აფეთქება ქარელში - არის დაშავებული

11:32 11-01-2019
65

ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დევნილებით დასახლებულ ერთ-ერთ კორპუსში აფეთქების შედეგად ადამიანი დაშავდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.

აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩამსხვრეულია მინები. ასევე, დაზიანებულია ეზოში მდგარი 1 ავტომობილი.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 58 წლის მამაკაცი, რომელიც გადაყვანილია სტაციონარში და  შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან განახორციელეს მოქალაქეთა ევაკუაცია.

ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გაზის საავარიო ჯგუფის წარმომადგენლები და ყველა შესაბამისი სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.