ის რაც პეტრე ცაავას სინოდის სხდომაზე არ წააკითხეს

17:50 10-31-2019

იმისათვის, რომ ბოლომდე წაეკითხა განწესება, რომელიც სინოდის სხდომაზე შეაწყვეტინეს, ეპისკოპოსობააყრილმა პეტრე ცაავამ „მთავარ არხზე“ პირდაპირ ეთერში ჩართვა მოითხოვა.

ის აცხადებს, რომ მეუფე პეტრემ იცრუა, როცა განაცხადა, რომ პეტრე სხდომიდან ხელით გაიყვანეს.

„ხელით არ გავუყვანივართ. იყო მცდელობა. ცრუობს მეუფე ნიკოლოზი. ჩემით გავედი“ - განმარტავს ის.

„იცოდეთ, თუ რას ვამბობდი და რისი საშუალება არ მომეცა. ახლა წაგიკითხავთ რუის-ურბნისის ადგილობრივი კრების მე-18 განწესებას, რომელიც არის სჯულის კანონთან გათანაბრებული და რომელიც დავით აღმაშენებლისა და წმინდა კრების კანონით სავალდებულო იყო ყოველი ქართველისათვის და ასევე დაფაზე იყო დაწერილი და ყველა ეკლესია-მონასტერში იყო გაკრული, როგორც სავალდებულო შესასრულებელი კანონი.

„ღვთის გამამწარებელი უბიწესი საძაგლობაა სოდომური ცოდვა. არ ვიცით როგორ შეეთვისა ამ მოდგმას, ანუ ქართველ ერს. მან სულ ჩამოაშორა იგი და გააუცხოვა ღვთისაგან, ვისთანაც მან განსასვენებელი ჰპოვა. მათთვის ვადგენთ შემდეგს:

მრავალგზის მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა მტრობა, შური, სიძულვილი, კაცის კვლა, მრუშობა, ცრუფიცობა. ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი კერპთმსახურება და თაყვანისცემის გადატანა კერპებზე, დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ, მაგრამ არცერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი“ - მინდა ამას მიაქციოთ ყურადღება. აუღელვებელი ღმერთი აღელდა მხოლოდ ამ ცოდვის გამო, - „თვითონ უთხრა აბრაამს (აბრაამი არის მართალთა წიაღის მამამთავარი), სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად“ - აქ გამაწყვეტინეს უკვე, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვითხოვე, ბოლომდე წამეკითხა და კომენტარი მერე გამეკეთებინა - „ღვთისაგან სამსახურებრივად გაჩენილი ნივთები თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ როგორ შეიცვლიან ბუნების ძალას და ცოდვის აღსაგმელად უცხო ქმედების უნარს შეიძენენ. მუდამ აღმა მოძრავი ეთერის ცეცხლის მსუბუქი ბუნება, როგორც რაღაც სქელი და მძიმე, დაღმა ჩამოედინება და მძაფრი წვიმის საშინელებით ჩქეფს, გოგირთთან არეული, რადგან დაფერფლოს მრავალი ადამიანის უკეთური სიბილწე, ხოლო ჰაერის ნაზი, თხელი და უფერული ბუნება, რომელიც ცოცხალ არსებათა სუნთქვისა და სიცოცხლის მიზეზია, შეიცვლის თავის ხშირი ალმურის სისქეს...

ამასთან ერთად მიწა მყარი, მტკიცე და მასზე დამყარებული სხეულთა მტვირთველი, ვეღარ იტვირთავს მათ საძაგელ სიბილწეს. პირველად შესძრავს თავის საფუძველს, სიღრმიდან ამოდუღებული ჰაერით ამოიტანს თავისი სიმტკიცის საფუძველს და მიწაში ჩააქცევს მათი მაღალი კოშკებისა და ტაძრების სიმაგრეს, შემდეგ გააღებს მანამდე გაუღებელ პირს და ჩაყლაპავს არა არსებებს, არამედ უკვე დამწვარ ძვლებსა და ოდესღაც ადამიანად ყოფილ რაღაც საწყალობელ ნეშტებს. წყალიც უცხოდ და შეუცვლელად გამოიყურება მათთვის და აღარ არის შვების მომგვრელი და მოსახმარი. იგი მათი ნეშტის აღსახოცად მოედინება მათეული ქვეყნის მიწაზე, უფრო კი მათ საფლავად ქმნილ ჯოჯოხეთზე ისე შეცვლილი ბუნებით სხვა წყლებისგან ისინი აჭარბებენ სხვა ადამიანებს წრეგადასული სიბილწით. ამ უსჯულოებამ უმრავლესი ქვეყნების დამპყრობელი ასურასტანელთა სამეფო სპარსთა და მიდთა ტყვედ აქცია და სრულიად აღმოფხვრა სახსენებელი არამხოლოდ მეფისა და ძალაუფლების მქონეთა, არამედ საერთოდ კაცობისა.

ამ ცოდვამ სომეხთა დიდი და მსოფლიოში ყველა მხარეში ხმაგავარდნილი მოდგმა სამეფოთი და მთავრებით არამარტო დაამხო და დაამდაბლა, არამედ სულ მოსპო კაცთა შორის მათი სახელი. დღეს ვერ იპოვი მათ შორის ვერც მეფესა და ვერც მთავარს, რომელსაც დაუმონებელი თავისუფლება ჰქონდეს. მთელი დედამიწა რომ მოიაროთ, ამ სიბილწემ სპარსთა მაღალი და რომის სამეფოს მარად მოწინააღმდეგე სამფლობელო მხეცის ბუნების მქონე ავაზაკი კაცების თავსხმებით მიწადვე დაამდაბლა და აქამდე მათი ძალადობის მორჩილად დატოვა. არ ვიცით, თუ საიდან შემოაღწია ამ უბედურებამ ქრისტეს მოღვაწედ სახელდებულ ერში. რა იარება იყო ბელიარესი ქრისტესთანა, რომ უცხო ტომთა ხელში ჩავარდნით და მათი მახვილის მოქმედებით, ისრაელის ნეჟღა დაგვრჩა. თუ დავრჩით იმავე უკეთურებაზე, ვაი ჩვენდა. თუ დავდუმდით და აღარ ვთქვით ეს ძნელი სენი, ყველასთვის რომ ცხადია, ჩვენც ხომ უნდა მოვერიდოთ ამას. ამისთის ვამცნებთ ყველას, დიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და მთავარს, აზნაურსა და მდაბიოს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუა ხნის კაცს, ყველა თანამდებობასა და ჯგუფს, ყველა ასაკს:

განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ, არათუ მარტო არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ თუნდაც ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად, ხოლო იმქვეყნად ამ ცოდვის ჩამდენს მიიღებს იგი ვინც დადის უფლის წინაშე და სწვავს ირგვლივ ღმერთის მტრებს.

ხორცის სიყვარული ღვთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღმრთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის. ამასთან ერთად, ჩვენგან, საღვთო მონობის ღირსქმნილი უღირსი მონებისაგან, ვაი ჩვენდა! ისინი დაიმკვიდრებენ არა კურთხევას, არამედ საუკუნო შერცხვენასა და მხილებას“ - ეს არის სრული სტენოგრამა იმ განწესების, რომლის წაკითხვის საშუალება მამა პეტრე ცაავას არ მიეცა.

შეგახსენებთ, რომ მეუფეს დღეს მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჩამოერთვა. სხდომის დატოვების შემდეგ მან პატრიარქი უხამსად მოიხსენია.