაუბრობ, რომლებმაც ელემენტარულად მართვა-გამგეობის დებულება და კანონიკური სამართალი არ იციან, ან იციან და შეგნებულად ამახინჯებენ“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

განყენებული მეუფე პეტრეს თქმით, მოციქულთა კანონის ის მუხლი, რომლითაც ის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დასაჯა, არარელევანტურია, რადგან მისივე განმარტებით, 55-ე მუხლში ნათლად წერია, რომ მუხლი მაღალი იერარქიის პირებს არ მიესადაგება და ის მღვდლებისთვისაა განკუთვნილი.

მომიყენეს მოციქულთა კანონის მუხლი აბსოლუტურად არაადეკვატურად. ეს ეპისკოპოსს არ ეხება, ეს ეხება კლერიკოსს, რომელიც ეპისკოპოსზე დაბალი რანგია, უკვე შეცდომაა. კანონიკური სამართლის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,” – ამბობს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა.

ამასთან, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას თქმით, ყოფილი ქორეპისკოპოსის იაკობის შემთხვევაში სჯულის კანონის მუხლი საერთოდ არ არის მითითებული.

„წარმოგიდგენიათ? ჩემზე არასწორადაა მუხლი მითითებული და მასზე მუხლიც კი ვერ მოიფიქრეს, რომ ფორმალურად დაეწერათ რამე, თუ რამუხლით დაისაჯა ბოდბელი ეპისკოპოსი თავისი უპასუხისმგებლობის გამო,”- ამბობს მიტროპოლიტი.

სინოდის სხდომის ოქმის მიხედვით, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის „პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვაში მხილების” გამო განაყენეს სინოდიდან, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე “აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად”.