„შეუძლებელია, არ განიცდიდე“ - ქეთევან ციხელაშვილი ოკუპაციაზე

19:37 10-31-2019

„ჩვენ მშვიდობის ჯარისკაცები ვართ“

 სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი ოკუპაციასთან დაკავშირებულ თემებზე „პრაიმტაიმს“ ვრცლად ესაუბრება:

– როგორც იცით, ჩვენი სამინისტრო სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან მიმართულებაზე მუშაობს, რომელიც ქართულ–აფხაზურ და ქართულ–ოსურ ურთიერთობებს ეხება, ასევე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას და მშვიდობიანი გზით, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისკენ სწრაფვას. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება სამოქალაქო ინტეგრაციას უკავშირდება, რომელიც თანასწორობის პრინციპს ეფუძნება, ყველა მოქალაქის, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა.

- როგორია თქვენი პოლიტიკა? თქვენ როგორ აფასებთ?

- ჩვენ ძალიან დინამიური სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად რეაგირების რეჟიმში გვიწევს ყოფნა, თითქმის ყოველდღიურ პროვოკაციებსა და გამოწვევებზე. ბოლო წლის მთავარი სიახლე გახლავთ ის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ და შემდგომ, პარლამენტმა, ფაქტობრივად, ერთხმად, წინააღმდეგობის გარეშე დაამტკიცა. ეს არის საკანონმდებლო პაკეტი, ახლებური და კომპლექსური სამშვიდობო ინიციატივა, არაერთი ცვლილება ცხრა კანონში შევიდა. წითელი ხაზების დარღვევის გარეშე უნდა მოვძებნოთ ჰუმანიტარული გამოსავალი და ყველაფერი სტატუსის საკითხს არ ჩავაბათ. მნიშვნელოვანია, ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ, განათლების მიღების რეალური შესაძლებლობების შეთავაზებები, სერვისებზე წვდომის გამარტივება, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის პროცედურის გამარტივება – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს, ეს ახლა უკვე ათ დღეში შეუძლიათ.

- „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ - ამ პროექტზე რას გვეტყვით?

- რამდენიმე არხია, რომელიც მსხვილ პროექტებზე მუშაობს და წელს პირველად ავამოქმედეთ „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც, ასევე, პირველად, შესაძლებელს ხდის გრანტებზე წვდომას, გამყოფი ხაზების გასწვრივ კი ეკონომიკური საქმიანობის წარმოების შესაძლებლობას. ინტერესი ასეულობით ადამიანმა გამოთქვა და უამრავი განაცხადი შემოვიდა, ვიდრე, ველოდებოდით. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ინიციატივა გამართლებული და დროულია.

იცით, რომ ახალგორის მიმართულებით, ორი თვეა, გადაადგილება საერთოდ შეზღუდულია და მოსახლეობა მძევლის პოზიციაში იმყოფება, ათობით ადამიანი გვიკავშირდება და მერწმუნეთ, ამით არა მხოლოდ ქართველები, იქაური ყველა მაცხოვრებელი ზარალდება, ამიტომ, ამ გადასასვლელის გახსნა, ერთ–ერთი მთავარი საკითხია. ვხედავთ, რომ წლებია, ბარიკადები მუდმივად იზრდება, ამ გამოწვევებთან გამკლავება აცილებელია, რთულია, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ. მიუხედავად ამ პრობლემებისა, ადამიანებთან კონტაქტები იზრდება და დანარჩენ საქართველოსთან მჭიდრო კავშირი უფრო მეტად აინტერესებთ.

– შიშის მომენტი არ აქვთ? ცნობილია, რომ ამის გამო, პრობლემები ექმნებათ ადგილობრივად. რას აღნიშნავენ ისინი პირად საუბრებში?

– რაც უფრო მაღალია ასეთი ბარიკადები, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ორმაგი და სამმაგი ძალისხმევა უნდა გავიღოთ, რათა ეს ხიდები გავაბათ. დიახ, ადამიანებზე, საუბედუროდ, არის ზეწოლა და კონკრეტულ სტატისტიკაზეც ვსაუბრობთ ხოლმე, დაკავებულთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, რასაც თვითონვე აქვეყნებს რუსული „ეფესბე“. შარშან ექვსჯერ მეტი ადამიანი დააკავეს ცხინვალის რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის სურვილის გამო და ამის საშუალება არ მისცეს. ხშირად, შეხვედრები მალულად ხდება, რომ იქ პრობლემები არ შეექმნათ, იმ პირების უსაფრთხოებას ვუფრთხილდებით, ამიტომ ჩვენი საქმეების 70% გაუსაჯაროებელია. საქმის გაკეთებაა მნიშვნელოვანი.

– ქართველი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მაგალითად, გალში მცხოვრებ ადამიანებს ე.წ. პასპორტის აღებას აიძულებენ და ე.წ. ჯარში მიჰყავთ. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით და რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ ასეთ შემთხვევებში?

- გალის მოსახლეობა ბევრი თვალსაზრისითაა დისკრიმინაციული პოლიტიკის მსხვერპლი. ძირითადი პრობლემა ის არის, რომ მათ ე.წ. ადგილობრივ დოკუმენტებთან წვდომა საერთოდ არ აქვთ, შესაბამისად, არც რაიმე უფლებები გააჩნიათ. ჩვენ, და არც არავინ მსოფლიოში, იმ დოკუმენტების ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ. მათ არ აქვთ არც საკუთრების უფლება, არც მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ერთადერთი ჯგუფია. საუბარია, მიწის გადასახადებზე და ზოგადად იმ მოპყრობაზე, რომელიც მათ მიმართაა და იგივე ვრცელდება ახალგორშიც.

 ეს, საკმაოდ ორკესტრირებული პოლიტიკაა და უფრო ფართოდ თუ გავიხედავთ, ანალოგიებს სხვა კონფლიქტურ სიტუაციებშიც ვნახავთ, ჩვენს სამეზობლოში, იგივე, მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. საოკუპაციო რეჟიმს ასეთი ხელწერა აქვს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობას იმით დავეხმაროთ, რაც შეგვიძლია. პირველი და უმნიშვნელოვანესი ის არის, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მუდმივი ძალისხმევა უნდა გავიღოთ.

იგივე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში იმაზე ვმუშაობთ, რომ საერთაშორისო მექანიზმებს ჰქონდეთ წვდომა, თუმა, იცით, რომ მათაც ძალიან ეშლებათ ხელი. აფხაზეთში სულ რამდენიმე ორგანიზაციაა, ცხინვალში კი არც არიან წარმოდგენილები საერთაშორისო პარტნიორები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გარდა, რაც ვითარებას ძალიან ართულებს.

 ჩვენი ამოცანაა, მათთვის გარკვეული სერვისები ხელმისაწვდომი გავხადოთ - ჯანდაცვა, განათლება. მაგალითად, წელს, გალიდან და ახალგორიდან ორჯერ მეტი სტუდენტი გვყავს, ახალი პროგრამის ფარგლებში. სკოლის შემდგომი მოსამზადებელი უფასო ცენტრი შევქმენით, სადაც სტუდენტები  სტიპენდიას იღებენ და უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ხვდებიან. წელს, 129 ახალგაზრდამ ისარგებლა, ძირითადად, გალიდან. ამას დაემატა ის 178 სტუდენტი, რომელიც ასევე წელს პირველად, უგამოცდოდ ჩავრიცხეთ. სწორედ იმიტომ, რომ ეროვნული გამოცდების დროს, ბავშვებს მიზანმიმართულად ჩაუკეტეს გადაადგილების შესაძლებლობა და ძლივს გადმოვიყვანეთ, ნაწილმა კი ეს საერთოდ ვერ მოახერხა. იმისათვის, რომ სტრესული და მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოტივირებული ახალგაზრდები არ დაჩაგრულიყვნენ, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ისინი უგამოცდოდ ჩაგვერიცხა. 150-ის ნაცვლად, 360-ზე მეტი სტუდენტი გვყავს, რაც ძალიან მახარებს.

- ჯანდაცვის პროგრამები ჩვეულებრივ გრძელდება?

- იცით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას უფასო რეფერალური პროგრამა ემსახურება, მსურველთა რიცხვი კი კიდევ უფრო იზრდება და მიუხედავად გადაადგილების პრობლემისა, მაინც ახერხებენ სხვადასხვა გზებით ჩამოსვლას და  სარგებლობას. ამ ნაკადს ვერ შეაჩერებენ. სასწრაფო გადაუდებელ დახმარებასაც ჩვეულებრივად იღებენ.

 ჩვენი ჩართულობის პოლიტიკა სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკაზე, გარემოს საკითხებზე ვრცელდება, მაგალითად, გვახსოვს, ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც მავთულხლართებს არ სცნობს (იცინის) და მთლიანად რეგიონს აწუხებს.

- კულტურული ძეგლების პრობლემასაც შევეხოთ.

- ეს პრობლემა, სამწუხაროდ, კვლავ მწვავედ დგას, მოგეხსენებათ და სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ეფექტური ზომების მიღება ვერ ხერხდება. ეს პროცესი, გარკვეულწილად, შეკავდა, უფრო აფხაზეთის მიმართულებით, ბევრ ძეგლს სრულიად სხვა, რეგიონისთვის უჩვეულო, რუსული ეკლესიების იერსახე აქვს. მათი სახელდახელო შეკეთება ბეტონითა და სხვადასხვა მასალით ხდება, რომელიც არცერთ სტანდარტში არ ჯდება. წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი ძეგლი ფიზიკური განადგურდა, ბევრ ძეგლს შეეცვალა იერსახე, კონსერვაცია არ ხერხდება და ყველაზე მძიმე ისაა, რომ მიზანმიმართული ობლიტერაცია ხდება, დაზიანება, კვალის წაშლა - ქართული წარწერების, მეფეთა ფრესკების და ა.შ. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ჩამოფხეკვა, დაზიანება ხდება. „შავი არქეოლოგია“ უმძიმესი პრობლემაა, ეროვნული საგანძური შავ ბაზარზე გადის. ჟენევაში ამ თემებზე ხშირად გვაქვს საუბარი. ეს ძეგლები ბევრი აფხაზისთვისაც მნიშვნელოვანია და ასეთი დაზიანება არ უნდა მოხდეს, საერთო მემკვიდრეობაა და სწორედ ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ.

 ვცდილობთ, ვითანამშრომლოთ და ამ საკითხზე გარკვეული შეხვედრები იმართება ორმხრივ ფორმატში. ამ ძეგლებს შენარჩუნება სჭირდება, ეს მომავალი თაობებისთვისაა მნიშვნელოვანი.

 ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში კონტაქტები, პირად, არაფორმალურ და ყველა დონეზე, გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე წინა წლების განმავლობაში ყოფილა. ეს ისეთი საკითხებია, რასაც საჯაროდ ვერ ვიტყვი.

- აფხაზეთთან დაკავშირებით, ყველა ადამიანს თავისი დამოკიდებულება, სენტიმენტები აქვს, თქვენ რა მოგონებები გაკავშირებთ ამ მხარესთან?

- მე უკვე ისე ვარ ამ პროცესში ჩართული, რომ სენტიმენტებზე რა გითხრათ, ეს უკვე ჩემი ცხოვრების, ყოველდღიურობის ნაწილია. ძალიან ემოციური სფეროა. მოგონებები, ბავშვობიდან მოყოლობული, ყველას გვაკავშირებს აფხაზეთთან. 20 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ, როგორც თანამშრომელი და ბოლო წლებში, ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება, დევნილებთან, შვილმკვდარ დედებთან, უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრებთან, რომელთათვისაც აფხაზეთი მთელი სიცოცხლეა, მავთულხლართებთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებთან,  24 საათიან რეჟიმშია ამ პრობლემის განცდა. მე ამით ვცხოვრობ ეს ბოლო წლებია, შეუძლებელია, არ განიცდიდე და თანაგრძნობის თუ ჩართულობის ემოციური გრძნობა არ გქონდეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, პოლიტიკა ვაკეთოთ ემოციურად. ესეც ერთგვარი გამოწვევაა. ცოცხალი პრობლემა გვაქვს მიმდინარე ოკუპაციის სახით და დიდი გონიერება გვჭირდება, ემოციებისგან თავისუფალი დამოკიდებულებები იმისთვის, რომ რეალურ საფრთხეებს, პროვოკაციებს და ესკალაციას მოვერიდოთ. მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მშვიდად ვერ ვიქნებით.

 პოლიტიკური ოპონენტები მანიპულირებენ ხოლმე, მშვიდად და წყნარად ხართო, პირიქით, საუბედუროდ, ვერ ვართ, მაგრამ მშვიდობიანი გზით ამ საკითხების მოგვარება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა აღარ გვქონდეს დანაკარგი და არ გვყავდეს დამატებით დევნილთა ტალღა. განვითარების კურსის ურყევობა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გონიერი, ფრთხილი და პრინციპული პოლიტიკა გვაქვს, რომელიც უამრავ ენერგიას მოითხოვს. ეს არის ბრძოლა მშვიდობიანი მეთოდებით. ჩვენ მშვიდობის ჯარისკაცები ვართ.

როცა მინისტრად დავინიშნე,  იცით, პირველ შეხვედრაზე, რა მითხრეს შვილმკვდარმა დედებმა? ეს არასდროს დამავიწყდება, ძალიან ემოციური შეხვედრა იყო... იმის მაგივრად, რომ პირად პრობლემებზე ესაუბრათ, მითხრეს, თუ ქვეყნისთვის საჭირო იქნება, პირველები ჩვენ გადავალთ ხიდზე და მშვიდობის მანდილს ავწევთო, ჩვენ გავუწვდით შერიგების ხელსო. წარმოგიდგენიათ? როდესაც ასეთი ადამიანები არსებობენ, ასეთი ძლიერი და მტკიცე, ამხელა ტკივილის მატარებელი, არავის აქვს უფლება, სხვანაირად იფიქროს. მათ ყველაზე კარგად იციან, კონფლიქტის და ომის ფასი და როცა ისინი ამბობენ, რომ ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს, ასეთი ტკვილი აღარავინ უნდა იგრძნოს, ვფიქრობ, ყველაზე დიდი სტიმულიცაა და შთაგონებაც. ჩვენ სწორი გზით მივდივართ და ამ კურსს შედეგი აუცილებლად ექნება!

ავტორი: თამთა დადეშელი