„დეზერტირი ვყოფილვარ და პოლიციაში გამომიძახეს“ - რომან გოცირიძის მორიგი სახალისო ინტერვიუ

18:47 11-01-2019
9

როგორ გახდა რომან გოცირიძე ფილოსოფოსის ნაცვლად, ეკონომისტი, რატომ ჩააბარა სამჯერ ერთსა და იმავე ფაკულტეტზე და რა პირობებში უწევდა ცხოვრება შორეულ აღმოსავლეთში ჯარში გაშვებულ „დეზერტირს“. დეპუტატი რომან გოცირიძე ახალგაზრდობის დროინდელ ამბებს „პრაიმტაიმთან“ პირველად იხსენებს.

„დეზერტირი ვყოფილვარ და პოლიციაში გამომიძახეს“

- სკოლის დამთავრების შემდეგ, ფილოსოფიის ფაკულტეტზე მინდოდა ჩამებარებინა, რომელიც მაშინ ძალიან ელიტურად ითვლებოდა, ასევე იყო ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტები. ყველა რაიკომის მდივანი, ქვეყნის მმართველი, ისტორიკოსი იყო და ალბათ, ამიტომაც იყო ასეთი მიზიდულობა. იურიდიულსა და სამედიცინოზე კორუფცია ძალიან დიდი იყო, ათეულ ათასი მანეთი გჭირდებოდა. როდესაც ჩაბარების წინ, ტესტი გავიარე, მითხრეს, ინგლისურში მაქსიმუმ ოთხს მინუსით მიიღებო, რაც სარისკო იყო, სამიანი კი ჩაჭრას ნიშნავდა. გადავწყვიტე, ზაფხულში უკეთესად მოვმზადებულიყავი და ჯარში რომ არ წავეყვანე, სადმე სხვაგან ჩავაბარებ-მეთქი. ავდექი და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. რამდენიმე თვე ვისწავლე, მივიღე ჯავშანი, საბჭოთა კავშირის ჯარში წაყვანას ავცდი და საბუთები გამოვიტანე. წელიწადში ორი გაწვევა ხდებოდა და მეორე ზაფხულში უწევდა, ვინაიდან, ჯავშანი არ მქონდა, კომისარიატში არ გამოვცხადდი. ვიფიქრე, ჩავაბარე და მაპატიებენ-მეთქი. ეს, საბჭოთა კანონებით, დეზერტირობა იყო. ამაზე მოგვიანებით გიამბობთ.

მოკლედ, თბილისში, ფასიანი მოსამზადებელი კურსები იყო, 49 მანეთიანი, სახელმწიფომ გახსნა და იქ ვიარე, მაგრამ უცხო ენაში მაღალი ქულის აღება ისევ სათუო იყო, დანარჩენ საგნებში პრობლემა არ მქონდა. ეკონომიკის ფაკულტეტზე ის სამი თვე სწავლა კი მომეწონა და ვიფიქრე, კარგი, ჯანდაბას, ისევ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარებ, ჯარს ისევ რომ ავცდე-მეთქი. ანუ, ახლა უკვე ხელმეორედ ჩავაბარე. მართალია, მომეწონა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიცოდი, ეს პროფესია მინდოდა, თუ - არა. საგნები კი მომეწონა - პოლიტიკური ეკონომიკა, დიალექტიკური მატერიალიზმი, ისტორიული მატერიალიზმი და ა.შ. საინტერესო იყო. მოკლედ, მე უკვე ძალიან მომწონს ამ ფაკულტეტზე სწავლა, მაგრამ ისევ ნოემბერი მოვიდა... სწორედ მაშინ გავიგე, რომ დეზერტირი ვყოფილვარ, პოლიციაში გამომიძახეს და მითხრეს, ან ციხეში უნდა წახვიდე, ან - ჯარშიო. ახლა უკვე მეორედ მომიწია უნივერსიტეტის დატოვებამ...

„ფსიქოლოგიურად რთული იყო, ერთმა ბიჭმა თითის მოჭრა გადაწყვიტა...“

- თავი შორეულ აღმოსავლეთში მიკრეს, ვლადივასტოკსა და ხაბაროვსკის შუა მდებარე ქალაქში, სადაც 6 თვით გამიშვეს სერჟანტების სკოლაში, რომელიც უმძიმესი სასწავლებელი იყო, ყოველ დილით ექვს კილომეტრს დავრბოდით. კლიმატი საშინელი იყო. 6 თვის შემდეგ, უარესი მოხდა, გაგვანაწილეს და მოვხვდი არმურის ოლქში, სადაც ზამთარში ყინვა 40 გრადუსი იყო. როცა სწავლებებზე მივყავდით, ძალიან თბილი ჩექმა და ტანსაცმელი გვეცვა. კარვებში ვცხოვრობდით, სადაც 24 საათი ენთო ნახშირის ღუმელი. პურს კი ხელის ხერხით ვჭრიდით. ამისი ატანა ბევრ ჯარისკაცს ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირდა, ფიზიკურად ძალიან ძლიერებსაც კი, სპორტსმენებს, ვაჟკაცებს, რადგან ჯარში სხვა კანონებია.

ერთ ბიჭს, რომელთანაც ძალიან ვმეგობრობდი, იმდენად უჭირდა გაძლება, გადაწყვიტა, ფეხის თითი განგებ მოეყინა, რომ მოეჭრათ... ჯარისკაცს ხომ გადასახვევი აცვია, „პარტიანკა“, ეს გაცილებით უკეთესია, თბილი და ჰიგიენური. მან გადაწყვიტა, ამას რომ შემოიხვევდა, რომელიმე თითი გარეთ დაეტოვებინა, იმ სიცივეში მოეყინებოდა, მოჭრიდნენ და სახლში გამოუშვებდნენ. ასეც მოიქცა. მივდივართ ამ თოვლში, სასროლეთზე და გამომიტყდა, ასე და ასე გავაკეთეო და იცოდე, ორ საათში სასწრაფოთი წამიყვანენო. ძალიან დიდი ხვეწნა დამჭირდა, რომ გადამერწმუნებინა... მერე, მოვამიზეზებინეთ, ვითომ, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და შუა გზიდან სანიტარულ ნაწილში წაიყვანეს. ასე გადარჩა იმ დღეს და მერე, ამ დეპრესიამაც  გაუარა.

„ღამით საწოლში წყალს ასხამდნენ, ვითომ, შარდვის შეუკავებლობა სჭირდათ“

- მახსოვს, მე რომ ჯარში ვიყავი, საბჭოთა კავშირში მაშინ ჩამოვიდა აშშ-ს პრეზიდენტი ფორდი. ნიქსონს იმპიჩმენტი მოუწყვეს, ფორდი ვიცე-პრეზიდენტი იყო და სწორედ ამ დროს ჩამოვიდა ის ვლადივოსტოკში, ბრეჟნევს უნდა შეხვედროდა, რომელიც გენერალური მდივანი იყო. ბრონირებულ მატარებელს ის ტერიტორია უნდა გაევლო, სადაც ჩვენი ჯარი იყო. საშინელი თოვლი წამოვიდა, ორი მეტრის სიმაღლის და ოთხი დღე და ღამე, არმურის ოლქის რკინიგზას ჯარისკაცები ვწმენდდით. 4 ღამე არ გვიძინია. ზოგი იმდენად ვერ უძლებდა ამ პირობებს, რომ ოღონდ საავადმყოფოში მოხვედრილიყვნენ და ღამით საწოლში წყალს ასხამდნენ, ვითომ, შარდვის შეუკავებლობა სჭირდათ. წაიყვანდნენ ჰოსპიტალში და 1-2 კვირა კარგი ჭამა-სმა გარანტირებული ჰქონდათ. ასეთი უცნაური შემთხვევები ყოველთვის გამახსოვრდება და იმ რუსის გვარი დღესაც მახსოვს. ბოლოს, დაინახეს, ამას რომ აკეთებდა და ჰაუტვახტში ჩააგდეს.

- თქვენ როგორ უძლებდით ასეთ მძიმე პირობებში ყოფნას?

- ეს ხასიათზეა დამოკიდებული, ფსიქოლოგიურად ყოველთვის სტაბილური ვიყავი. მე მაშინ ასეულის მეთაურად გამანაწილეს. იქ მიდის ბრძოლა არსებობისთვის, მათ შორის, ეროვნებებს შორის, ჩეჩნები და ქართველები ერთმანეთს ვეხმარებოდით. თუ ცოტა რაოდენობის ხარ, იქ ის გჯობნის, ვინც რიცხვობრივად მეტია. უზბეკი და რუსიც ბევრი იყო. ქართველები, კრიტიკული მასა იმდენი ვიყავით, რომელსაც ვერ დაჩაგრავდნენ, და ეს ბევრ რამეში კარგად ჩანდა ხოლმე. ხელუხლებლობდა რომ მოგეპოვებინა, პრინციპული ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო, არც ცემა-ტყეპისა და გაწევ-გამოწევის უნდა შეგშინებოდა. იყო შემთხვევები, როცა სიტუაცია დიპლომატიურად მოვაგვარე.

„ლექტორმა ჩემზე თქვა, ეს ბიჭი ცოტა დარტყმულიაო“

- ჯარიდან რომ ჩამოვედი, უნივერსიტეტში დავბრუნდი და ერთსა და იმავე ფაკულტეტზე უკვე მესამედ მივედი პირველ კურსზე. ჩემი დეკანი ნათელა მესხი იყო და როცა მეორედ მივედი, სტუდენტებს უთხრა, ეს ბიჭი ცოტა დარტყმულია, შარშან აქ იყო, მაგრამ სამ თვეში წავიდა და ახლა სამ თვეში ისევ წავაო...

კიდევ მესამედ რომ დავბრუნდი, ქალბატონ ნათელას უკვე ძალიან მოვეწონე, ეკონომიკის ერთგული გავხდი, მეორეს მხრივ, უპრობლემოდ ვაბარებდი ხოლმე, რაც იმ დროს, რთული იყო და ძალიან დავმეგობრდით. მეორე კურსზე, ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიანტი გავხდი, მესამე კურსზე კი ლენინის სახელობის სტიპენდიანტი, 120 მანეთი იყო, რაც ინჟინრის ხელფასს უდრიდა და მნიშვნელობით უტოლდებოდა ნობელის პრემიას ახალგაზრდებში. ასპირანტურაც დავამთავრე და ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, ჩავები, მერე, ვიყავი „სახალხო ფრონტში“, არაერთგზის დეპუტატი, ასევე, მთავრობაში, ეროვნულ ბანკში, ახლა კი მეოთხეჯერ ვარ დეპუტატი, მაგრამ მანამდე, ერთ წელზე მეტხანს არ ვყოფილვარ, ან იშლებოდა ან მე გადავყავდი სხვა პოზიციაზე და ახლა, ის პარლამენტია, რომელიც, როგორც ჩანს, არ დაიშლება და პირველად ამოვწურავ ჩემს სადეპუტატო ვადას.

„ხელის სასწორი სახლში ჩემს ცოლს გამოვართვი, ეს ჩანთა ჩუმად ჩამოვკიდე ზედ“

- როცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ის რევოლუციური საგადასახადო კოდექსი სწორედ ჩვენი მიღებულია. საქართველოში 25-მდე გადასახადი იყო და ექვსამდე დავიდა. როდესაც საგადასახადო ტვირთის შემცირებაზე მიდიოდა საუბარი, ბიზნესისთვის ასეთი სიგნალი მინდოდა მიმეცა - საქართველოში ახალი ცხოვრება იწყება, ახალი საგადასახადო გარემო, ამას კი ხატოვანი ჩვენება უნდოდა.

ამიტომ, პარლამენტის სხდომაზე ტრიბუნაზე ავედი და ვსაუბრობ, თუ როგორი მძიმე იყო ჩვენი საგადასახადო ტვირთი. გვერდით, ჩანთა მქონდა დამალული, ხელის სასწორი სახლში ჩემს ცოლს გამოვართვი, ეს ჩანთა ჩუმად ჩამოვკიდე ზედ და ვთქვი, აი, ჩვენი საგადასახადო კოდექსი იყო მძიმე, 25 კილომდე და ახლა აქამდე ჩამოვიდა-მეთქი. ამ, საგადასახადო ტვირთის აწონვის სიმბოლომ მაშინ მთელი მსოფლიოს სააგენტოები მოიარა და ყველა ქართულ გაზეთში პირველ გვერდზე იყო ფოტო (იცინის). ამით გაჩნდა პირველი სიგნალი, რომ საქართველო არის „საგადასახადო სამოთხე“. მერე, ბევრი ლიბერალური რეფორმა გატარდა.

 

ავტორი: თამთა დადეშელი