შოკის მდგომარეობიდან გელაპარაკებით - მამა ილია ჭიღლაძე მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებაზე

15:03 10-31-2019
5

„მეუფე პეტრეს განკვეთა არ არის გამოსავალი, პირიქით, ეს საპატრიარქოს იმიჯს, სახელს უფრო დაამძიმებს“,- ამის შესახებ მამა ილია ჭიღლაძემ განაცხადა.

ამ წუთებში ისევე, როგორც ნებისმიერი ქართველი, შოკის მდგომარეობიდან გელაპარაკებით. ეს ყველაფერი საქართველოს ეკლესიის უდიდეს კრიზისზე მეტყველებს. დაველოდოთ წმინდა სინოდის ოქმს, განცხადებას და ვნახოთ რა სახით იქნება ჩამოყალიბებული.

მეუფე პეტრეს განკვეთა არ არის გამოსავალი, პირიქით, ეს საპატრიარქოს იმიჯს, სახელს უფრო დაამძიმებს. ეს ყველაფერი კი არ გამოიყვანს ეკლესიას პრობლემებიდან, არამედ უფრო მეტად საშინელ მდგომარეობაში ჩააგდებს.

საქართველოს საპატრიარქოს შემადგენლობაში ყოფნა არის აუტანელი, რადგანაც სრული ურთიერთდაპირისპირება, განუკითხაობა, ანარქია და ანტიკანონიკური ქაოსია. გამოსავალი არის საეკლესიო კრებაში და არა ამდაგვარი სინოდის შეკრებებში, რომელიც მხოლოდ ორ დღეში იკრიბება და ნაწილმა საერთოდ არ იცის განსახილველი საკითხები. საჭიროა საეკლესიო კრება, რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობს და საკითხებს სიღრმისეულად მიმოიხილავს“,- განაცხადა მამა ილია ჭიღლაძემ.

მამა ილია ჭიღლაძე ასევე შეეხო გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხსაც.

„ამდენი სკანდალის, მოთხოვნის, ხვეწნის, გარჩევის შემდეგ სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტს მამალაძის საქმეზე მიმართოს. ეს ყველაფერი შეიძლებოდა ერთი ან ნახევარი წლის წინ გაკეთებულიყო. მთელი რიგი ფაქტები, გადაწყვეტილებები ან ძალიან დაგვიანებულია ან არასწორად არის გადაწყვეტილი. სახეზეა ეს კატასტროფული მდგომარეობა“,- განაცხადა მამა ილია ჭიღლაძემ.

ცნობისთვის, დღეს სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ პატრიარქმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა.