პირველად ჭყონდიდის ეპისკოპოსად მოვიხსენიეთ მეუფე გრიგოლი, ჩვენთვისაც ეს თავიდან მძიმეა - მამა გოჩა ცაავა

15:59 11-02-2019
31

ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში შაბათის ტრადიციული წირვა აღევლინა. მამა გოჩა ცაავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მათთვის მძიმეა, ჭყონდიდის მიტროპოლიტად წირვაში მეუფე პეტრეს რომ აღარ იხსენებენ.

„დღეს, პირველად ჩვენ ჭყონდიდის ეპისკოპოსად მოვიხსენიებთ მეუფე გრიგოლს, ჩვენთვისაც ეს თავიდან მძიმეა, მაგრამ ღვთის განგებულებას, სინოდის გადაწყვეტილებას ვღებულობთ და ხვალ პირველ წირვას ჭყონდიდის ეპარქიაში შეასრულებს მეუფე გრიგოლი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ლოცვა საქართველოს ეკლესიის გაძლიერებისთვის და მორწმუნეებისთვის, იმიტომ რომ ლოცვა გადაგვარჩენს და ლოცვა გადაარჩენს მთელ სამყაროს, - განაცხადა მამა გოჩა ცაავამ.

ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე ბერი მამა მათე ამბობს, რომ მეუფე პეტრემ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ეპარქიაში მონასტრების აღდგენისთვის. სასულიერო პირი იმედოვნებს, რომ ეპარქიის ახალი მმართველი ამ საქმეს გააგრძელებს:

„აქ არაფერი არ იყო მეუფე რომ მოვიდა, მაგრამ ღმერთის სიყვარულით და მეუფის ერთგულებით... ღმერთმა ქნას მისცეს ახალ ეპისკოპოსს იმის შემართება და ძალა, რომ ეს საქმე გააგრძელოს, - ამბობს ბერი მათე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, განყენებული მიტროპოლიტ პეტრეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ის ჭყონდიდის ეპარქიას დატოვებს. პეტრე ცაავას არჩევანი და თხოვნა იყო ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განწესება. პატრიარქის შესაბამისი ბრძანებით, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა.

ავტორი : თეა შონია