სირიასა და ერაყში საქართველოს 14 მოქალაქე „ისლამურ სახელმწიფოს“ უჭერს მხარს - სახელმწიფო დეპარტამენტი

09:06 11-02-2019

საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის დიდი ხნის წევრია და ის 2018 წელს კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში აშშ-სთან ერთად განაგრძობდა აქტიურ ჩართულობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმთან დაკავშირებულ ანგარიშს 1tv ავრცელებს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, სამართალში მისცა და გაასამართლა რვა ადამიანი, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის, ახმედ ჩატაევის მხარდაჭერისთვის, რომელიც 2017 წელს, თბილისში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშით, სირიასა და ერაყში საქართველოს დაახლოებით 14 მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ტერორისტულ ჯგუფებს უჭერენ მხარს. კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერების მიზნით, არაერთი ცვლილების განხორციელებით, საქართველომ დააფუძნა მუდმივი უწყებათაშორისი კომისია, რომელიც მუშაობს საქართველოს ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს, საქართველოში ტერორისტული ინციდენტი არ ყოფილა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანით, საქართველომ გააძლიერა კონტრტერორისტული კანონმდებლობა, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს უფრო დიდ უფლებამოსილებას აძლევს საგარეო იურისდიქციებთან დაკავშირებულ საქმეებზე. ახალი ცვლილებებით, გამომძიებლებს და პროკურორებს მოწმეების დისტანციურად გამოკითხვის უფლება აქვთ ან საზღვარგარეთ დარეგისტრირებულ ადამიანებზე, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, უცხოური იურისდიქციის კონტროლით შეუძლიათ მიიღონ კომპიუტერული მონაცემები და აწარმოონ გამოძიება და ექსპერტიზა უცხოურ იურისდიქციაში მისი თანხმობით.

„საქართველოს ძირითადად შეუძლია, გამოავლინოს, შეაკავოს და პასუხი გასცეს ტერორიზმის ინციდენტებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებს და კარგად არის აღჭურვილი და გაწვრთნილი. სამსახურის კონტრტერორიზმის დანაყოფი რეგულარულად იწვრთნება და აღიჭურვება. 2018 წელს, კონტრტერორიზმთან დაკავშირებული მანდატების მქონე უწყებებთან თავსებადობის და თანამშრომლობის გასაძლიერებლად, საქართველომ ასევე ჩაატარა წვრთნები. 2018 წელს, კანონმდებლობის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, საქართველომ გადადგა ნაბიჯები საზღვრის, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. მაისში, საქართველომ თავისი ეროვნული სასაზღვრო მონაცემთა ბაზის ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში ინტეგრირება მოახდინა. 2018 წლის განმავლობაში, საქართველომ გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა სომხეთთან და თურქეთთან სასაზღვრო ზონასთან ოთხ სასაზღვრო სექტორზე. საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ აამოქმედა სათვალთვალო და სადამკვირვებლო სისტემები სომხეთის საზღვართან, სამ სასაზღვრო სექტორზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ოქტომბერში, აშშ-მა საქართველოს სანაპირო დაცვას ორი საპატრულო ნავი გადასცა, საქართველოს მთავრობამ კი დაამტკიცა გაერთიანებული საზღვაო ოპერაციების ცენტრის ახალი დებულება და განაახლა ინფორმაციის გაცვლის წესები და პროცედურები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ხარისხის კონტროლის 23 ღონისძიება ჩაატარა, მათ შორის, შემოწმებები, აუდიტები და ფარული გამოცდები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკების მართვის პროცესების ეფექტურობის შესაფასებლად, 25 ფინანსური ინსტიტუტი ადგილზე შეამოწმა.

ანგარიშში, საქართველოსთან დაკავშირებული ქვეთავის ბოლოს წერია, რომ 2018 წელს, უსაფრთხო კომუნიკაციის ხაზებზე და სამეკავშირეო შეთანხმებაზე, საქართველომ ევროპოლთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რაც კომუნიკაციისთვის ევროპოლის უსაფრთხო ხაზების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. აქვე აღნიშნულია, რომ 23 ქვეყანასთან და ევროკავშირთან ერთად არსებული შეთანხმებების პარალელურად, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის და ორმხრივი დაცვის შეთანხმებებს საქართველომ ხელი მოაწერა ალბანეთთან, მოლდოვასთან და იტალიასთან და მსგავსი შეთანხმებები გააფორმა გერმანიასთან და ბელარუსთან.