ქუთაისში მოსწავლეებს გაკვეთილები, ოთახების სიმცირის გამო, დირექტორის ოთახში უტარდებათ

14:58 11-01-2019
60

ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც მოსწავლეები ე.წ. არაფორმალურ განათლებას იღებენ, სკამები და საკლასო ოთახები საკმარის არ აქვთ. ამიტომაც სამი ბავშვს ერთი სკამის, ხოლო დირექტორს საკუთარი კაბინეტის მოსწავლეებისთვის გაყოფა უწევთ.
 
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი მარინა მარჯანიშვილი ამბობს, რვა წელია არასათანადო პირობებში უწევთ გაკვეთილების ჩატარება. მისივე თქმით, მერიას ალეტრნატიული ფართის გამოყოფის თხოვნით წლებია აწუხებენ. თუმცა, მერიაში მხოლოდ იმას ამბობენ, საკითხზე მუშაობენ.

„ფიზიკურად ვეღარ ვეტევით. წარმოუდგენელია ორ სართულზე 2 000 მოსწავლე დაატიო. ერთმანეთს აზიან ბავშვები“, - ამბობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი მარინა მარჯანიშვილი.

ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თამარ მეფის ქუჩაზე აბრეშუმ კომბინატის ქარხნის ყოფილ შენობაშია განთავსებული. სამსართულიანი შენობის ორი სართული მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს უჭირავს, სადაც დაახლოებით 12-მდე ოთახია. თუმცა, მათი ნაწილი ამორტიზებულია. სასახლეში ამბობენ, რომ შენობა ავარიულია, რის გამოც ობიექტი, მათი თქმით, რემონტსაც აღარ ექვემდებარება.

ბავშვებისთვის სკოლაში 37 სხვადასხვა მიმართულებით სწავლა უფასოა. საგანმანათლებლო დაწესებულებას 58 თანამშრომელი ჰყავს, აქედან 43 პედაგოგია.