ტყუილად აქ სიარულს ჯობია, რომ ძაღლი გამოვასეირნო - გვარამიამ პროკურატურა ერთ საათში დატოვა

20:02 11-01-2019
191

„ტყუილად აქ სიარულს ჯობია, რომ ძაღლი გამოვასეირნო ხოლმე, იმიტომ, რომ ვერ ვიცლი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურაში მისვლისას განაცხადა.

„აწი სულ ძაღლით მოვალ ხოლმე. გავასეირნებ. ვერ ვაკადრებ ედგარს იმას, რომ შევიყვანო და მოვასმენინო, მან იქნებ რამე გაიგოს, ანუ ჩამოვიდე ევოლუციის კიბეზე ცოტა დაბლა ედგარის მეშვეობით და იქნება კარგად გაარკვიოს, რას გვედავებიან ადამიანები უდიპლომო პროკურორის და ასევე უტვინო პროკურორის შენობაში. იგივენაირი პროკურორები და გამომძიებლები რომ იყვნენ, ეს არ არის გასაკვირი. მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ ედგარს ასეთი შეურაცყოფა არ მივაყენო და გარეთ დავტოვო...

ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ მისი მთავარი მოწინააღმდეგეები უნდა გაანეიტრალოს. ამ ქვეყანაში მე ერთ-ერთი მათგანი ვარ.“ - განაცხადა შესვლისას გვარამიამ.

მან პროკურატურა დაახლოებით ერთ საათში დატოვა. გამოსვლისას კი განაცხადა, რომ სადაო თემა არის ამჯერად მანქანა, რომელიც მას არ უყიდია და იყიდა მისმა მეუღლემ, რომელიც პროკურატურას არ დაუკითხავს.

„საერთოდ, პროკურატურას ჩვევაში აქვს, მე არ დამკითხოს და ისე წამიყენოს ბრალი. იქნებ განსაკუთრებული მტკიცებულება მაქვს, ან იქნებ, საერთოდ, ვაღიარებ ბრალს... ერთადერთი კითხვა მქონდა პროკურატურასთან - საერთოდაც პრემიის სახით რომ ამეღო ან მანქანა, ან თანხა და მერე ეს მანქანა მეყიდა, რას შვებოდნენ მერე, სად მიდიოდნენ? დანაშაულის შემადგენლობა ხომ არ დგებოდა, მათი აზრის სტანდარტითაც კი დანაშაულისგან. არ არის ამაზე პასუხი.“ - ამბობს გვარამია.

მისი განმარტებით მას ედავებიან მანქანაზე, რომელიც ჯერ არ ჰქონდა ნაყიდი - აიღო განვადებით და რაკი თანხა ვერ გადაიხადა, დააბრუნა და იხდის ჯარიმას.

„ამ ახალგაზრდა ბიჭებსაც, რომლებიც მე ბრალს მიყენებენ დღეს, ვხედავ ციხეში, სამწუხაროდ, მაგრამ ეს ასეა“, - აცხადებს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა.