მას საქართველოში აღარავინ აცოცხლებდა - მანანა არჩვაძე ზვიად გამსახურდიას ემოციებზე (ვიდეო)

13:20 10-31-2019
205

სულ პროტესტი მქონდა, არ მინდოდა, რომ ზვიადი საქართველოში დაბრუნებულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლემ მანანა არჩვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მანანა არჩვაძემ ზვიად გამსახურდიას გროზნოდან საქართველოში დაბრუნების პერიოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მან იცოდა, ზვიადს ქვეყანაში აუცილებლად მოკლავდნენ. 

„მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომ ზვიადი საქართველოში დაბრუნებულიყო. აღდგომის დღესასწაულზე ჩემი პროტესტი მქონდა, ზვიადი გამოვიდა და მითხრა - „მესმის შენი პროტესტი სამართლიანია, მაგრამ თუ შეიძლება ჩემი სადღეგრძელოა და უნდა შემოხვიდე ძალიან გთხოვო“, არ შემოვალ-მეთქი. ჩემი სადღეგრძელო იცით სად იქნება? როდესაც საქართველოში მოხდება ის, რაც დაიწყო და არა ახლა. ზვიადი თავისთავად ყველაფერს მეტად განიცდიდა. შენ რუხი ფერის კოსტუმი გაცვია, სულ გაგითეთრდა თმა და სახის ფერიც შეგეცვალა, მაგრამ არაფერს მეუბნები. ისეთ განცდებში იყო არაფერს მეუბნებოდა მე კი სულ ვტიროდი და ბოლოს ვიფიქრე იქნებ რაიმენაირად გავჩერდე-თქო, შიმშილობაც კი გამოვაცხადე. ზვიადის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის ყურება აღარ შემეძლო. მაშინ ვუთხარი, ზვიად თუ აქ იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ შენ საქართველოში დაბრუნება გთხოვონ ან რაღაც ილუზიები განავითარონ, საქართველოში ცხენისწყალს, როგორც გადააბიჯებ შენ სლავა მინჯიას ბედს გაიზიარებ-მეთქი. დავტოვე ოთახი და გამოვედი, ჩემთვის ეს იყო მომაკვდინებელი. საქართველოში ზვიადის დაბრუნება იყო სიკვდილი, მას არავინ არ აცოცხლებდა.

როდესაც მიფრინავდა მითხრა, რომ აივანზე გავიდეთო. უცებ ავიხედე, ცას შევხედე და ფრინველები დავინახეთ. ზვიადმაც გახედა, ხმა აღარ ამოგვიღია არცერთს. ალბათ ერთმანეთის აზრებს ვკითხულობდით. ერთი საათი ვისხედით ასე. ვერ დაიწყო ზვიადმა ჩემთან საუბარი... დილით ადრიანად დაგვადგნენ უნდა წამოვიდეს საქართველოში და რომ გადავეხვიეთ ერთმანეთს მითხრა, რომ მე შენთვის არასდროს მომიტყუებიაო, არა-თქო ვუპასუხე და მითხრა რამდენიმე თვეში შენც წაგიყვან და ბავშვებსაცო“, - განაცხადა პირველი პრეზიდენტის ცოლმა.



ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი