გოგოს „ემარიაჟებოდა“ - ასეთი წმინდანი რომ ვიყო, თავს ავიფეთქებდიო - მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლანზე

10:48 11-02-2019
21577

„მე მის „ფეისბუკსაც“ და ტელეფონსაც ყოველთვის ვათვალიერებდი, მაგრამ იცით, რა არის? რაც მას ჰქონდა გაზიარებული, ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მაგაზე ათჯერ უარესი პოსტები ედოთ“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილი, მისი ვაჟის -თემირლან მაჩალიკაშვილის „ფეისბუქ“-პოსტებთან დაკავშირებით.

„რაც სირიის ომი დაიწყო, ყველა იმ მიზნით მიდიოდა, რომ რუსებთან ებრძოლათ. მანდ სხვა მიზნით არავინ მიდის. იქ მუსულმანებს ხოცავენ, მაგრამ რუსეთიდანაა ეს წამოწყებული. ეს ჩეჩნეთიდან გამოგვყვა. მთელი ჩეჩნეთი ხომ გაანადგურა და იქიდან წამოსულების შვილები სირიაში მიდიოდნენ. ამიტომ, ეს თემა მათთვის ყოველთვის აქტუალური იყო, ყველას „ფეისბუკში“ შეგიძლიათ ნახოთ გაზიარებული მსგავსი ვიდეოები. ამიტომ, თემირლანის „ფეისბუკზე“ ისეთი არაფერი არ იყო.

ახლა ჩემი ტელეფონი მათ აქვთ და შეიძლება ჩემს ტელეფონში უფრო მეტი რამ იყოს, ვიდრე თემირლანის ტელეფონში. იქ ბავშვებს ხოცავენ, ვიღაცები მეცოდებიან და მეც გამოვთქვამ ხოლმე ჩემს აზრს. ამათ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ და თემირლანის ტელეფონი მისი მკვლელობის მერე ამოიღეს, მანამდე მის „ფეისბუქში“ რა ხდებოდა, ამათ ხომ არ იცოდნენ? 15 000 ფაილია და იქ ერთგანაც კი არ არის ნახსენები იარაღიც კი. თავისი ძმადნაფიცის შეყვარებულს სადაც ესაუბრება, იქ ამბობს, მეც თავს ავიფეთქებო და ეს ისე თქვა, გაიხუმრა. ტექნოლოგია და ინფორმატიკა მისი სპეციალობა იყო და რამე საეჭვოს ტელეფონით იტყოდა? ან რაში სჭირდებოდა? ის გოგონა ეკითხება, სირიაში რატომ არ მიდიხარო და ამან უპასუხა, იმიტომ, რომ მე დედაჩემისთვის ერთი ვარ და ვინც ბევრნი ხართ, ისინი წადითო. ეს ერთი, და სირიაში რომ წავიდე, ასეთი წმინდანი რომ ვიყო, იქ მეტროში თავს ავიფეთქებდიო. თან იცინის ამას რომ ამბობს, უბრალოდ, „ემარიაჟება“ იმ გოგოს. ამათ კი მკვლელობის მერე ამოღებულ ტელეფონში მეტი ვერაფერი ნახეს და ეს ფრაზა დაიხვიეს ხელზე. რამეს თუ აპირებდა, ერთი წელიწადი ხომ აქ იყო თემირლანი? მაგრამ სახლში ჩამოვიდა და ინგოროყვას ვაკანსიას ელოდებოდა. ბოლო 2-3 თვე სახლში იყო. თემირლანთან იმ ვიდეოში რომ ბიჭი იყო, ვაგზალზე, 3 დღის წინ, ჩემთან იყო აქ მოსული, პატიოსანი, წესიერი ბიჭია, კარგი ოჯახის შვილი, მას იმ ვიდეოში სახე დაუფარეს, თემირლანი კი გვანახეს. ის ბიჭები, რომლებიც თემირლანს ახლდნენ, ზუსტად ამ ბიჭის სახლში ცხოვრობდნენ, ორი წელი“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს ეკუთვნოდა FB გვერდი Temirlan Pankiski. ცნობილია, რომ 2016-2017 წლებში, Temirlan Pankiski-ის არაერთი ვიდეო აქვს ატვირთული და გამოქვეყნებული, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდას შეიცავს. ერთ-ერთ ვიდეოში ის გლოვობს „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ლიდერს თარხან ბათირაშვილს. გარდა ამისა, ის ფოტოებსა და ვიდეოებს დებდა ISIS-ის მებრძოლების შესახებ წარწერით - ისინი ალაჰისთვის კლავენ და ალაჰისთვის კვდებიან.

 

ავტორი: თამთა დადეშელი