„თამაშობს ყველა: პოლიციელი, პარლამენტარი, მერი“ - აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

20:24 11-01-2019
227

სახელმწიფო კანცელარიასთან აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. მომიტინგეებს შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები იყვნენ: პარლამენტარები ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე, თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ თამარ ჯაფარიძე. 

width=550

აზარტული თამაშების რეგულაციის კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ლევან გოგიჩაიშვილმა საზოგადოებასა და ხელისუფლებას აქციიდან კიდევ ერთხელ მიმართა. მან თამაშების დაწესებულებების შემაშფოთებელ ფინანსურ ბრუნვაზე ისაუბრა. 

„როცა კანონპროექტს პარლამენტი განიხილავდა, კანონში ძალაში შესვლისთვის 14 ხმა დაგვაკლდა. მხარი სწორედ იმ ადამიანებმა არ დაგვიჭირეს, ვინც ყველაზე მეტ პოპულისტურ განცხადებებს აკეთებდნენ და აცხადებდნენ, რომ მეტად რადიკალები უნდა ვიყოთ. დაინტერესებულ პირებს ვთავაზობ, ამ კანონპროექტის განხილვას დაესწრონ, მათ დასწრებას უზრუნველვყოფ.

განსაკუთრებულად სამარცხვინოა ამბროლაურის მერის ჩართულობა აზარტულ თამაშებში. მას ჰგონია, რომ გვშურს მისი მოგებული ავტომობილის, მაგრამ არ ესმის, რომ ის ამბროლაურელი ახალგაზრდებისთვის აზარტული თამაშებთან ასოცირდება.

იმდენად შემაშფოთებელია აზარტულ თამაშებში ჩართული ადამინების მდგომარეობა, რომ ბრუნვამ 13 მილიარდს გადააჭარბა, აქედან 60 პროცენტი შავი ფულია, რომელსაც მთავრობა იყენებს. მოთამაშეებმა უკვე მოსახლეობის 30 პროცენტი შეადგინა, ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშობს ყველა, პოლიციელი, პარლამენტარი, მერი და ა.შ.“ - თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

width=550

აქციის დამსწრეებს პარლამენტარმა გედევან ფოფხაძემაც მიმართა. 

„ხელისუფლება არის ხალხის, მაგრამ დღის წესრიგს ხალხის ნაცვლად, ერთი ადამიანი ადგენს. ძალიან რთულია მართონ ის ადამიანები, რომლებსაც წარსული, აწმყო და ღირსება აქვს. სახლში მსხდომარე მოსახლეობის ნაწილი ყველაზე დიდი მოკავშირეა ხელისუფლებისთვის. ვისაც უნდა უკეთესი ხვალინდელი დღე, ერთად უნდა დავდგეთ. ვის სჭირდება მოთამაშეები? მათ, ვინც არ აპროტესტებს. იმისთვის, რომ ხალხმა გაიმარჯვოს, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ.“  - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

აქციის ორგანიზატორმა, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ თამარ ჯაფარიძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, რომ ისინი მთავრობის ქმედებებს დაელოდებიან და შედეგების მიხედვით გადაწყვეტენ, როგორ და რა ფორმით გააგრძელონ ბრძოლა ლუდომანიის წინააღმდეგ. 

„დღევანდელმა აქციამ იმედი ჩამისახა. პირველ ეტაპზე საკმაო რაოდენობის ადამიანები მოვიდნენ. ყველა მობრძანებულს მადლობა მინდა გადავუხადო, განსაკუთრებით ბერაძეების ოჯახს, რომლებმაც აქციის გამართვაში მხარი დაგვიჭირეს.

ცოტა ხანს მთავრობას დაველოდებით, რა გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაში პირველად გამართული აქცია აზარტული თამაშების წინააღმდეგ. ამის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფი მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ გავაგრძელებთ კამპანიას“ - ამბობს თამარ ჯაფარიძე.

width=550

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ სახელწმიფო კანცელარიასთან საქართველოში აზარტული თამაშების წინააღმდეგ, პირველი აქცია გაიმართა. საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა ახალგაზრდა ბიჭის, სანდრო ბერაძის თვითმკვლელობის შემდეგ შეიძინა.