ვისურვებდი ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც ცეცხლში გაატარებს ეკლესიას - დეკანოზი თამაზ ლომიძე

14:40 10-31-2019
85

ვისურვებდი, რომ მალე საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს საქმიანი და სამართლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც ცეცხლში გავლას აიძულებს ეკლესიას,- ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს ეკლესიისთვის საუკეთესო მდგომარეობაა.

„რამ მიიყვანა საქართველოს ეკლესია ამ უმძიმეს მდგომარეობამდე? ცალსახა პასუხია: უკონტროლო და გაუაზრებელმა პრივილეგიებმა. რადგან ჩვენი ეკლესიისთვის საუკეთესო მინდა, ვიტყვი მთელი რწმენით და პასუხისმგებლობით: ვისურვებდი ღვთის წინაშე, რომ მალე საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს საქმიანი და სამართლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც მორჩება გარეგნულ, მონურ რევერანსებს ეკლესიის წინაშე და უმკაცრესი კონტროლის და მწვავე კრიტიკის ქვეშ ჩააყენებს ეკლესიას, რომელიც ეკლესიას კვლავ აიძულებს დაიკავოს დევნილის და ჩაგრულის პოზიცია, რომელიც ცეცხლში გავლას აიძულებს ეკლესიას და თვითკმაყოფილებისა და უდარდელობისაგან კვლავ საბრძოლო მდგომარეობაში ჩადგომას აიძულებს მას. ზოგადად ესაა ეკლესიისთვის საუკეთესო მდგომარეობა და როგორც ჩანს ყველას სხვა პოზიცია განსაკუთრებით დამღუპველია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. დევნილი ეკლესია არის უძლიერესი ეკლესია“,- წერს თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ პატრიარქმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა