„მინდა თავი მოვიკლა და ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს!“ - შშმ ქალი დუშეთის პანსიონიდან

19:41 11-01-2019
11081

„პრაიმტაიმს“ დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატიდან შუა ხნის ქალბატონი დაუკავშირდა. ამბობს, რომ არ იცის, როგორც უნდა გააგრძელოს ცხოვრება იმ ზეწოლის ფონზე, რომელსაც მისი თქმით, დაწესებულების დირექტორი ახორციელებს. გული სტკივა, რომ მას საკუთარი დიაგნოზის დავიწყების საშუალებას ნანი ჭკადუა არ აძლევს, „ინვალიდი ხარ“ - ასე მომმართავს ყოველ ჯერზეო.

თუმცა, თავის მდგომარეობას რა დაავიწყებს, როცა ეტლის გარეშე ვერსად გადაადგილდება, როცა დამოუკიდებლად თითქმის არაფერი შეუძლია, როცა მომვლელზე დამოკიდებულია და ამას, სხვა თანატოლი, უფროსი, ან უმცროსი ჯანმრთელი ადამიანების ნახვა ყოველ ჯერზე კითხვებს უახლებს - რატომ მაინცდამაინც ის?!.

„დუმილის დარღვევა იმიტომ გადავწყვიტე, რომ  ასე გაგრძელება უკვე შეუძლებელია. მეტის მოთმენა აღარც მინდა. არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო, როცა ჩემზე არის ზეწოლა, მინდა მოვიკლა თავი და ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

როცა იმის შესრულებას ვითხოვ, რაც მეკუთვნის და მეუბნება, ჩუმად იყავიო, როცა დაწესებულებაში ჟურნალისტები მოდიან და ოთახში გვამწყვდევს, რათა არაფერი გვკითხონ და არაფერი ვუპასუხოთ, როცა პამპერსის არმოცემითაც მემუქრება და პანსიონატიდან წასვლითაც მაშანტაჟებს, როგორ უნდა ვიცხოვრო? მეუბნება, რომ უნდა წახვიდე, შენ არ ხარ ღირსი, რომ დუშეთის პანსიონატში იცხვროო. რაც ყველაზე მეტად გულს მტკენს, ინვალიდს მეძახის და მე  ეს მტკივა,  არ ვიცი რომ ინვალიდი ვარ? ვიცი, რა თქმა უნდა, მაგრამ, დირექტორი ასე არ უნდა საუბრობდეს.

მე ღმერთისთვის არ მითხოვია გამაჩინე-მეთქი, არც ის მითხოვია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვყოფილიყავი და მით უმეტეს არც ის, რომ ყველასგან მიტოვებული ვიყო. დიაგნოზის გამო უცხო ადამიანებზეა ჩემი სიცოცხლე დამოკიდებული და ამის გამო, ჰგონიათ, რომ მე, ან სხვა მსგავსი პრობლემის მქონეებს, გული, თავმოყვარეობა ან ღირსება არ გვაქვს.  მე ზეწოლის მსხვერპლი ვარ, მინდა თავი მოვიკლა“ - ამბობს დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში მცხოვრები ქალი.

„პრაიმტაიმი“ დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ნანი ჭკადუას დაუკავშირდა. ის უარყოფს ბენეფიციარის ნაამბობს და აცხადებს, რომ მან იცის, სად მუშაობს და რა ევალება.

„ვხვდები, რომელ ბენეფიციარზეც საუბრობთ. სულ სხვა შემთხვევა მოხდა და ისე არაა, როგორც ამბობს. მე ვიცი სად ვმუშაობ და რა მევალება, ბენეფიციარებს  რა საჭიროებები აქვთ და მე რისი უზრუნველყოფა შემიძლია“ - ამბობს ნანი ჭკადუა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური