შიომღვიმის მონასტერი - ურჩი მღვდელმსახურების თავშესაფარი

13:08 11-02-2019
8634

საპატრიარქომ გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ  1 ნოემბერს, ხელმოწერილი ბრძანება:

„ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე“.

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც დასჯილი ღვთის მსახური სწორედ შიომღვიმეში განწესდება, მოსანანიებლად.

2000 წლიდან ჩატარებულ სინოდის სხდომის ყველა ოქმს გადავალეთ თვალი და აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა წლებში არაერთხელ განუმწესებია პატრიარქს ესა თუ ის განკვეთილი ღვთის მსახური შიომღვიმეში. სხვა მონასტერი მოსანანიებლად არც მოიხსენიება.

მაგალითად, 2002 წლის 17 ოქტომბერს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე გამოტანილი განჩინების მიხედვით: „მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსი ქრისტეფორე ასრულებს ცრუ ღვთისმსახურებას და შეცდომაში შეყავს მორწმუნე მრევლი; მისი მღვდელმოქმედება არაკანონიკურია. წმიდა სინოდმა განაჩინა: მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაიგზავნოს შიომღვიმის მონასტერში მოსანანიებლად. მონანიების შემთხვევაში, მის შესახებ იმსჯელებს წმიდა სინოდის შემდგომ სხდომაზე“.

ქრისტეფორე წამალაიძე ზვიად გამსახურდიას მოძღვარი გახლდათ, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაშიც. 1995 წლის 17 სექტემბერს ის წმიდა სინოდის განჩინებით გამოიყვანეს წმიდა სინოდის შემადგენლობიდან, ჩამოერთვა ეპარქია და აეკრძალა მღვდელმოქმედება.  

 width=600

ასევე, 2006 წლის 21 დეკემბერს წმინდა სინოდმა მოისმინა აკრძალვაში მყოფი მღვდლის, ნოდარ ქათამაძის სინანულის წერილი და  განაჩინა: „ნოდარ ქათამაძე აღდგეს სამღვდლო ხარისხში და განწესდეს შიომღვიმის მონასტერში“.

მამა ნოდარ ქათამაძე გახლდათ მთავარეპიკოპოს ამბროსი ქათამაძის შვილი. ნოდარ ქათამაძე საზოგადოებას 2015 წელს მომხდარი ფაქტით დაამახსოვრდა: მამა ნოდარ ქათამაძე, რომელსაც მღვდელმსახურების უფლება აღუდგა 2006 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომაზე, 2015 წლის 5 მაისს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. როგორც მისი სიმამრი, დავით მაისურაძე აცხადებდა, ამოღებული ნივთები მას ეკუთვნოდა.

width=600

2006 წლის ამავე სხდომაზე წმინდა სინოდმა კიდევ ერთხელ მოისმინა მღვდელმოქმედება აკრძალული ქრისტეფორე წამალაიძის წერილი და კვლავ შეუძლებლად მიიჩნია მისი სამღვდელმთავრო ხარისხში აღდგენა. წმინდა სინოდმა ის განაწესა  შიომღვიმის მონასტერში და მოუწოდა სინანულისაკენ.

ამავე დღეს წმინდა სინოდმა მოისმინა მღვდელმოქმედება აკრძალული ამბროსი ქათამაძის წერილი და  შეუძლებლად მიიჩნია მისი სამღვდელმთავრო ხარისხში აღდგენა. წმინდა სინოდი განაწესებს მას შიომღვიმის მონასტერში და მოუწოდებს სინანულისაკენ.

ამბროსი ქათამაძე 1991-1992 წლებში აქტიურად უჭერდა მხარს ზვიად გამსახურდიას, 1992 წელს კი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. 1994 წლის თებერვალში გროზნოში  წესი აუგო საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას. მეუფე ამბროსი 1992-2005 წლებში მოსკოვში იმყოფებოდა და აირჩიეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაპირისპირებულ „ისტინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ თავმჯდომარედ, რომელმაც ის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად აირჩია. 1992 წლის 12 მაისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ამბროსი ქათამაძე გაათავისუფლა ნიკორწმინდის ეპარქიის მმართველობიდან, ხოლო 1998 წლის 8 ოქტომბრიდან წმინდა სინოდის განჩინებით ჩამოერთვა ბერობის ხარისხი და დაყვანილი იყო ერისკაცობამდე. მეუფე ამბროსი 2008 წლის 27 ნოემბერს საკუთარ ბინაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.

width=600

ავტორი: მარი ჯაფარიძე